შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№466აპ-16 18 იანვარი, 2017 წელი
ს-ი ა, 466აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ა.ს-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 111,138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ჩადენილი არაერთგზის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრთან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი. ა. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· გაუპატიურებისთვის ნასამართლევმა ა. ს-მა 2013 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ. ქ-ში, რ-ის გ-ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა თოთხმეტ წელს მიუღწეველ დისშვილთან - თ. ლ-თან. აღნიშნულის შემდეგ დაემუქრა მოკვლით არასრულწლოვან დაზარალებულს და პერიოდულად, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამყარებდა მასთან სქესობრივ კონტაქტს, კერძოდ: 2013 წლის გაზაფხულზე ა. ს-მა სქესობრივი კავშირი დაამყარა თ. ლ-თან ქ.ქ-ში, ა-ის გ-ზე მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში. ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედება გრძელდებოდა თ-ის რესპუბლიკაშიც, ხოლო მოგვიანებით - ქ.ს-ში, ჭ-ას ქუჩა N-ში, თ. ლ-ის დროებით საცხოვრებელ სახლში. ა. ს-მა არასრულწლოვან თ. ლ-თან ძალადობის მუქარით სქესობრივი კავშირი ბოლოს დაამყარა 2015 წლის 25 იანვარს ქ.ს-აში, ჭ-ას ქუჩა N-ში.
· ა. ს-მა 2013 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ. ქ-ში, რ-ის გ-ის №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ოთხი დღის განმავლობაში თოთხმეტ წელს მიუღწეველ დისშვილ თ. ლ-თან გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სექსუალური კონტაქტი. იგივე გაიმეორა 2014 წლის დეკემბერში, კერძოდ, ქ. ს-ში, ჭ-ას ქუჩის №-ში, არასრულწლოვან თ. ლ-თან ორჯერ გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სექსუალური კონტაქტი.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ა. ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 111,138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ასევე - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და ა. ს-ს განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა. ს-ს საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2015 წლის 28 იანვრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები – მსჯავრდებული ა. ს-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. კ-ა საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სასამართლო მხოლოდ არასრულწლოვნების - თ. ლ-ისა და ლ. ძ-ის ჩვენებებს დაეყრდნო, რომ თითქოს ა. ს-ი 2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით იძულებითა და მუქარით ამყარებდა სქესობრივ კავშირს თ. ლ-თან. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და გამოწვეულია იმით, რომ ა. ს-ი თ. ლ-ს უკრძალავდა გამომწვევად ჩაცმას, არ უშვებდა ს-ის პარკში, სადაც საეჭვო რეპუტაციის გოგონები იკრიბებოდნენ. მან ასევე არაერთხელ ნახა თ. ლ-ის ტელეფონში სხვადასხვა უხამსი სიტყვების შემცველი საეჭვო შეტყობინებები, რის გამოც სცემა კიდეც და აქედან დაიწყო თ. ლ-ის მისდამი სიძულვილი. ერთხელ ისიც უთხრა -„დაგიჭერო“ და შეუსრულა კიდეც. თუ მას ამ ხნის განმავლობაში მასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, ერთხელ მაინც რატომ არ უთხრა დედამისს ან მამინაცვალს, როცა იგი მათთან იყო თ-ის რესპუბლიკაში, ან რატომ არ უთხრა ამის შესახებ მამამისსა და მამიდებს მათთან თვე-ნახევრის განმავლობაში ყოფნისას, ან რატომ არ განუცხადა სამართალდამცავ ორგანოებს. რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, თ. ლ-ის სვიტერზე ა. ს-ის სპერმის კვალია აღმოჩენილი, ეს აიხსნება იმით, რომ ა. ს-თან ა-დან ჩამოსული იყო მისი მეუღლე - ა. ა-ა, რომელთანაც ჰქონდა სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც ა. ა-ამ თავი მოიწესრიგა (გაიწმინდა) იქვე არსებული სვიტერით.
5.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმებასა და ა. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ კასატორების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სექსუალური ძალადობა, უდავოდ, საზარელი ტიპის დანაშაულია, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მსხვერპლზე. ბავშვებსა და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფოს მიერ იყვნენ დაცულნი, რომ მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ტიპის ჩარევა ეფექტიანად იყოს აღკვეთილი.[1]
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ მითითებას და უკვე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დამნაშავის გამოვლენასა და მისთვის ადეკვატური სასჯელის შეფარდებას, ხოლო დანაშაულის მსხვერპლის მიმართ - სათანადო მორალური/ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენას. საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე არასრულწლოვან დაზარალებულ თ. ლ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
4. რაც შეეხება ა. ს-ის მსჯავრდების კანონიერებას, იმის გათვალისწინებით, რომ სქესობრივი დანაშაულები, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, რაც ლოგიკურია მისი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ა. ს-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი), კერძოდ:
6. არასრულწლოვანი დაზარალებულის - თ. - ლ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ბიძა (-ის ძმა) ა. ს-ი მრავალი წლის მანძილზე სასჯელს იხდიდა მკვლელობისათვის და იგი მას თითქმის არ იცნობდა. როცა სასჯელის მოხდა დაასრულა, ბიძა მათთან გადავიდა საცხოვრებლად. დედამ მ. ს-მა წაიყვანა თ-ში, სადაც ცხოვრობდნენ რვა თვის განმავლობაში და საქართველოში დაბრუნდნენ 2012 წელს. თ-დან დაბრუნების შემდეგ ბინა იქირავეს ქ.ქ-ში, რ-ის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში, სადაც პირველ სართულზე ცხოვრობდნენ თვითონ, ბებია, ძმა და ბიძა - ა. ს-ი, ხოლო მეორე სართულზე - სახლის მეპატრონე - ხანდაზმული, მარტოხელა ქალბატონი. 2012 წლის გაზაფხულზე ბებიას - ნ. ს-ს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში მოთავსება. ბებია დააწვინეს საავადმყოფოში, ხოლო სახლში მარტო დარჩნენ თვითონ, მისი მცირეწლოვანი ძმა - რ. ლ-ი და ბიძა - ა. ს-ი. ერთ საღამოს, როცა სააბაზანოდან ხალათით გამოვიდა, ბიძამ შესთავაზა ეთამაშათ კარტი, რაზედაც ის სიამოვნებით დასთანხმდა. კარტის თამაშის დროს ბიძამ უთხრა, რომ ხალათი გადაეწია და ფეხი გამოეჩინა, რაზეც თ. ლ-მა უარი უთხრა. ამის შემდეგ ბიძამ თვითონ გადაუწია ხალათი და დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში ხელს უსვამდა მუხლის ზემო არეში, ხოლო შემდეგ დასაძინებლად გაუშვა. 2012 წლის გაზაფხულის პერიოდში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, ქ. ქ-ში რ-ის ქუჩაზე მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ ის და ა. ს-ი, იგი თავის საძინებელ ოთახში შევიდა, რათა ტანსაცმელი გამოეცვალა. ამ დროს კარი შეუღო ბიძამისმა. ვინაიდან შარვალი გახდილი ჰქონდა, დაიმორცხვა და შარვალი ტანზე მიიფარა, თან ბიძას უთხრა, რომ გასულიყო ოთახიდან, რასაც ს-მა ყური არ ათხოვა, მიუახლოვდა, ხელები მხრებზე მოჰკიდა და საწოლზე ძალით დააწვინა, სრულად გააშიშვლა, თვითონაც ჩაიძრო შარვალი და ტრუსი, დააწვა ზემოდან, ძალის გამოყენებით გადაუწია ფეხები და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აქტის დროს მან სასქესო ორგანოს არეში იგრძნო ძლიერი ტკივილი, რის გამოც ინსტინქტურად ხელი ჰკრა ა. ს-ს და გადააგდო. თვითონ კი წამოხტა, შევარდა სააბაზანოში და დაიწყო ტირილი. ამ დროს მას კარი შეუღო ბიძამ და უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო, არავისთვის არაფერი ეთქვა, თორემ ყელს გამოსჭრიდა. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში ოჯახი გადასვლას აპირებდა სხვა ბინაში, კერძოდ, ქ.ქ-ში, ა-ის გამზირზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მე-9 სართულზე. ა.ს-მა უთხრა, რომ ბინა უნდა დაელაგებინათ. ბინაში ასულს მასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ბიძამისმა კვლავ დაამყარა სქესობრივი კავშირი. მეორე დღეს გამოიყვანეს საავადმყოფოდან ბებია - ნ. ს-ი და რამდენიმე დღეში გაემგზავრნენ თ-ში დედასთან: თვითონ, ბებია, ბიძა და ძმა. თ-ში ყოფნის პერიოდში თითქმის ყოველდღე ამყარებდა ბიძამისი მასთან სქესობრივ კავშირს, გარდა ხუთშაბათი დღისა, რადგან ხუთშაბათს დედა არ მუშაობდა, სახლში იყო მათთან ერთად და ა.ს-ი შიშობდა, არაფერი შეეტყო. სქესობრივი კავშირის დროს რამდენჯერმე სცადა ეყვირა, მაგრამ ბიძამ გაარტყა სახეში, რა დროსაც სისხლი წასკდა ცხვირიდან. მოგვიანებით, თ-დან დაბრუნების შემდეგ, მის ოჯახს დედამ სახლი უქირავა ს-ში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან - ნ. ს-თან, ძმასთან - რ. ლ-თან და ბიძასთან - ა. ს-თან ერთად. სწავლობდა ქ.ს-ის № საჯარო სკოლაში. რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც სკოლიდან ბრუნდებოდა, დაინახა, რომ მათი სახლის ჭიშკართან იდგა ბიძამისი, რომელიც თ-ის რესპუბლიკიდან ჩამოსულიყო. ის მიესალმა ბიძას და სახლში შევიდა. იმ ღამით მათ შორის არაფერი მომხდარა, ხოლო მეორე დღეს უთხრა, რომ ძალიან ენატრებოდა, მასთან ყოფნა უნდოდა და როდესაც ძმას და ბებიას ეძინათ, მასთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს, რაც დაზარალებულს ზიზღს გვრიდა, ცდილობდა თავის დაღწევას ხან კბენით, ხან დაკაწვრით, მაგრამ ბიძა ამის საშუალებას არ აძლევდა. ერთხელ, როდესაც სახლში იყვნენ და ბებიას და ძმას ეძინათ, მიიყვანა მაგიდასთან, აუწია კაბა და დაიწყო სქესობრივი აქტის დამყარება. ამ დროს თავის დაღწევის მიზნით ხელი ჰკრა იქვე, მაგიდაზე მდგარ ჭიქას, რომელიც გადავარდა და იატაკზე დაიმსხვრა, ხმაურზე გამოეღვიძა ბებიას - ნ. ს-ს და დაუძახა, თუ რა ხდებოდა, რაზედაც ა. ს-მა უპასუხა „არაფერია, თ-ს ჭიქა გაუტყდა, დაიძინეო“. ყოველი აქტის დროს აფრთხილებდა და ემუქრებოდა, რომ თუ ვინმეს ამის შესახებ გაუმჟღავნებდა, მასაც და იმ ადამიანსაც ყელს გამოსჭრიდა. დაზარალებულის განმარტებით, ბიძა მასზე სისტემატურად ძალადობდა 2015 წლის 25 იანვრის ჩათვლით, სწორედ 25 იანვარს ჰქონდა ა. ს-ს ბოლოს სქესობრივი კავშირი მასთან ქ.ს-ში, მათ დროებით საცხოვრებელ სახლში. ის უკანა მხრიდან მიუდგა დაზარალებულს, თუმცა ჩვეულებრივი გზით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, ხოლო აქტის დასასრულს სასქესო ორგანო გამოიღო და სპერმა დაღვარა გარეთ (მოწმის განმარტებით, ა. ს-ი ყოველთვის ასე იქცეოდა, ვინაიდან ეშინოდა, რომ არ დაფეხმძიმებულიყო, ან ხმარობდა პრეზერვატივს). აღნიშნულის თაობაზე თ. ლ-მა გაუმჟღავნა მეგობარს და თანაკლასელს - ლ. ძ-ს, რომელიც გააფრთხილა არავისთვის ეთქვა, თუმცა ლ. ძ-მა ამის შესახებ უთხრა თავის ბებიას, რომელიც მივიდა თ. ლ-თან და ურჩია, ეს ამბავი ან დედისთვის ეთქვა ან მამასთან წასულიყო ბ-ში, რაზედაც თ. ლ-მა უპასუხა, რომ ეშინოდა ბიძას არ მოეკლა. თუმცა, ლ-ს ბებიამ დაარწმუნა, სკოლის მანდატურებისათვის მოეთხრო მომხდარის შესახებ, რადგან ეს სასტიკი დანაშაული იყო და ამის დამალვა არ შეიძლებოდა. მან მომხდარი ფაქტი აცნობა სკოლის მანდატურებს - ი-ას და ვ-ას, რომლებმაც მაშინვე აცნობეს სკოლის დირექტორსა და კლასის დამრიგებელს, მათ კი, თავის მხრივ, გამოიძახეს პოლიცია. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ა. ს-ი. მოწმის განმარტებით, ბიძა უშლიდა მეგობრებთან ურთიერთობას, მოკლე კაბის ჩაცმას და გაპრანჭვას. ჩამოაშორა თაყვანისმცემელი და თუკი ვინმესთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, აიძულებდა ჩამოშორებოდა, ვინაიდან ეშინოდა, რომ ვინმესთან არ წამოსცდენოდა მისი ქმედებების შესახებ.
7. არასრულწლოვანი მოწმის - ლ. ძ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წელს, სასწავლო წლის მიწურულს, მათ სკოლაში გადავიდა თ. ლ-ი. ისინი ერთ ჯგუფში სწავლობდნენ, თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, დამეგობრდნენ, ჰქონდათ მიმოსვლა და არც რაიმეს უმალავდნენ ერთმანეთს. ვინაიდან ერთმანეთს სახლშიც სტუმრობდნენ, კარგად იცნობდა თ. ოჯახის წევრებსაც, მათ შორის ბიძას - ა. ს-ს. ატყობდა, რომ თ. სასტიკად სძულდა ბიძა. ჰკითხა კიდეც ამის მიზეზი, რაზეც თ. მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე ა. ს-ი. ერთხელ, თ. ლ-თან სახლში სტუმრად ყოფნისას, ნახა, რომ ა. ს-ი ტელევიზორით უხამს ფილმებს უყურებდა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ა. ს-მა მას ჰკითხა, მამაკაცის ასო თუ ჰქონდა ნანახი, რაზედაც უარყოფითი პასუხი გასცა და გაეცალა. ბიძამისი თ-ს არსად არ უშვებდა, არავისთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა. მანვე განმარტა, რომ თ-ს ჰყავდა შეყვარებული, ეს ორმხრივი სიყვარული იყო და როცა ამის შესახებ ბიძამისმა გაიგო, შეხვდა იმ ბიჭს და ჩამოაცილა თ-ს. როცა თ. ლ-მა მოუყვა მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ, სთხოვა, რომ არავისთვის ეთქვა, რადგან ბიძამისი მოკვლით ემუქრებოდა და აუცილებლად აასრულებდა მუქარას. მოწმემ განმარტა, რომ ბოლო დროს თ. შეიცვალა, უფრო გულჩათხრობილი გახდა, უკონტაქტო, უნდოდა მარტოობა, მასთანაც კი დისტანციურ ურთიერთობას იჭერდა, დათრგუნვილი იყო. სწორედ აღნიშნულის გამო გადაწყვიტა მომხდარი ბებიისთვის – ლ. გ-ისთვის მოეყოლა.
8. მოწმე ლ. გ-მა დაადასტურა ლ. ძ-ის მონათხრობი და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც შვილიშვილისგან შეიტყო აღნიშნული ამბავი, მივიდა თ. ლ-თან და დაარიგა, რომ ეს ყველაფერი მოეთხრო სკოლის მანდატურებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ განაცხადებდა პოლიციაში.
9. მოწმე ი. გ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.სამტრედიის №1 საჯარო სკოლაში მანდატურად. არ იცნობს ბრალდებულ ა. ს-ს, ხოლო დაზარალებული თ, იგივე თ. ლ-ი, არის მათი სკოლის მოსწავლე, რომელსაც კარგად იცნობს, დაახასიათა დადებითად და მომხდარი ფაქტის ირგვლივ განმარტა, რომ 2015 წლის 27 იანვარს სკოლაში მე-3 გაკვეთილის დასრულების შემდეგ, როცა ის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა (ახორციელებდა სკოლის შემოვლას) ნახა, რომ თ. ლ-ი ტიროდა და ისტერიულად გაიძახოდა: „ეს რომ ვინმემ გაიგოს, თავს მოვიკლავო“. იგი დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა, თ. ლ-ი წაიყვანა თავის სამუშაო ოთახში, ტელეფონით შეატყობინა მეწყვილე ვ. ყ-ს, რომ სკოლის მოსწავლე თ. ლ-ი იყო ანერვიულებული და სთხოვა, მისულიყო. როცა გამოკითხეს თ. ლ-ს, თუ რაში იყო საქმე, მან უპასუხა, რომ ბიძა მასზე ძალადობდა. თავიდან ეგონათ, რომ ძალადობაში ბავშვი ცემას გულისხმობდა, მაგრამ შემდეგ თ-მ მათ მოუყვა, რომ 2012 წლიდან ბიძა მას აუპატიურებდა სისტემატურად, როგორც ქ-ში, ასევე ს-აში. მონაყოლმა ისინი შეძრა, თავიდან არასარწმუნოდ მიიჩნიეს თ. ლ-ის ნაამბობი. გააფრთხილეს კიდეც, რომ ეს მძიმე დანაშაულში ბრალდება იყო და ტყუილი არ ეთქვა, თუმცა თ. დაბეჯითებით და დაწვრილებით უყვებოდა მათ ბიძის მიერ განხორციელებული სქესობრივი ძალადობის დეტალებს. თ. ლ-ი მათ სთხოვდა, რომ არავისთვის ეთქვათ, პოლიცია არ გამოეძახებინათ, რადგან ბიძამისს რომ გაეგო, მოკლავდა, ყელს გამოსჭრიდა. მაშინვე აცნობეს აღნიშნულის შესახებ სკოლის დირექტორსა და დამრიგებელს, ხოლო ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია.
10. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ვ. ყ-მაც.
11. მოწმე ი. ხ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.ს-ის № საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლად. იყო თ. ლ-ის კლასის დამრიგებელი. იცნობს ა. ს-ს, როგორც თ. ლ-ის ბიძას. თ. ცოტა ემოციური, კონფლიქტური გოგონა იყო და იოლად ვერ დაუახლოვდა თანაკლასელებს სკოლაში გადმოსვლისას. თუმცა მისი, როგორც კლასის ხელმძღვანელის, ძალისხმევით თ. შეიცვალა, უფრო კომუნიკაბელური და დამჯერი გახდა. სულ ატყობდა, რომ გოგონას რაღაც შინაგანად აწუხებდა, რასაც არ ამბობდა. მომხდარი ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის 27 იანვარს, როცა მანდატურებს მოუყვა თ. თავისი პრობლემის შესახებ, კერძოდ კი იმას, რომ ა. ს-ი სისტემატურად ახორციელებდა მასზე სქესობრივ ძალადობას, აუპატიურებდა და ემუქრებოდა, თუკი აღნიშნულის თაობაზე ვინმესთან გაამხელდა, ყელს გამოსჭრიდა.
12. ანალოგიურ ჩვენება მისცა ქ.ს-ის № საჯარო სკოლის დირექტორმა ხ. ფ-ემ.
13. მოწმე ნ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული თ. (-) ლ-ი არის მისი შვილიშვილი (ქალიშვილის შვილი) ხოლო ბრალდებული ა. ს-ი - შვილი. თვითონ, მისი შვილიშვილები - თ. და რ. ლ-ი, ასევე მისი შვილი ა. ს-ი ცხოვრობდნენ ერთად დაახლოებით 3-4 წლის მანძილზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არაფერი შეუნიშნავს, რაც თ. ლ-ის მიმართ ა. ს-ის სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებდა. მხოლოდ ხედავდა, რომ თ. და მისი ვაჟი ა. ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ, არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება, თუმცა მიზეზი არ იცოდა და არც უეჭვია. ერთხელ ახსოვს, რომ, როცა ეძინა, გამოაღვიძა ჭიქის მსხვრევის ხმამ, დაიძახა კიდეც, თუ რა ხდებოდა, რას ამტვრევდნენ, რაზედაც მისმა შვილმა უპასუხა, „არაფერია, დაიძინე, თ-ს ჭიქა გაუტყდაო“. მისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ა. ს-ი თ-იდან ს-აში დაბრუნდა. იმ დღეს ბრალდებული კარგ ხასიათზე იყო, დაურეკა თ-ს მობილურზე, რომელიც იმ დროს სკოლაში იყო. მის მობილურზე უპასუხეს, რომ თ. დირექტორთან იყო შესული. აღნიშნულზე ა. ანერვიულდა, თითქოს რაღაც საფრთხე იგრძნო და გარეთ გავარდა, უნდოდა თ-სთვის სკოლაში მიეკითხა. ამ დროს ეზოდან შემოესმა ყვირილის ხმა: „თუ რამეში დამნაშავე ვარ, დამიჭირეთ, აქ ვარ, არსად არ გავრბივარო“. როცა პოლიციამ მისი ვაჟი წაიყვანა, გაიგო, რომ ბრალი ედებოდა დისშვილის - თ. ლ-ის გაუპატიურებაში.
14. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2015 წლის 26 მარტის №- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ. ლ-ის სვიტერისა და ქვედაბოლოს ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-მწვანე ფერის პოლიაკრილნიტრილის ბოჭკოები, რომლებსაც აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა. ს-ის სვიტერის ძირითად ნართში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან და მოშავო-მორუხო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა. ს-ის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა. ს-ის შარვლისა და სვიტერის ზედაპირზე აღინიშნება მკვეთრი მწვანე პოლიაკრილნიტრილის ბოჭკოები, რომლებსაც აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ. ლ-ის სვიტერის ძირითად ნართში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან, ასევე აღინიშნება ვარდისფერი, მუქ მოიისფრო ფერში გადასული ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თ. ლ-ის ქვედაბოლოს ქსოვილის ნართის შემადგენელ ბოჭკოებთან.
15. ბიოლოგიური (გენეტიკურ-სეროლოგიური) ექსპერტიზის 2015 წლის 13 მარტის №- დაკვნის თანახმად დადგენილია, რომ -პაკეტში, წარწერით: „...თ. ლ-ის მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მომწვანო ფერის ნაქსოვ კაბასა და ქვედაბოლოზე არსებული მოთეთრო-მონაცრისფრო ლაქები (ობ. №2,3,7), აღმოჩნდა სპერმა. ობ.№2-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია ა. ს-ის გენეტიკური პროფილის. ობ. №3,7-ის გენეტიკური პროფილები შერეული ტიპისაა და ეკუთვნის ორ პირს. ობ. №3,7-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ა. ს-ის, ხოლო მეორე წილი - თ. ლ-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია.
16. სამედიცინო ექსპერტიზის 2015 წლის 28 იანვრის №- დასკვნის თანახმად, თ. ლ-ის საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია, არ არის მთელი. მისი დარღვევის ხანდაზმულობის განსაზღვრა ამჟამად შეუძლებელია, ვინაიდან დარღვევიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო.
17. ამბულატორული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტზის 2015 წლის 30 იანვრის №- დასკვნის თანახმად, თ. ლ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით თ. ლ-ს შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში.
18. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2015 წლის 23 მარტის №- დასკვნის თანახმად, ა. ს-ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური (ამორალური) პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს ა. ს-ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური (ამორალური) პერსონოლოგიური აშლილობა, მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა).
19. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ა. ს-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 1993 წლიდან სასჯელს იხდიდა და კალენდარულად გათავისუფლდა 2011 წელს. გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა დედასთან - ნ. ს-თან, რომელიც იმჟამად ცხოვრობდა ვ-ის რაიონის სოფელ შ-ში, დის შვილებთან - თ. და რ. ლ-თან ერთად. 2012 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ ქ.ქ-ში, ჯერ რ-ის, შემდეგ კი გ-ას ქუჩაზე, ხოლო 2013 წელს - ქ.ს-აში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრალდებული ცხოვრობდა დედასთან და დისშვილებთან, ყველანაირად ეხმარებოდა ოჯახს. დისშვილებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა თ. ლ-ს განსაკუთრებით აკონტროლებდა, რადგან მოზარდი იყო და არ აძლევდა საშუალებას, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები, წასულიყო, სადაც უნდოდა, ჩაეცვა გამომწვევად და ა.შ. თ. ლ-თან აწყდებოდა წინააღმდეგობას, გოგონას არ მოსწონდა შეზღუდვები და ბიძას არ ემორჩილებოდა, რაზედაც ხშირად კონფლიქტიც ჰქონდათ. მიუხედავად აღნიშნულისა, ის მზრუნველი და მოსიყვარეულე ბიძა იყო და დისშვილებს არაფერს აკლებდა. განსაკუთრებით კი ურთიერთობა მაშინ დაეძაბათ, როცა ა. ს-მა მის მობილურ ტელეფონში ნახა უცხო ბიჭის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება, რომელიც უხამსად ეკითხებოდა „მომცემო?“ აღნიშნულზე განაწყენებულმა ტელეფონი ჩამოართვა, მოძებნა ის ბიჭი და დაელაპარაკა, თან გააფრთხილა, რომ მის დისშვილს ახლოს აღარ გაჰკარებოდა, თ-აც აუკრძალა იმ ბიჭთან შეხვედრები. აღნიშნულზე განაწყენებულმა თ. ლ-მა გადაწყვიტა, შური ეძია ბიძაზე და მოიფიქრა ყველაზე სასტიკი ბრალდება, რაშიც ჯერ უახლოესი მეგობარი ლ. ძ-ი დაარწმუნა, შემდეგ კი - სკოლის მანდატურები და მასწავლებელები. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ საიდან აღმოჩნდა მისი სპერმის კვალი თ. ლ-ის სვიტერზე, რომელიც ბოლოს დაზარალებულს 2015 წლის 25 იანვარს ეცვა, ა. ს-მა განმარტა, რომ ეს სვიტერი ეკუთვნის მის მეუღლეს, რომელიც ცხოვრობს ა-ში და პერიოდულად ჩამოდიოდა მასთან, შესაბამისად, დატოვებული ჰქონდა ტანსაცმელი და თ. ლ-იც იცვამდა ბიცოლას ტანსაცმელს. ბოლოს, დეკემბრის ბოლოს იყო ჩამოსული მისი მეუღლე, რომელიც დარჩა და ერთად ეძინათ, ჰქონდათ ცოლქმრული ურთიერთობა და მისი სპერმის კვალიც ამიტომ დარჩა სვიტერზე.
20. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმე ა. ა-ამ აჩვენა, რომ ა. ს-ი არის მისი მიეუღლე. 2011 წელს, მას შემდეგ, რაც მეუღლე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, პერიოდულად ჩამოდის ა-დან, სადაც ცხოვრობს და გარკვეული დროის შემდეგ ისევ უკან ბრუნდება. 2014 წლის ბოლოს 2 თვე იმყოფებოდა ს-ში და თვის ბოლოს, 29 დეკემბერს, აპირებდა ა-ში დაბრუნებას. 29-ში ვერ შეძლო გადასვლა და დაბრუნდა უკან. იმ ღამეს მეუღლესთან – ა. ს-თან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც პირადი ჰიგიენა არ ჩაუტარებია და იქვე, დივანთან, დადებული თავისი ,,კოფთა“ გამოიყენა გასაწმენდად. მის მეუღლესა და თ. ლ-ს შორის ხშირად იყო კონფლიქტი, ვინაიდან თ-ს ბიძამისი უკრძალავდა სახლში გვიან დაბრუნებას, გამომწვევი ტანსაცმლის ტარებას. ეს თ-ს არ მოსწონდა და დაემუქრა ბიძამისს, ციხეში დაგაბრუნებო.
21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ა. ს-ის აპელირებას იმ საკითხზე, რომ თ. ლ-ს მდიდარი ფანტაზია აქვს, რომ მან შურისძიების მოტივით შეთხზა და მოიგონა ყველაფერი, რათა თავი დაეღწია მის მიერ დაწესებული შეზღუდვებისაგან; სასამართლოს არასარწმუნოდ და არადამაჯერებლად მიაჩნია მსჯავრდებულის ეს ვერსია შემდეგ გარემოებათა გამო:
22. დაზარალებული თ. ლ-ი დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერს ჩვენებაში ა. ს-ის მიერ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რომლებიც სრულად არის თანხვდენილი სხდომაზე დაკითხული მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნებთან, კერძოდ:
23. დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დეტალურად აღწერა, თუ როდის და სად ძალადობდა მასზე ა. ს-ი. მიუთითა, რომ ბიძა მუდმივად ემუქრებოდა არავისთან გაემხილა, რაც ხდებოდა მათ შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მასაც და იმასაც, ვისაც ეტყოდა. მანვე განმარტა, რომ ბიძასთან არ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება და ზიზღს გვრიდა ეს ურთიერთობა.
24. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ა. ს-ის დედამ - ნ. ს-მა დაადასტურა ბიძა-დისშვილს შორის დაძაბული კონფლიქტური ურთიერთობის არსებობა. დაადასტურა ისიც, რომ ერთ ღამეს გააღვიძა მტვრევის ხმამ და მის შეკითხვაზე, თუ რა ხდებოდა, ა. ს-მა უპასუხა, რომ თ-ს ჭიქა გაუტყდა. აღნიშნული სრულად შეესაბამება თ. ლ-ის ჩვენების იმ ნაწილს, რომლითაც მან განმარტა, რომ როდესაც ერთ ღამეს მასთან ბიძა ამყარებდა სქესობრივ კავშირს, მაგიდაზე მდგარ ჭიქას ხელი ჰკრა და გადააგდო, რათა მძინარე ბებიას გაღვიძებოდა.
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, თ. ლ-ის მიერ წარმოდგენილ, მის კუთვნილ ტანსაცმელზე - მომწვანო ფერის ნაქსოვ კაბასა და ქვედაბოლოზე არსებული მოთეთრო-მონაცრისფრო ლაქები აღმოჩნდა სპერმა, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ა. ს-ის გენეტიკური პროფილისა, რაც სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილთან, რომ ა. ს-ნი სქესობრივი აქტის დამთავრებისას, იმის შიშით, რომ დაზარლებული არ დაფეხმძიმებულიყო, სასქესო ორგანოს იღებდა საშოდან და სპერმას გარეთ ღვრიდა. ეს ასევე ლოგიკურად ხსნის იმ გარემოებას, რომ სპერმის კვალი აღმოჩნდა არა დაზარალებულის სხეულში, არამედ - მის ტანსაცმელზე.
26. პალატა არ იზიარებს ა. ს-ისა და მისი მეუღლის - ა. ა-ას განმარტებებს იმის თაობაზე, რომ ა. ს-თან სქესობრივი კავშირის შემდეგ ა. ა-ამ იქვე, საწოლთან დადებული თავისი ,,კოფთა“ გამოიყენა გასაწმენდად, ვინაიდან გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ა. ს-ის გენეტიკური პროფილის იდენტური სპერმის კვალი აღმოჩნდა თ. ლ-ის როგორც მომწვანო ნაქსოვ კაბაზე, ასევე - მოწითალო ქვედაბოლოზეც.
27. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ თ. ლ-ისა და მისი მეგობრის - ლ. ძ-ის ჩვენებებზე, სადაც მიუთითებენ, რომ ა. ს-ი ცდილობდა თ-სთვის ყველა ჩამოეშორებინა და უშლიდა სხვებთან ურთიერთობას; პალატის მოსაზრებით, ა. ს-ის ასეთი ქმედება არა დისშვილზე ზრუნვით, არამედ იმით იყო გამოწვეული, რომ არ გამჟღავნებულიყო მისი დანაშაულებრივი ქმედებები. ამაზე მიუთითებს ნ. ს-ის ჩვენებაც, რომ ა. ს-ი განერვიულდა, როცა გაიგო, რომ თ. სკოლის დირექტორთან იყო შესული, რაც პალატის ზრით, სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ა. ს-ს ეშინოდა, არ გამჟღავნებულიყო მისი საქციელი.
28. პალატა მხედველობაში იღებს ასევე დაზარალებულის მასწავლებლის - ი. ხ-ის განმარტებას, რომ თ. ცოტა ემოციური, კონფლიქტური გოგონა იყო და იოლად ვერ დაუახლოვდა თანაკლასელებს სკოლაში გადმოსვლისას. თუმცა მისი, როგორც კლასის ხელმძღვანელის, ძალისხმევით თ. შეიცვალა, უფრო კომუნიკაბელური და დამჯერი გახდა. ატყობდა, რომ გოგონას რაღაც შინაგანად აწუხებდა, რასაც არ ამბობდა. მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლოს ლ. ძ-მაც, რომელმაც მიუთითა, რომ თ. შეიცვალა, უფრო გულჩათხრობილი გახდა, უკონტაქტო, უნდოდა მარტოობა, მასთანაც კი დისტანციურ ურთიერთობას ინარჩუნებდა, დათრგუნვილი იყო. პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვნის ასეთი ემოციური მდგომარეობა სწორედ მის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობითაა გამოწვეული.
29. პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე მოწმე ლ. ძ-ის ჩვენების იმ ნაწილზე, რომელშიც იგი უთითებს, რომ ერთხელ, თ. ლ-თან სახლში სტუმრად ყოფნისას, ნახა, რომ ა. ს-ი ტელევიზორით უხამს ფილმებს უყურებდა. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ ა. ს-მა მას ჰკითხა, მამაკაცის ასო თუ ჰქონდა ნანახი, რაზედაც უარყოფითი პასუხი გასცა და გაეცალა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ასეთი ქმედება მიანიშნებს ა. ს-ის პიროვნებაზე, ზოგადად - მის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე არასრულწლოვნების მიმართ.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მოგონილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, რის გამოც მათ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.
31. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ა. ს-ის მიერ გაუპატიურების არაერთგზის ჩადენის თაობაზე და მსჯავრდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
32. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლზე კანონმდებელს ამგვარი დათქმა არ გაუკეთებია. რაც შეეხება ადრე ამავე მუხლით მსჯავრდებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ს-ი გასამართლებულია საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 17,117-ე (1960 წლის რედ.) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. იმის გათვალისწინებთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 17,117-ე (1960 წლის რედ.) მუხლის შესაბამისობა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლთან არ არის დადგენილი კანონით გათვალისწინებული წესით, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოირიცხება საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 17,117-ე (1960 წლის რედ.) მუხლით ნასამართლევი ა. ს-ისთვის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (გაუპატიურება, ჩადენილი არაერთგზის) ბრალად შერაცხვის სამართლებრივი შესაძლებლობა.
33. რაც შეეხება ა. ს-ისთვის შერაცხულ სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - გაუპატიურება არასრულწლოვნისა და ასევე, 14 წელს მიუღწეველი პირისა - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეჭვს არ იწვევს და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ მან იცოდა დისშვილის ასაკი. ეჭვს არ იწვევს ასევე ის გარემობა და არც მხარეების მიერაა სადავოდ გამხდარი, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან, რის გამოც ამ საკითხებზე საკასაციო პალატა დამატებით არ მსჯელობს.
34. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი აღნიშნული კვალიფიკაციით მსჯავრდების ნაწილში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრთან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) ეფუძნება დაზარალებულ თ. ლ-ის ჩვენების იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, კარტის თამაშის დროს ბიძამ უთხრა, რომ ხალათი გადაეწია და ფეხი გამოეჩინა, რაზეც თ. ლ-მა უარი უთხრა. ამის შემდეგ თვითონ ბიძამ გადაუწია ხალათი და დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში ხელს უსვამდა მუხლის ზემოთ, ფეხისა და ბარძაყის არეში. აღნიშნულზე თვითონ გაუძალიანდა, რაზედაც ბიძამ მუქარით უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო და ეს არავისთვის ეთქვა, თორემ ყელს გამოსჭრიდა. მეორე საღამოს, ისევ კარტის თამაშის დროს, კვლავ შეუყო ხელი კაბის ქვეშ და ეფერებოდა ბარძაყსა და სასქესო ორგანოზე დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, თან მკაცრად აფრთხილებდა კრინტი არსად დაეძრა, რამდენიმე დღის მანძილზე ანალოგიური ყოველ საღამოს ხდებოდა, როცა ბებიას და ძმას ეძინათ. ს-ი მას საკუთარ სასქესო ორგანოზე მოფერებასაც აიძულებდა.
35. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინასწარ გამოძიებაში დაზარალებულმა ნამდვილად მისცა მსგავსი შინაარსის ჩვენება, თუმცა სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მას ჩვენების ეს ნაწილი არ დაუდასტურებია და არც ბრალდების მხარეს დაუსვამს მისთვის ამ ნაწილში დამაზუსტებელი კითხვები. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ჩვენებების მხედველობაში მიუღებლად. არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებული ამ ნაწილში შემოიფარგლა შემდეგი ტიპის განცხადებით: კარტის თამაშის დროს ბიძამ უთხრა, რომ ხალათი გადაეწია და ფეხი გამოეჩინა, რაზეც მან უარი უთხრა, ამის შემდეგ თვითონ ბიძამ გადაუწია ხალათი და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ხელს უსვამდა მუხლის ზემო არეში, ხოლო შემდგომ დასაძინებლად გაუშვა.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით იგულისხმება არაბუნებრივი სექსუალური კონტაქტის ნებისმიერი ფორმა (გარდა მამათმავლობისა და ლესბოსელობისა). გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი სახეზეა მაშინ, როცა ქმედება გარეგნულად სქესობრივი კავშირის იმიტაციას ქმნის, ჰგავს და აღიქმება სექსუალურ კავშირად, მაგრამ განხორციელებულია არაბუნებრივი ფორმით (მაგალითად, მამაკაცის სექსუალური კავშირი ქალთან ქალის სწორი ნაწლავის მეშვეობით და სხვა). წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი, თუნდაც ასეთი ქმედება პირს სექსუალურ კმაყოფილებას ანიჭებდეს. მოცემულ შემთხვევაშიც, შესაძლოა, დაზარალებულისთვის მუხლს ზემოთ ხელის მოსმა მსჯავრდებულს ანიჭებდა სექსუალურ კმაყოფილებას, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება გაუკუღმართებულ სქესობრივ კონტაქტად, ვინაიდან ასეთი ქმედება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით არ ქმნის სქესობრივი კავშირის იმიტაციას და ნორმალური განვითარების ადამიანისთვის არ აღიქმება სქესობრივ კონტაქტად.
37. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ა. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ვინაიდან არც დაზარალებულის ჩვენება და არც რაიმე სხვა მტკიცებულება არ მიუთითებს ა. ს-ის მიერ თ. ლ-ის მიმართ გაუკუღმართებული ფორმით სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის დამყარების შესახებ.
38. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ს-ის ქმედება ამ ნაწილში, შესაძლოა, შეიცავდეს სხვა დანაშაულის - იძულების ან გარყვნილი ქმედების - ნიშნებს, მაგრამ პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებელი შეფასება მისცეს მას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 150-ე და 141-ე მუხლებით კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ნებას (კერძოდ: იძულების დანაშაულის შემთხვევაში ადგილი აქვს დაზარალებულის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც დამნაშავის მხრიდან მომდინარე ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის შედეგია, ხოლო სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული გარყვნილი ქმედება - ძალადობის გარეშე ქმედებას გულისხმობს), რასაც ვერც დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც დაუზუსტებელია ამ ნაწილში, და ვერც სხვა მტკიცებულებით სასამართლო ვერ ადგენს.
39. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატამ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში მიიღო ა. ს-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: ა. ს-ს არა აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ნასამართლევია არაერთი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; პალატამ მხედველობაში მიიღო ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მისი განსაკუთრებულად ამორალური ხასიათი და მიაჩნია, რომ მისთვის საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა - სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა. ს-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ა. ს-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ა. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2015 წლის 28 იანვრიდან.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Gardel v. France, №16428/05.