დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №66აგ-16 9 სექტემბერი, 2016 წელი
ს. ვ., 66აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით ვ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წელი და ჯარიმა – 4000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ვ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 29 ივნისიდან იმავე წლის 1 ივლისის ჩათვლით.
2016 წლის 1 თებერვალს მსჯავრდებულმა ვ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ვ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას და მის მიმართ დადგენილი განაჩენის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ვ. ს-ი დაბადებულია ---, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 ივლისის განაჩენის მიხედვით, დანაშაული ჩადენილი აქვს 2014 წლის 29 ივნისს, როდესაც ის იყო სრულწლოვანი – 18 წლის.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირების მიმართ ამ კოდექსის გამოყენების შესახებ მითითებულია მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, ბრალდებულის მიერ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობაზე. რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს, მსჯავრდებულ ვ. ს-ის მიმართ საკასაციო წესით სამართლაწარმოების სტადიაზე, კასატორისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების უფლებად.
საქმის მასალებით სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ. ს-Fის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე, იხილება ზეპირი მოსმენის გარეშე შესაბამისად მსჯავრდებულის უფლება საადვოკატო მომსახურებაზე რეალიზებას არ საჭიროებს. ამასთანავე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულს არც შუამდგომლობაში და არც საკასაციო საჩივარში მოთხოვნა სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარებით სარგებლობაზე დაფიქსირებული არ აქვს.
რაც შეეხება არასრულწოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ს-ის მიმართ არასრულწოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის 38-ე-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შესაძლებლობას, ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესის დასრულების შემდეგ, განრიდების გამოყენების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები არ ეხება მსჯავრდებულ ვ. ს-ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და არ აუმჯობესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ვ. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე