დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.04.2017
საქმის ნომერი
199აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.04.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №199აგ-16 თბილისი

ჭ-ი დ., 199აგ-16 12 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მისი ადვოკატის - პ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და დ. ჭ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. დ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეეცვალა პირობითი მსჯავრით; მასვე ამავე კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, შეეცვალა პირობითი მსჯავრით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ჭ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ჭ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 22 მაისიდან.

2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: ვ. ს-ე, ხ. გ-ე, ა. ს-ე და გ. მ-ა.

3. 2016 წლის 18 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა დ. ჭ-მ და მისმა ადვოკატმა პ. დ-მ, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვეს მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილების საფუძველზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მისი ადვოკატის - პ. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ჭ-მ და მისმა ადვოკატმა პ. დ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ და მისი გამართლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლში მითითებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები, კერძოდ, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება:

· იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს იმ მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად;

· „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2017 წლის პირველ ივლისამდე წარედგინება.

4. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციის (რომელიც წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს) მე-5 მუხლზე, რომლითაც, ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს, გადააფასონ ყველა სავარაუდო პოლიტიკური პატიმრის საქმე რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით და გაათავისუფლონ ისინი ან ხელახლა განიხილონ მათი საქმეები.

5. საქართველოს პარლამენტმა, - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №…..) შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარდგენილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების შესაბამისად, - იხელმძღვანელა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციის მე-3 პუნქტის a, c, d და e ქვეპუნქტებით და 2012 წლის 5 დეკემბერს მიიღო „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ №76-Iს დადგენილება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №…..) დამტკიცებულ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა დანართი №….. სიაში დასახელებული მსჯავრდებულები, მათ შორის სიის …..-ე ნომერი - დ. ჭ-ი, ხოლო ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს დაევალა ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირთათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმების უმოკლეს ვადაში შექმნა, რაც განხორციელდა კიდეც, კერძოდ:

· „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდა პირი, რომელსაც აღნიშნული დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილის სტატუსი;

· ხოლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმი გაიწერა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 25-ე მუხლში, რომლის თანახმად, ყველა პირს, რომელზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

6. ამასთან, აღნიშნულ პირთა დარღვეული უფლების აღსადგენად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის საფუძვლების გაფართოებისა და ამ გზით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით („საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი), საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 22 ივნისს მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომელმაც გაითვალისწინა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის კიდევ ერთი, დამატებითი საფუძველი, კერძოდ - „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით განსაზღვრულ პირებს მიეცათ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის (საქმის ხელახლა განხილვის) შესაძლებლობა.

7. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობა მსჯავრდებულმა დ. ჭ-მ და მისმა ადვოკატმა პ. დ-მ სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად (განაჩენი მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ გამოტანილია 2011 წლის 9 დეკემბერს ე.ი. აღნიშნული დადგენილების მიღებამდე, ხოლო შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 18 ივლისს - აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულ ვადაში - 2017 წლის პირველ ივლისამდე), რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო წარდგენილი შუამდგომლობა და განიხილა კიდეც, მაგრამ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული აქტები არ წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მსჯავრდებულის უპირობოდ გამართლების საფუძველს.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად თქვა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განაჩენის მიხედვით, დ. ჭ-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა ჯგუფურად ჩაიდინეს ტელემაუწყებლობის დაწესებულების ბლოკირება და ხელში ჩაგდების მცდელობა, რამაც შეაფერხა ამ დაწესებულების ნორმალური მუშაობა; მათვე ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 21 მაისს ქ. …., ….. მოედანზე, გაიმართა საპროტესტო აქცია. მოგვიანებით, აქციის ხელმძღვანელთა (მათ შორის - დ. ჭ-ს) მითითებით, აქციის სამასამდე მონაწილემ გადაინაცვლა მ. ა-ს ქუჩაზე მდებარე ….. ტელევიზიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც გადაიკეტა საავტომობილო და საფეხმავლო გზის სავალი ნაწილი. დაახლოებით 18:30 საათზე აქციის მონაწილეებს გამოეყო რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის - დ. ჭ-ი, რომლებმაც მოახდინეს ტელევიზიის ბლოკირება და ფიზიკური ძალადობით შეეცადნენ, გაერღვიათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელთა რიგები. პოლიციელთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ არაერთი მოწოდების მიუხედავად, დ. ჭ-ი და მისი თანმხლები პირები ძალადობის გამოყენებით შეეცადნენ დაწესებულებაში შეჭრას, რა დროსაც მათ სამართალდამცავებს არაერთგზის მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელთა ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ასევე, სხვადასხვა საგნის გამოყენებით მათ ჩაამსხვრიეს ტელევიზიის ფასადის მინები და შეაფერხეს მისი ნორმალური მუშაობა. მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები აღიკვეთა პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფების შემთხვევის ადგილზე მობილიზების შემდეგ. აღნიშნულს ადასტურებს შემთხვევის ადგილის, ავტომანქანისა და ტანსაცმლის დათვალიერების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტიცებულებები.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის განაჩენით პროკურორსა და დ. ჭ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე დამტკიცდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთან, მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მის ადვოკატებს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი მტიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.

11. რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ჭ-ს ჩვენებას (მისივე 2016 წლის 11 ივლისის გამოკითხვის ოქმიდან), რომ თითქოს გამოძიების დროს, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას, მასზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და თავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებასა და თანამშრომლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. ჭ-ს მოსაზრება არ დასტურდება არც საქმეში არსებული მასალებით და არც თავად მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს წარმოუდგენიათ ამის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, ხოლო დ. ჭ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დასტურდება მოწმეთა, მათ შორის - პოლიციელთა, თავად აქციის მონაწილეთა და დ. ჭ-ს თანმხლებთა, ასევე, სხვა თვითმხილველთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ჭ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დასტურდება მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

13. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები წარმოადგენს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მისი ადვოკატის - პ. დ-ს მიერ შუამდგომლობაში მითითებული შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია და სწორედ მათ საფუძველზე ცნო დასაშვებად და განიხილა წარდგენილი შუამდგომლობა, - გაუგებარია, რატომ უთითებენ კასატორები საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის გარემოებებს და ვინაიდან ამ ეტაპზე შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს მიერ უკვე დაშვებულია და საქმეზე მიღებულია გადაწყვეტილება, არ არსებობს ამ საკითხებზე მეორედ მსჯელობის საფუძველი; ამასთან, აღნიშნული არგუმენტების გარდა, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული არანაირი გარემოება მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მისი ადვოკატის მოთხოვნის დასაბუთებისათვის. უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარში მითითებულია საერთაშორისო აქტებისა და ეროვნული კანონმდებლობის სხვადასხვა ნორმის მხოლოდ დისპოზიციებზე, რომელთა შინაარსი იძლევა იმის საფუძველს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა საქმეები ხელახლა იქნეს განხილული და მათ ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით (რაც დაკმაყოფილდა კიდეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენით) და არანაირი მტკიცებულება ან მოტივირებული არგუმენტი არ არის მითითებული მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების, მსჯავრდებულ დ. ჭ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში სხვადასხვა ნორმის მხოლოდ დისპოზციაზე მითითება არ წარმოადგენს საჩივრის მოთხოვნის დასაბუთებას და არ ქმნის მისი დაკმაყოფილების საფუძველს.

14. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას, რომ, - თითქოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენში არ უმსჯელია სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 22 ივნისს განხორციელებულ ცვლილებას და რაც, მათივე განმარტებით, წარმოადგენს აღნიშნული განაჩენის გაუქმების „სრულ საფუძველს“, ასევე, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რის დასადასტურებლადაც უთითებენ საერთაშორისო აქტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ნორმებზე, - საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ. ჭ-ს მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება, უფრო მეტიც, სწორედ მისი და მსგავსი ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღო საქართველოს პარლამენტმა ზემოაღნიშნული აქტები, რომელთა საფუძველზეც გადასინჯა სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი გაუქმებისა და მსჯავრდებულ დ. ჭ-ს გამართლების საფუძველი, რასაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ მსჯავრდებულთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას მათ მიმართ გამოტანილი შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენებით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი, პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად, ვერ მიიჩნევა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, თუნდაც ასეთი ქმედება პოლიტიკური აქტივობის დროს იყოს ჩადენილი. ამასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება და საქმის ხელახლა გადასინჯვა არ გულისხმობს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ავტომატურ გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის მიღებას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ჭ-სა და მისი ადვოკატის - პ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი