დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
8I-16 ქ. თბილისი
ხ. ა., 8I-16 25 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივან _ ლ. სანიკიძის
პროკურორ _ ნ. ზ-ის
ადვოკატ _ ს. ბ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. ხ-ს
თარჯიმან _ შ. ჩ-ას
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორმა ნ. ზ-მა და ითხოვა, სასამართლოს დასაშვებად ეცნო ა. ხ-ს ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით მიუნხენის მე-2 პროკურატურის 2003 წლის 6 აგვისტოს საბრალდებო დასკვნაში აღწერილი გაუპატიურების ეპიზოდისათვის, რომელიც დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით, რადგან ა. ხ-ს მიმართ ექსტრადიციის განხორციელებისათვის როგორც საერთაშორისო, ისე სამართლებრივი დახმარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, დაცულია ყველა მოთხოვნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლების, პირის იდენტიფიკაციის, ორმაგი დანაშაულის პრინციპის, დანაშაულის ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის სტატუსის, non bis in idem, სამართალწარმოებისა და გარანტიების შესახებ.
2. ა. ხ-ს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და სხვა საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2003 წლის 6 აგვისტოს მიუნხენის მე-2 პროკურატურამ ა. ხ-ს მიმართ გამოსცა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად, ა. ხ-ს ბრალად ედება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებით, მე-2 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით (გაუპატიურების განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ძალის გამოყენებით, სხეულისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების მუქარით), 185-ე მუხლით (შეურაცხყოფა), 223-ე მუხლით (სხეულის დაზიანება), 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (უკანონო თავისუფლების აღკვეთა) და 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა;
3. 2003 წლის 20 აგვისტოს მიუნხენის მე-2 სამხარეო სასამართლომ ა. ხ-ს მიმართ გამოსცა დაპატიმრების ბრძანება.
4. 2003 წლის 20 ნოემბერს მიუნხენის მე-2 სამხარეო სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების ბრძანება შესწორდა იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით.
5. მიუნხენის მე-2 პროკურატურის 2016 წლის 10 ოქტომბრის წერილით საქართველოს მთავარ პროკურატურას ეცნობა, რომ ა. ხ-ს ექსტრადიცია მოითხოვება მხოლოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით (გაუპატიურების განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ჩადენილი ძალის გამოყენებით, სხეულისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ მოითხოვება იმავე კოდექსის 185-ე მუხლით (შეურაცხყოფა), 223-ე მუხლით (სხეულის დაზიანება), 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (უკანონო თავისუფლების აღკვეთა) და 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (იძულება) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
6. 2009 წლის 15 დეკემბრიდან ა. ხ. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
7. 2016 წლის 29 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ხ..
8. 2016 წლის 31 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ხ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
9. 2016 წლის 12 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიპლომატიური არხებით მიიღო ა. ხ-ს საექსტრადიციო მასალების დედნები.
10. 2016 წლის 13 აგვისტოს და 5 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ა. ხ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
11. 2016 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ხ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით – 6 თვემდე, 2016 წლის 29 ნოემბრამდე.
12. 2016 წლის 30 აგვისტოს და 12 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მიიღო დამატებითი ინფორმაცია ა. ხ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნ. ზ-ის შუამდგომლობა: დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ხ-ს ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით მიუნხენის მე-2 პროკურატურის 2003 წლის 6 აგვისტოს საბრალდებო დასკვნაში აღწერილი გაუპატიურების ეპიზოდისათვის, რომელიც დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით.
14. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ხ-ს ადვოკატი ს. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
15. ა. ხ-ს დანაშაული არ ჩაუდენია; აღნიშნული მოგონილია მისი ყოფილი მეუღლის მიერ თავისი მიზნის – გერმანიაში დარჩენისა და ქალთა თავშესაფარში ადგილის მიღებისათვის ოჯახური ძალადობის მსხვერპლად თავის წარმოჩენის გზით, რაც ტ. ხ-მ აღიარა მიუნხენში მცხოვრებ ე. ვ-სთან საუბრის დროს.
16. გარდა ამისა, გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს არა აქვთ დადგენილი დანაშაულის ჩადენის დღე და ასეთად მიიჩნიეს 2003 წლის იანვრის მესამე კვირის განუსაზღვრელი დღე, რათა გამოერიცხათ ა. ხ-ს მხრიდან ნებისმიერი ალიბის არსებობა; მის მიმართ ბრალდება აგებულია მხოლოდ ტ. ხ-ს განთქმითი ჩვენების საფუძველზე, ყოველგვარი სხვა მტკიცებულების გარეშე; ა. ხ-ს საქმეზე დარღვეულია სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი – ის პასუხისგებაში მიეცა გამოძიების დაწყებიდან 7 თვის შემდეგ, მის მიერ გერმანიის საბოლოოდ დატოვების მეორე დღეს – 2003 წლის 6 აგვისტოს გამოიტანეს ბრალდების დადგენილება, 6 წლის შემდეგ კი გამოცხადდა მისი ძებნა.
17. ა. ხ-ს ბრალდება გათვალისწინებულია გფრ-ის სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით, გაუპატიურების დამამძიმებელ გარემოებებზე კი საუბარია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში, ამასთან, სასჯელის ზომად განსაზღვრულია 6 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც უკვე ხანდაზმულია. გარდა ამისა, დამცველს მიაჩნია, რომ ა. ხ-ის ინკრიმინირებული ქმედება არ წარმოადგენს გაუპატიურების განსაკუთრებით მძიმე შემთხვევას, არამედ ეს არის სექსუალური მოქმედების იძულების განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა, ვინაიდან თავად დაზარალებულს არ გაუწევია მეუღლისათვის წინააღმდეგობა, არც სხეულის რაიმე სახის დაზიანება მიუღია, ხოლო პრეზერვატივის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება, ტანსაცმლის გახდა, ფეხების გაწევა და ვაგინის ტკივილი არ არის გაუპატიურების დამამტკიცებელი გარემოებები, ამიტომ ა. ხ-ს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც მისი ექსტრადიცია უნდა მოხდეს მხოლოდ ძალადობის მუქარით ჩადენილი გაუპატიურებისათვის.
18. ევროპელი კანონმდებელი ამბობს, რომ ა. ხ-ს მაინცდამაინც საქართველოში კი არა, საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა ჰყავდეს ოჯახი, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ის შეიძლება მართლაც დარჩეს ოჯახის გარეშე; მაშინდელ ოჯახში, 13 წლის წინანდელი კონფლიქტის გამო, ა. ხ-ს ახლანდელი, 11 წლის ოჯახი ინგრევა, საქართველოს პროკურატურა კი აცხადებს, რომ მისი ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზების ამგვარი შეზღუდვა თანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით.
19. ამდენად, კასატორის აზრით, ა. ხ-ს მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით; 13 წლის გასვლისა და ვითარების შეცვლის გამო მის მიმართ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ დაკარგა მნიშვნელობა და აქტუალობა; ასევე შემოსულია ტ. ხ-ს ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლის მიხედვით, ის წინააღმდეგია ა. ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებისა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ს. ბ. ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ა. ხ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ხ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 29 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ა. ხ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ა. ხ-ს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდება შეთხზულია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ა. ხ-ს ბრალეულობის საკითხს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილების მიზნით.
5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის პოზიციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის თაობაზე და მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. ხ. არის რუსეთის მოქალქე, მას საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია მყარი ოჯახური კავშირები, რომელთა დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამო იქნებოდა.
6. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება დანაშაულის ხანდაზმულობის საკითხზე, ვინაიდან ა. ხ-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება, გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაბამისად, გერმანიის სსკ-ის თანახმად, გამოიყენება 20 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა. რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, ა. ხ-თვის ბრალად შერაცხული ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილს, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება და მასზე ვრცელდება 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დინება ჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ხ-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ამავე სახელმწიფოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილის 1-ლი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ხ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ვ. როინიშვილი