დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.01.2017
საქმის ნომერი
2კ-1-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.01.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1I-17 ქ. თბილისი

მ-ი ა, 1I-17 6 იანვარი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ჯ-ას

ადვოკატ _ მ. პ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. მ-ის

თარჯიმან _ დ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2016 წლის 19 ივლისს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. მ-ი.

2. 2016 წლის 21 ივლისს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. მ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

3. 2016 წლის 28 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის 2016 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

4. 2016 წლის 25 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა. მ-ის ექსტრადიციის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და საექსტრადიციო მასალების დედნები.

5. 2016 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების გარანტია ექსტრადიციის შემთხვევაში ა. მ-ის მიმართ საქმის ხელახალი განხილვის შესახებ.

6. 2016 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. მ-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით – 2017 წლის 19 იანვრამდე.

7. ამჟამად ა. მ-ი მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში.

8. 2013 წლის 22 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განზრახვის გარეშე სიცოცხლის ხელყოფა), 223–ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაცდელში მყოფი პირის დაუხმარებლობა) და 434-ე მუხლის მე-10 ნაწილით (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. 2013 წლის 22 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ა. მ-ის დაპატიმრების ბრძანება, ხოლო 2014 წლის 18 თებერვალს ბრესტის რესპუბლიკურმა პროკურორმა გამოსცა მისი დაპატიმრების ევროპული ორდერი.

10. 2014 წლის 7 მარტს ა. მ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

11. 2016 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დ. ჯ-ამ და ითხოვა, სასამართლოს დასაშვებად ეცნო ა. მ-ის ექსტრადიცია საფრანგეთის რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განზრახვის გარეშე სიცოცხლის ხელყოფა), 223-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაცდელში მყოფი პირის დაუხმარებლობა) და 434-ე მუხლის მე-10 ნაწილით (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება), რადგან ა. მ-ის მიმართ ექსტრადიციის განხორციელებისათვის როგორც საერთაშორისო, ისე სამართლებრივი დახმარების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, დაცულია ყველა მოთხოვნა ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლების, პირის იდენტიფიკაციის, ორმაგი დანაშაულის პრინციპის, დანაშაულის ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის სტატუსის, non bis in idem, სამართალწარმოებისა და გარანტიების შესახებ.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დ. ჯ-ას შუამდგომლობა: დასაშვებად იქნა ცნობილი ა. მ-ის საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განზრახვის გარეშე სიცოცხლის ხელყოფა) და 223-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაცდელში მყოფი პირის დაუხმარებლობა); არ იქნა დასაშვებად ცნობილი ა. მ-ის ექსტრადიცია საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 434-ე მუხლის მე-10 ნაწილით (სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდება).

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ-ის ადვოკატი მ. პ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

14. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს. ა. მ-ი დაბადებულია და ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობდა საქართველოში, იყო საქართველოს მოქალაქე, მისი ახლობლები არიან საქართველოს მოქალაქეები, ცხოვრობენ და საქმიანობენ საქართველოში.

15. გარდა ამისა, ა. მ-ი იყო გემის კაპიტნის პირველი თანაშემწე და უწევდა ევროპისა და აფრიკის კონტინენტების ტერიტორიულ წყლებში ცურვა. 2007 წელს მომხდარი ფაქტი იყო უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც მას დახმარება არ შეეძლო, რადგან შეჯახების შემდეგ მისი გემი, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული, ძლიერმა დინებამ გაიტაცა. ამასთან, გემი დააკავა სამხედრო ხომალდმა, გადაიყვანა სამხედრო ბაზის პორტში, სადაც ძლიერი მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლით წარმოებული დაკითხვისას ა. მ-მა განაცხადა, რომ ის იმყოფებოდა სამართავ პულტთან, რაც რეალური არ იყო. მან რეალური განმარტება მისცა აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს, რომლებმაც უთხრეს, რომ მისი ეს ჩვენება გადაეგზავნებოდა საფრანგეთის შესაბამის ორგანოებს, რაც არ მომხდარა; შესაბამისად, ა. მ-ს არ მიეცა სასამართლოს წინაშე გამოსვლისა და თავის დაცვის შესაძლებლობა.

16. იმ დროს, როდესაც სასამართლომ შეტყობინება გააგზავნა, ა. მ-ი იმყოფებოდა ზღვაში და ფიზიკურად ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოში. ზღვაში მყოფი პირის ინფორმირება სასამართლო სხდომის შესახებ, როცა მას არა აქვს სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობა, არ არის სათანადო ინფორმირება, ამიტომ დაცვის უფლების უზრუნველყოფაც ვერ განხორციელდა და სასამართლომ ა. მ-ის დაუსწრებლად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

17. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად: „პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისათვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. მ-ს არ დაურღვევია საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილი (წყლის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც სპეციალურად ევალება ამ წესის დაცვა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც ითვალისწინებს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

18. რაც შეეხება განსაცდელში მყოფი პირის დაუხმარებლობას, იგი გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და სსკ-ის 71-ე მუხლის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 6 წელი სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. აღნიშნული ქმედების ჩადენის თარიღად მითითებულია 2007 წლის 17 აგვისტო. ა. მ-ი მთელი ამ დროის განმავლობაში არ მიმალულა, საქმიანობდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, ა. მ-ისათვის ბრალად შერაცხულ მუხლზე 2012 წლის 28 დეკემბერს გამოცემულია კანონი „ამნისტიის შესახებ“.

19. ამდენად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად, ა. მ-ის ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. პ-ე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ა. მ-ის საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. მ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 19 ივლისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ა. მ-ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ა. მ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს ა. მ-ის ბრალეულობის საკითხს. ამ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია საფრანგეთის რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით.

5. პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ადვოკატის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ა. მ-ის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს, ვინაიდან იგი დაბადებულია და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით დადასტურებულია, რომ ა. მ-ი არ არის საქართველოს მოქალაქე, არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, არ აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არ ჰყავს ოჯახი. იგი არ სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

6. საფუძველსაა მოკლებული საკასაციო საჩივრის მოსაზრება ა. მ-ისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ექსტრადიცია, თუ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციას დაქვემდებულებული პირის მიმართ აშკარად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ან არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. სათანადო პირობებისა და შესაბამისი პროცესუალური გარანტიების არარსებობის შემთხვევაში პირის მიმართ საქმის დაუსწრებლად განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს აშკარად არ გამოუხატავს სასამართლოში განხილვისას გამოცხადებაზე უარი, მას უნდა მიეცეს ფაქტებისა და სამართლის საკითხებზე ხელახალი სასამართლო განხილვის შესაძლებლობა. საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განაჩენთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მიცემული გარანტიის შესაბამისად, საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. მ-ს მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს საქმის ხელახალი განხილვის უფლებით.

7. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის პოზიციას ამნისტიასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით“. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არა აქვს იურისდიქცია ა. მ-ის მიმართ, მსჯელობა ამნისტიის კანონის შესაძლო გამოყენების თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

8. რაც შეეხება კასატორის მითითებას ა. მ-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევა მოხდა 2007 წლის 16-17 აგვისტოს ღამეს; 2013 წლის 22 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 223-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 434-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე დღეს გამოიცა მისი დაპატიმრების ბრძანება, ხოლო 2014 წლის 18 თებერვალს ბრესტის რესპუბლიკურმა პროკურორმა გამოსცა ა. მ-ის დაპატიმრების ევროპული ორდერი, 2014 წლის 7 მარტს კი გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. შესაბამისად, არ დარღვეულა საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. მ-ის საფრანგეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით საფრანგეთის რესპუბლიკის ბრესტის სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია ამავე სახელმწიფოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 223-ე მუხლის მე-6 ნაწილით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. ქათამაძე