განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 21.04.2017
საქმის ნომერი
211აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.04.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №211აგ-16 21 აპრილი, 2017 წელი

ტ. კ-ო, 211აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ც-სა და ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს განაჩენით კ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 4000 ლარი; სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4000 ლარი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით კ. ტ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–2 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2005 წლის 29 ივნისიდან იმავე წლის 1 ივლისის ჩათვლით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ. ც-ემ და ტ. მ-მა, რომლებმაც ითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა, კ. ტ-ის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლისა და სსკ–ის 59–ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – კ. ც. და ტ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილით („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად) მსჯავრდებულის მდგომარეობა უმჯობესდება.

3. ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს განაჩენის თანახმად, კ. ტ. იყო ნასამართლობის არმქონე, მისი მდგომარეობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, გაუმჯობესდება, რაც საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების) კოდექსის დებულებებს აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა.

5. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 აგვისტოს განაჩენით არასრულწლოვან კ. ტ-ის მიმართ არ არის გამოყენებული იმ დროს მოქმედი სსკ-ის 88-ე მუხლით დადგენილი შეღავათები, მოსალოდნელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის უკუძალით გავრცელების საფუძველია.

6. სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ისარგებლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებით, რა დროსაც მისთვის საბოლოო სასჯელი განისაზღვრება ახალი კანონის შესაბამისად, საკასაციო პალატა, მის წინაშე არსებული კონკრეტული მოცემულობის გათვალისწინებით, არ იზიარებს და განმარტავს: მოცემულ შემთხვევაში მხარე შუამდგომლობს განაჩენის გადასინჯვას მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რაც მსჯავრდებულის მიერ სამომავლოდ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში არ იქნება შემაფერხებელი საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოსთვის, ვინაიდან ამ შემთხვევაში სასამართლო არ აფასებს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ მსჯელობს ქმედების კვალიფიკაციის სისწორესა და შეფარდებული სასჯელის სამართლიანობაზე; სასამართლომ უნდა შეასრულოს მხოლოდ კანონის იმპერატიული მოთხოვნა დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის შეფარდებისა და არასრულწლოვნისთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ, რაც არ წარმოადგენს შეფასების საგანს (ვინაიდან კანონით ზუსტადაა განსაზღვრული აღნიშნული წესები) და, შესაბამისად, განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაშიც არც ერთ ასპექტში არ იქნება საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს შემბოჭავი.

7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ კ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ც-სა და ტ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ უნდა გაუქმდეს, წარმოება დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და შუამდგომლობა დაშვებულ იქნეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ კ. ტ-ის მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე