საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №30აპ-17 ქ. თბილისი
რ-ა რ., 30აპ-17 23 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. რ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით; ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათისათვის, ქ…… სოფელ ….. მიმართულებით ტაქსით მოძრაობისას, რ. რ-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა ს. ე-ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას და მის კუთვნილ ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ. რ-მ ტაქსის მძღოლ ს. ე-ს, ამ უკანასკნელის კუთვნილი ….. სახელმწიფო ნომრის მქონე ”ფოლკსვაგენ პასატის” მოდელის ავტომობილით თავი მიაყვანინა სოფელ ….. უბანში, ცენტრალური გზიდან მოშორებულ, მოფარებულ და დაუსახლებელ ადგილზე, სადაც ქონების დაუფლების გაადვილების მიზნით, მოსაკლავად, ქვისა და ჩაქუჩის გამოყენებით, თავს დაესხა ს. ე-ს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, რ. რ-მ ზემოხსენებული საგნების მრავალჯერადი გამოყენებით ს. ე-ს კეფის, შუბლის, სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში მიაყენა სხეულის მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რომელთა შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, რ. რ-მ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ვინაიდან ვერ იპოვა მანქანის გასაღები, დააზიანა ს. ე-ს კუთვნილი ავტომობილის საჭის მოპირკეთების ქვედა პანელი, ხელმისაწვდომი გახადა მანქანის ანთების გასაღების ბუდე, რომელიც ასევე დააზიანა და კონტაქტების მეშვეობით შეეცადა მანქანის დაქოქვას, თუმცა - უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო დაუფლებოდა ავტომობილს, რ. რ-ა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ს. ე-ს ფულად თანხას, დაახლოებით 10 ლარს, ,,ნოკიას” მოდელის მობილურ ტელეფონს, იმეი კოდით ….., ასევე ს. ე-ს სახელზე გაცემულ მართვის მოწმობასა და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აგვისტოს განაჩენით რ. რ-ა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. რ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლზე.
რ. რ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 25 დეკემბრიდან.
განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რ. რ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათისთვის, რ. რ-მ ტაქსის მძღოლ ს. ე-ს, ამ უკანასკნელის კუთვნილი, ….. სახელმწიფო ნომრის მქონე ,,ფოლკსვაგენ პასატის’’ მოდელის ავტომობილით თავი მიაყვანინა სოფელ ….. უბანში, ცენტრალური გზიდან მოშორებულ ადგილზე, სადაც ბლაგვი საგნის მრავალჯერადი გამოყენებით ს. ე-ს კეფის, შუბლის, სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რომელთა შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ რ. რ-მ დააზიანა ს. ე-ს კუთვნილი ავტომობილის საჭის მოპირკეთების ქვედა პანელი, ხელმისაწვდომი გახადა ავტომანქანის ანთების გასაღების ბუდე, რომელიც ასევე დააზიანა და კონტაქტების მეშვეობით შეეცადა ავტომანქანის დაქოქვას, თუმცა - უშედეგოდ. ამის შემდგომ რ. რ-მ შემთხვევის ადგილიდან გაიტაცა ს. ე-ს სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ და მსჯავრდებულმა რ. რ-მ.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დათო ცირეკიძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, რ. რ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებული რ. რ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ საფუძვლით, რომ მას ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ. რ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის დათო ცირეკიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
რ. რ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლზე.
რ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 25 დეკემბრიდან.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ნ. კ-ს, ნ. ე-ს, ფ. შ-ს, ბ. ძ-ს, ტ. გ-ს, ტ. თ-ს, დ. ე-ს, ზ. ე-ს, ა. ე-ს, ბ. ე-ს, ი. ე-ს, ვ. ჯ-ს, ლ. ჯ-ს, მ. ქ-ს, გ. კ-ს, თ. ლ-ს, ვ. ხ-ს, ლ. კ-ს, რ. ჯ-სა და ს. გ-ს ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, რომლის სისწორე დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე და შემდგომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - ბ. დ-მ, გ. კ-მ, ლ. ბ-მ, ბ. ს-მ, ზ. ჯ-მ და ი. ჯ-მ, მოწმე კ. ქ-ს ჩვენებისა და მის მიერ 2015 წლის 26 დეკემბერს შედგენილი დათვალიერების ოქმის, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმისა და ჩხრეკაში მონაწილე პირების - შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - შ. ჭ-ს, ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ლ. ბ-სა და ა. ა-ს მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის №…..დასკვნის, რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. გ-მ, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №….. დასკვნის, რომლის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ი. ე-მ და შ. კ-მ, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №….. დასკვნის, რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. მ-მ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნის, რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. ტ-მ, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნის ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რ. რ-ს არ ჩაუდენია გასაჩივრებული განაჩენით მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულები და მიიჩნია, რომ ასეთი პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული რ. რ-ს ბრალეულობა განზრახ მკვლელობასა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. რ-ს ჩადენილი აქვს დამოუკიდებელი დანაშაულები - განზრახ მკვლელობა და ქურდობის მცდელობა, ხოლო 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები მის ქმედებაში ქურდობის მცდელობის შემადგენლობის არარსებობის შესახებ არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რ. რ-ს მიერ დაზარალებულ ს. ე-ს კუთვნილი ავტომანქანის ქურდობის მცდელობის ფაქტი, რასაც შესაძლოა, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ამასთან, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რ. რ-თვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, კერძოდ: რ. რ-მ ჩაიდინა სამი დამოუკიდებელი დანაშაული და მისმა ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი, რის გამოც მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება არ მიიჩნია მიზანშეწონილად.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-მ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მსჯავრდებულ რ. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. შ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ. რ-ს გამართლებას იმ საფუძვლით, რომ:
როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა გამამტყუნებელი განაჩენები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო. გამოძიებამ რ. რ-ს ბრალად შერაცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენა. აღნიშნული ბრალდებები არის უსაფუძვლო. რ. რ-მ საქმის განხილვის ყველა ეტაპზე განაცხადა, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულები - ს. ე-ს განზრახ მკვლელობა და მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მას არ გააჩნდა არანაირი განზრახვა და მოტივი აღნიშნული დანაშაულების ჩასადენად და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. იგი, მართალია, არ უარყოფს, რომ რეალურად მართლაც იჯდა ს. ე-ს ტაქსში გადაადგილების მიზნით ..... რაიონის სოფ. ....., მაგრამ მას არ მოუკლავს ს. ე-ა და არანაირი განზრახვა, მოტივი და მიზანი არ ჰქონია საამისოდ და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებები - როგორც ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ნივთიერი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ რ. რ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ხოლო მანამდე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავიანთი განაჩენებით უგულებელყვეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მიერ ბოლო წლებში დადგენილი პრაქტიკა. პირველი ინსტანციის სასამართლომ რ. რ-ს მიმართ გამოძიების მიერ წარდგენილი ბრალდება, განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 108-ე მუხლზე. როგორც მოცემული სს–ის საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, ბრალდების მხარე არც გამოძიების და არც მოცემული საქმის 1-ლი და სააპელაციო სასამართლოების განხილვების ეტაპზე არ ედავებოდა რ. რ-ს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის ჩადენას და არ ედავება არც ამ მომენტისათვის. რ. რ-ს მართლაც რეალურად რომ ჩაედინა განზრახ მკვლელობა, სააპელაციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არ უნდა გადაეკვალიფიცირებინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე. როგორც 1-ლმა, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთ განაჩენებში ვერ დაასაბუთეს მის მიერ სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენა იმ ფონზე, რომ რ. რ-ა არ ცნობდა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და არ ცნობს ამ მომენტისათვის. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო ინსტანციამ იგნორირება გაუკეთა უზენაესი სასამართლოს მიერ ბოლო წლებში დადგენილ პრაქტიკას და რ. რ-ა დამნაშავედ ცნო ისეთი სახის მკვლელობის ჩადენაში, რომლის ჩადენას ბრალდება არ ედავებოდა და არც ეხლა ედავება (სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა), კერძოდ, ბრალდების ფორმულირება არ შეიცავდა აღნიშნულ ბრალდებას და როგორც 1-ლი, ასევე სააპელაციო სასამართლოები მოკლებულნი უნდა ყოფილიყვნენ შესაძლებლობას, ემსჯელათ რ. რ-ს ქმედების გადაკვალიფიცირების თაობაზე იმ ფონზე, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მის მიერ თუნდაც განზრახ მკვლელობის ჩადენას (იხ.უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მიერ კონკრეტულ საქმეზე 2015 წლის 7 მაისის განაჩენი სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ვ. ვ-ს მიმართ). დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დათო ცირეკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. რ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, კერძოდ:
კასატორის მოსაზრებით, განაჩენი რ. რ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების ნაწილში არის უკანონო. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობისათვის სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით. მოცემული კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რა სიმძიმის არის ის დანაშაული, რომლის ჩადენის გაადვილების მიზნით იქნა ჩადენილი მკვლელობა, ამასთან, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისათვის კლავენ ადამიანს, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სუბიექტს მომავალ დანაშაულში ან უკვე ჩადენის პროცესში მყოფ დანაშაულში. სწორედ მესაკუთრე იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლიდა რ. რ-ს, ფარულად დაუფლებოდა ავტომანქანას, სწორედ გარდაცვლილი ს. ე-ა იყო ეს ადამიანი, რომელიც ხელს შეუშლიდა მას განეხორციელებინა მისი განზრახვა. როდესაც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა გადაკვალიფიცირებაზე, აღნიშნა, რომ აქ არ არის ქურდობის შემადგენლობა და ამიტომ არის სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ნიშნავს, რომ სასამართლომ ფაქტიურად თქვა თუ არის ქურდობა, მაშინ არის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. 8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
10. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო (იხ. საქმე #190აპ-15; 850აპ-10; 28აპ-10; 366აპ-15). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, კასატორი - დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
11. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისა ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისა ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს რ. რ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია დადასტურებულად, რომ რ. რ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე.
12. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება აგრეთვე შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ.საქმე #190აპ-15).
13. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განაჩენზე (საქმე #430აპ-14), პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული დანაშაულის ჩადენის გარემოებები არის ცალსახად განსხვავებული გასაჩივრებული განაჩენით დადგენილ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისაგან.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი