შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №32აპ-17 ქ. თბილისი
ი-ი ს., 32აპ-17 30 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ს. ი-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული 5 წლით პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ ს. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 28 აპრილიდან.
3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
4. განაჩენით ს. ი-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის განაჩენით ს. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელი შთანთქა 2014 წლის 28 მაისის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულმა სასჯელმა (სსკ-ის 273-ე მუხლი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები) და საბოლოოდ ს. ი-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ს. ი-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. 2016 წლის 4 მარტს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ს. ი-ს კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით, უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
6. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ქ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ს. ი-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან იგი გამოტანილია საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმათა უხეში დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს. ი-ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ს. ი-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
3. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლის, მოწმე ა. ჩ-ს განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს. ი-ს შესთავაზა ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, უარის მიღების შემდეგ დააკავა ადმინისტრაციული წესით და ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით თანამშრომელ შ. კ-თან ერთად წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.
4. ნარკოლოგიური გამოკვლევის 2016 წლის 4 მარტის #.....დასკვნის თანახმად, ს. ი-ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ,,ამფეტამინისა“ და ,,მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი.
5. ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე. ფ-მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე ს. ი-ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური გამოკვლევა, რა დროსაც ბიოლოგიურ მასალა - შარდში ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - ,,ამფეტამინისა’’ და ,,მეტამფეტამინის’’ მოხმარების ფაქტი. ექსპერტის განმარტებით, ბიოლოგიურ მასალა - შარდში ,,ამფეტამინის’’ ან/და ,,მეტამფეტამინის“ მოხმარების კვალი ნარჩუნდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებიდან 1-7 დღის ვადაში.
6. ბრალდებულმა ს. ი-მ უარყო წარდგენილი ბრალდება და ვარაუდის დონეზე განმარტა, რომ შესაძლოა, ექსპერტმა ექსპერტიზა არაკვალიფიციურად ჩაატარა ან მის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი’’ და ,,მეტამფეტამინი“ განზრახვის გარეშე აღმოჩნდა.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ ჩვენებას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოსაზრებას, რომ დაცვის მხარემ ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციისა და მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ვარაუდის დონეზე გახადა საეჭვო ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ნარკოტიკული საშუალების განზრახ მიღება. ამგვარ ვერსიას პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დაუპირისპირდა ბრალდების მხარე, კერძოდ, ექსპერტმა კატეგორიულად დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, გამორიცხა რაიმე ხარვეზის დაშვება გამოკვლევის დროს და დამატებით განმარტა, რომ ინსტრუმენტი-ტესტი, რომელიც გამოიყენება შემოწმების დროს, არის ერთჯერადი, შეფუთული, დალუქული, იხსნება შესამოწმებელი პირის თვალწინ და მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება გამოკვლევა.
8. სამედიცინო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრის პროგრამის კოორდინატორის 2016 წლის 14 მარტის №….. წერილის თანახმად, მოქალაქე ს. ი-ი (პ/ნ …..) გადის მკურნალობის კურსს სამედიცინო ცენტრ „…..“ მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის №….. განყოფილებაში 2016 წლის 8 იანვრიდან. 2016 წლის 4 მარტს მას მიღებული აქვს ექიმის დანიშნული მეთადონის ჰიდროქლორიდის კუთვნილი დოზა - 65 მგ-ის ოდენობით. გამოკვლეული მტკიცებულება მიუთითებს, რომ ს. ი-ს ექიმის დანიშნულება ჰქონდა მხოლოდ ,,მეთადონზე“ და არა - ,,ამფეტამინსა“ და ,,მეტამფეტამინზე“ .
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, ის ტესტი, რომლითაც შემოწმდა ს. ი-ს ბიომასალა, იყო დაზიანებული და შედეგიც არასწორად აჩვენა.
10. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გამოკვლევის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, უფრო მეტიც: დასკვნა ს. ი-ს არ გაუსაჩივრებია, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოლოგიური გამოკვლევის ბარათზე მინაწერის თანახმად, მას პრეტენზია ჰქონდა დასკვნის მიმართ, ასაჩივრებდა მას და განემარტა დასკვნის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის შესახებ. ის გარემოება, რომ ს. ი-ს გააჩნდა პრეტენზია ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, არ ნიშნავს, რომ იგი ითხოვდა ახალი ინსტრუმენტით - ტესტით განმეორებითი კვლევის ჩატარებას, პრეტენზია ლოგიკურად დასკვნის გასაჩივრებაში უნდა გამოხატულიყო და არა - ფორმალურად გაცხადებულ პრეტენზიაში.
11. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით დაუსაბუთებელია მათი განცხადება, რომ ს. ი-მ განმეორებითი შემოწმება ვერ ჩაიტარა ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და ასევე მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ არგუმენტაციას: ს. ი-ს არ აქვს წარმოდგენილი ცნობა დაუცველის სტატუსის შესახებ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ს. ი-ს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა (არის თუ არა სოციალურად დაუცველი); ს. ი-ს არ უსარგებლია სახელმწიფო დაცვით, რომელიც თავად უზრუნველყოფდა ალტერნატიული გამოკვლევის ჩატარებას სახელმწიფოს ხარჯზე, თუკი ამის საფუძველი იარსებებდა.
12. რაც შეეხება კასატორის პოზიციას მოწმეების - ე. ფ-სა და ა. ჩ-ს ჩვენებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: ექსპერტს, რომელიც დღის განმავლობაში ათეულობით მოქალაქეს უტარებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სავსებით ლოგიკურია, რომ 5 თვის შემდეგ არ ახსოვდეს, ს. ი-ს ჰქონდა თუ არა პრეტენზია დასკვნის შედეგთან, ხოლო ამავე ლოგიკით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, რომელიც დღის განმავლობაში არაერთ პირს წარადგენს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, შესაძლოა, 5 თვის შემდეგ ზუსტად არ ახსოვდეს საკუთარი ან მეწყვილის როლი არაარსებით საკითხებზე. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დასადგენად აუცილებელია შესაბამისი საექსპერტო კვლევა და ეს გამოკვლევა უნდა ჩატარდეს იმ სტანდარტის დაცვით, რაც დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - ე. ფ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ სწორედ სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად გამოიკვლია ს. ი-ი, რომელსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ექსპერტმა დაადგინა, რომ მოხმარებული ნივთიერებები - „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამინი“ იყო ნარკოტიკი.
13. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის პრეტენზიებზე ადმინისტრაციული დაკავების ოქმთან დაკავშირებით დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ:
14. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს ოპერატიული პატაკი და დაიკითხა ამ პატაკის ავტორი, მოწმე ა. ჩ-ე. დასახელებული მტკიცებულებები მიუთითებენ კონკრეტული ოპერატიული ინფორმაციის არსებობაზე. ოპერატიული ინფორმაციისა და საპოლიციო ღონისძიებების რეალიზაციის საფუძველზე გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ს. ი-ი.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ადგენს ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენას, პოლიციის მოსამსახურე უფლებამოსილია, პირი სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც: ... ბ) ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების დროს პირი ცდილობს მიმალვას ან თავს არიდებს კანონიერი მოთხოვნის შესრულებას და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა მოიხმარა ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. გ) ...არსებობს პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიციის თანამშრომელს გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის შესახებ. ამდენად, პოლიციის მოსამსახურე იყო უფლებამოსილი, ს. ი-თვის მოეთხოვა საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენა. დასახელებული ინსტრუქციის შესაბამისად, თუ პირი უარს აცხადებს საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე, მოსამსახურე უფლებამოსილია, გამოიყენოს ადმინისტრაციული დაკავების ღონისძიება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად. ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებს ს. ი-ი, დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა ნებაყოფლობით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რაც გახდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძველი.
16. ადმინისტრაციული დაკავების ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ს. ი-ი, დასტურდება, რომ მას განემარტა მისი უფლებები: მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ადვოკატის უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს აგრეთვე მის სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. ს. ი-ს, მსგავსად ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, არ გაუსაჩივრებია ადმინისტრაციული დაკავება.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენებით ს. ი-ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
18. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი. კასატორი თავისი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ,,საუნდერსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (SAUNDERS V THE UNITED KINGDOM).
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, დაცული უნდა იყოს სამართლიანობის საერთო მოთხოვნები, მათ შორის - ბრალდებულის უფლება, არ მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. სასამართლოში ისეთი თვითმამხილებელი ჩვენებების გამოყენება, რომლებიც მოპოვებულია ადმინისტრაციული გამოძიების დროს და იძულებითი წესით, არ შეიძლება გამართლებული იყოს საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობით.
20. მოცემულ საქმეში მსჯავრდებულ ს. ი-ს ბრალეულობას საფუძვლად უდევს არა მისი მამხილებელი ჩვენება, არამედ - ზემომითითებული უტყუარი, თანმიმდევრული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
21. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. ი-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს და მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა შემდეგ გარემოებათა გამო:
221. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინსა“ და „მეტამფეტამინთან“ მიმართებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.
24. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური მიდგომა, გააანალიზოს ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხე მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
25. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობა სასამართლომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისია პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.
26. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.
27. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ს. ი-ი წარსულში ნასამართლევია და გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, მიაჩნია, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას, განსხვავებით სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილისაგან (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას და პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა კონსტიტუციის შეუსაბამო სასჯელად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე, არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.
28. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ს. ი-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ მას უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ს. ი-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წელი და საბოლოოდ ს. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2016 წლის 28 აპრილიდან.
6. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი