საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2017
საქმის ნომერი
2კ-677აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№677აპ-16 ქ. თბილისი

მ-ე ი, 677აპ-16 11 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით ი. მ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; ი. მ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 27 მაისიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 31 ივლისიდან - 2015 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით; გაუქმდა მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და ყადაღა მოეხსნა ბრალდებულ ი. მ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების 10 000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად შ. ა-ის (პ/ნ -) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ, 10 000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ბ-ში, დასახლება მ-ში, საკადასტრო კოდი: ….

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი. მ-ემ 2015 წლის 1 იანვრიდან - 22 ივნისამდე, რამდენჯერმე როგორც ქ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში, ისე სოფელ მ-ში, ა-ის მიმდებარედ, ასევე ქვედა ბ-ის საავტომობილო გზის სხვადასხვა ადგილის მიმდებარედ სქესობრივი კავშირი დაამყარა 16 წელსმიუღწეველ ს. ო-ესთან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და ი. მი-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა სასამართლოში წარიმართა საქართველოს სსსკ-ის არსებითი დარღვევით. განაჩენს საფუძვლად დაედო: მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში არ გამოკვლეულა, ასევე - ირიბი მტკიცებულებები და საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნის დარღვევით სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე პოლიციელების მიერ (ადვოკატის გარეშე) ი. მ-ისგან მიღებული ინფორმაცია (დაკითხვის ოქმი და მის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი). კასატორის მოსაზრებით, ი. მ-ის ბრალდება მხოლოდ დაინტერესებული პირის, დაზარალებულ ს. ო-ის ჩვენებას დაეყრდნო. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარის საპირწონედ არ წარმოადგინა მტკიცებულება და მან მხოლოდ დაზარალებულის შედეგით დაინტერესებაზე მიუთითა - წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას.

6. კასატორის მითითებით, საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ს. ო-ის ტანსაცმელი, ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“ და გადასაფარებელი (ე.წ. „ადიალი“), საქართველოს სსსკ-ის 251-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ვერ იქნება მიჩნეული მტკიცებულებად, რადგან იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვერც 2015 წლის 30 ივლისის N- ექსპერტიზის დასკვნა მიიჩნევა ბრალდების მტკიცებულებად, ვინაიდან ს. ო-ის ტანსაცმელი სასამართლოში არ გამოკვლეულა და მხარეებს იგი, საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, არ გამოუკვლევიათ.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, ი. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება განეკუთვნება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელსაც, მისი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, არ ახასიათებს ე.წ. თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება როგორც დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულ, უტყუარ ხასიათს, ისე მის ურთიერთშეთანხმებას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (მაგალითისთვის იხ. №253აპ-15, №466აპ-16).

9. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 ივლისის N- ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე დართული საგნები, ნივთები: ს. ო-ის ტანსაცმელი, ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“ და გადასაფარებელი (ე.წ. „ადიალი“), ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა საქართველოს სსსკ-ის 251-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვერ იქნება მიჩნეული მტკიცებულებად, რის გამოც იგი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დასდებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე ს. ო-ის ტანსაცმელი, „მიცუბიში პაჯერო“ და გადასაფარებელი (ე.წ. „ადიალი“), საპროცესო კანონმდებლობის დაცვით არის მოპოვებული. ს. ო-ის ტანსაცმელსა და ე.წ. „ადიალზე,“ ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტებმა ე. სხირტლაძემ და ნ. ნანობაშვილმა დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი დასკვნის (2015 წლის 30 ივლისის N-) სისწორე. ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება დამოუკიდებელი სახის მტკიცებულებებია და მისი უტყუარი ხასიათი ექსპერტიზაზე წარდგენილი საგნის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევასთან ან მასზე უარის თქმასთან დაკავშირებული არ არის. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებათა მოცულობას განსაზღვრავს თვით მისი წარმდგენი მხარე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის გამოტანის დროს ზემომითითებული მტკიცებულებებით ხელმძღვანელობა არ არღვევს საპროცესო კანონმდებლობას.

10. კასატორის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარის საპირწონედ არ წარმოადგინა მტკიცებულება და მან მხოლოდ დაზარალებულის შედეგით დაინტერესებაზე მიუთითა - წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მაგრამ მოცემული დანაწესი დაცვის მხარეს არ ართმევს უფლებამოსილებას თავისი პოზიციის დამადასტურებლად წარმოადგინოს მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ექსპერტიზის დასკვნა, ნივთმტკიცებები) კანონის მოთხოვნათა დაცვით შეფასდა.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე