შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№570აპ.-16 ქ. თბილისი
პ. ტ-ლ, 570აპ.-16 20 მარტი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ამირან ხუციშვილის
ადვოკატების – შ. ხ-ის, ზ. ბ-ის
მსჯავრდებულ - ტ. პ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ტ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ივლისის განაჩენით ტ. პ., – დაბადებული ---ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით ტ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
· ტ. პ-ს 2014 წლის 7 ნოემბერს, თბილისში, ნარკოლოგიური შემოწმების დროს, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით ტ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ტ. პ-ის მიმართ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოსახდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით ტ. პ-ს გაუნახევრდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, ხოლო 1/4-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
· 2014 წლის 6 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, --, მე-- მ/რაიონის N- კორპუსის პირველ სართულზე არსებულ აფთიაქ „მ-ში“ ტ. პ. თავს დაესხა ამავე აფთიაქის ფარმაცევტ ნ. მ-ს, რომელსაც დანის გამოყენების მუქარით გასტაცა თანხა 200 ლარის ოდენობით და ფსიქოტროპული მედიკამენტები.
2. ტ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ტ. პ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ-ემ. მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ივლისის განაჩენის გაუქმება და ტ. პ-ის გამართლება. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოსო სალთხუციშვილმა შესაგებლით განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – მსჯავრდებულ ტ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ., საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელია და არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის მიერ მისთვის წარდგენილი ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებიც გამორიცხავდნენ ტ. პ-ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნები, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები და მხედველობაში მიიღო დაზარალებულის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ჩვენება და პოლიციელთა - ვ. გ-სა და დ. ს-ის არასარწმუნო და საქმის მასალებთან შეუსაბამო ჩვენებები; დაზარალებულის განმარტებით, მას არ შეუძლია ამოიცნოს, თუ ვინ იყო თავდამსხმელი, მაგრამ ამავე დროს აღწერს მის გარეგნობას. გასათვალისწინებელია, რომ აღწერილი გარეგნული ნიშნები ტ. პ-ს არ შეესაბამება. ნ. მ-ის განცხადებით, იგი ყაჩაღობის შემდეგ გამოჰყვა თავდამსხმელს და დაინახა, რომ აფთიაქის წინ მხოლოდ უცხო ბიჭი და გოგო იყვნენ. პოლიციელთა ჩვენების თანახმად კი ისინი აფთიაქთან იმყოფებოდნენ, როდესაც ტ. პ. დაინახეს და აედევნენ. ამასთან, პოლიციის მუშაკთა კატეგორიული მტკიცებით, ბრალდებულმა ვ. გ. და დ. ს., მათი ძლიერი ფიზიკური აღნაგობისა და სამსახურებრივი „შკოდით“ მოძრაობის მიუხედავად, ვერ შეამჩნია. დაცვის მხარემ სთოხვა ბრალდების მხარეს, დ. ს-სა და ვ. გ-ის სატელეფონო ნომრების მიხედვით ანძების გადამოწმება (მათი შემთხვევის ადგილზე ნამდვილად ყოფნის დადგენის მიზნით), თუმცა უარი მიიღო. ამასთანავე, დ. ს-მა და ვ. გ-მა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ყაჩაღობის ფაქტის შესახებ მათ 20:00 საათზე შეიტყვეს და მიუთითეს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იყო ტ. პ.. მიუხედავად აღნიშნულისა, 20:55 საათზე კრიმინალური პოლიციისათვის საპატრულო პოლიციის ოცმეთაურის მიერ გადაცემულ შეტყობინებაში მიეთითა, რომ თავდამსხმელი იყო 25 წლის დაუდგენელი პირი.
8. კასატორი აღნიშნავს, რომ შემთხვევის დღეს ტ. პ-ის დაკავება ან/და მისი პირადი, თუ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა არ განხორციელებულა, ხოლო შემთხვევიდან მეორე დღეს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა კანონის აშკარა, უხეში დარღვევით ჩატარდა, კერძოდ, საქმის მასალებში არ არის მოთავსებული ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გამომძიებლის დადგენილება. ამდენად, პირს, ვისთანაც ჩხრეკა ჩატარდა, დადგენილება არ წარდგენია. აქედან გამომდინარე, დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები და ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნები. ამასთანავე, დასაბუთებული არ არის ჩხრეკის ჩატარებისათვის გადაუდებელი აუცილებლობა, ვინაიდან, ტ. პ-ზე ეჭვი ჯერ კიდევ 2014 წლის 6 ნოემბერს იქნა მიტანილი, მაგრამ შესაბამისმა პირებმა ბინა შემთხვევიდან მეორე დღეს გაჩხრიკეს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ კაშნეზე, რომელიც, თვითმხილველ მოწმეთა განცხადებით, მსჯავრდებულს ყაჩაღობის დროს ეკეთა, მდედრობითი სქესის დნმ იქნა აღმოჩენილი.
10. კასატორთა პოზიციით, ვინაიდან ტ. პ-ი დასახელებული აფთიაქის ხშირი მომხმარებელია და იქ უამრავჯერ არის ნამყოფი, ამდენად, დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, შემთხვევის ადგილას მისი თითის ანაბეჭდებისა და სუნის აღმოჩენა გასაკვირი არ არის. ყაჩაღობამდე ტ. პ-ის აფთიაქში ყოფნას ადასტურებს მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფსიქოტროპული მედიკამენტი ვალიუმიც. ამასთან, ფაქტი, რომ დასახელებული მედიკამენტი ვალიუმი ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ვალიუმია, არ ადასტურებს საქმეში მოთავსებული არც ერთი მტკიცებულება.
11. დაცვის მხარის მტკიცებულებათა თანახმად, კერძოდ, ნ. თ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს იგი 19:00 საათიდან - 21:00 საათამდე დროის პერიოდში ტ. პ-თან სტუმრად იმყოფებოდა. მოწმე დ. ფ-ემ აგრეთვე დაადასტურა 19:00 საათზე მსჯავრდებულის სახლში ყოფნის ფაქტი. ტ. პ-ის მეუღლის - თ. ჩ-ის ჩვენებით კი მსჯავრდებული სახლიდან 18:00 საათისთვის მხოლოდ ორი წუთით გავიდა, რის შემდეგაც დაბრუნდა და მათ სტუმრები სახლიდან 21:00 საათზე გააცილეს. ანალოგიურად, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ტ. პ-მა დაადასტურა ზემომითითებული დროის პერიოდში სახლში სტუმრების ყოფნის ფაქტი და განმარტა, რომ მათი გაცილების შემდეგ მან ფსიქოტროპულ აფთიაქთან შენიშნა საპატრულო პოლიციის მანქანები. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაცვის მოწმეები დაინტერესებულ, ხოლო ბრალდების მხარის მოწმეები კი ნეიტრალურ პირებად მიიჩნია.
12. ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მოთხოვნებს, ვინაიდან სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, დარღვეულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება და უგულებელყოფილია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტები.
13. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა ამირან ხუციშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ტ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა ტ. პ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ტ. პ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებას, ჩადენილს ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
3. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ტ. პ-ს სასჯელის სახედ მის ნაცვლად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
4. საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულ ტ. პ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ტ. პ-ის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.
5. გასაჩივრებული განაჩენი ბრალდების დასახელებულ ნაწილში ძირითადად ეფუძნება დაზარალებულ ნ. მ-სა და პოლიციის მუშაკების - ვ. გ-სა და დ. ს-ის ჩვენებებს, რომლებიც უტყუარად ვერ ადასტურებენ ტ. პ-ის ბრალეულობას, კერძოდ:
6. დაზარალებულ ნ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არ იცნობს ტ. პ-ს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვერ მიუთითა ბრალდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. 2014 წლის 6 ნოემბერს, სამსახურში ყოფნის დროს, საღამოს, დაახლოებით 19:30 – 19:35 საათზე, აფთიაქში მას მოულოდნელად თავს დაესხა პირი, რომელმაც პირზე ხელის აფარებითა და დანით ყელის გამოჭრის მუქარით თანხა მოსთხოვა. დაზარალებულმა თავდამსხმელს მიუთითა უჯრაზე, სადაც თანხას ინახავდა, თუმცა თანხის სიმცირის გამო, ამ უკანასკნელმა ნ. მ-ს სეიფის ადგილის მითითება მოსთხოვა. მოწმემ მას უპასუხა, რომ აფთიაქს სეიფი არ ჰქონდა. აღნიშნულის შემდეგ თავდამსხმელმა ნ. მ-ს გასაღებით აფთიაქის კარის დაკეტვა მოსთხოვა და ვინაიდან მიიღო უარი, დაზარალებული კართან დააჩოქა და კვლავ ყელის გამოჭრით დაემუქრა. თავდამსხმელი კარს თავად ეჯაჯგურებოდა, ფეხიც მიარტყა, მაგრამ ვერ დაკეტა. დარტყმის დროს იგი კარის ჩარჩოს აწვებოდა. სალაროდან მან მთლიანი თანხა აიღო, დაზარალებული ზურგით შეაბრუნა, ოთახში არსებულ მუყაოს ყუთში ჩაყარა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული წამლები (მათ შორის - ვალიუმი, მაგიტუსი, დიაზეპექსი) და აფთიაქიდან გავიდა. ნ. მ-ის განმარტებით, თავდამსხმელი, ერთი შეხედვით, იყო სუსტი, გამხდარი, საშუალოზე მაღალი, ხორბლისფერი კანის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის მხოლოდ შუბლის ნაწილს და სწორ ცხვირს ხედავდა, ვინაიდან თავზე ეფარა „კეპი,“ ხოლო სახეზე აფარებული ჰქონდა ქარხნული წესით დამზადებული თეთრი ფერის კაშნე. მას ტანთ ღია ფერის ნაჭრის ქურთუკი ეცვა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ადვოკატის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ღია თაფლისფერი თვალები (ვინაიდან გამოძიების ეტაპზე ნ. მ-ის განცხადებით, თავდამსხმელს სწორედ დასახელებული ფერის თვალები ჰქონდა), დაზარალებულმა განმარტა: „ღია თაფლისფერი თვალები როგორია...“, განმეორებით შეკითხვაზე კი განაცხადა: „უფრო, არა.“ დაზარალებული გამოძიების სტადიაზე ზემომითითებული კაშნეს ამოცნობაში მონაწილეობდა, მაგრამ მან სასამართლო სხდომაზე ამოცნობის ოქმის უტყუარობა კატეგორიულად ვერ დაადასტურა.
7. დაზარალებული თავდამსხმელის წასვლის შემდეგ კიბეზე ჩავიდა და დაინახა, რომ ეს უკანასკნელი აფთიაქთან ახლოს არსებულ პირველ სადარბაზოში შევიდა. გარეთ სხვა პირის დანახვის ფაქტი ზუსტად არ ახსოვს. აფთიაქში დაბრუნებულმა მომხდარის თაობაზე მენეჯერს შეატყობინა. დროის ამ პერიოდში რაიმე დაძახების ხმა არ გაუგია. დაზარალებულმა იფიქრა, რომ შეიძლება თავდამსხმელი უკან დაბრუნებულიყო და ამიტომ დაახლოებით 2-3 წუთში კვლავ გარეთ გავიდა, სადაც მან მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭი და გოგო დაინახა, რომელთაც აფთიაქში მისი ახლობლების მოსვლამდე შეყოლა სთხოვა. დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა. ნ. მ-ის განმარტებით, აფთიაქს ორი ვიდეოკამერა ჰქონდა, რომლიდანაც ერთ-ერთის დაზიანების ფაქტი დაზარალებულმა ყაჩაღობამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული კამერა აფთიაქის შესასვლელს აფიქსირებდა და ამდენად, მას თავდამსხმელის აღბეჭდვა შეეძლო.
8. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის -- განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - ვ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 6 ნოემბერს თ-ში, - 3, მე-- მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ს-თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 19:30 საათზე, მათ 10-15 მეტრიდან დაინახეს თეთრ „კეპსა“ და კაშნეში, ასევე ღია ფერის ქურთუკში ტ. პ. (იცნობდა, რადგან პოლიციის განყოფილებაში ხშირად მიუყვანიათ), კერძოდ, იგი აფთიაქის კიბეზე ჩამორბოდა და ხელში ყუთი ეჭირა. პოლიციელებმა აგრეთვე დაინახეს, რომ აფთიაქიდან გამოვიდა ქალბატონი და ისევ უკან შებრუნდა. ვინაიდან არსებული გარემოება მათ მიიჩნიეს საეჭვოდ, სცადეს ტ. პ-ის შეჩერება, კერძოდ, ვ. გ. ტ. პ-ს უკან გაჰყვა, თუმცა არ დაუძახა და მას შემდეგ, რაც იგი მარცხენა მხარეს (ორმხრივი გასასვლელის მქონე) სადარბაზოში შევიდა, ვერ დაინახა, თუ საით წავიდა. ისინი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ ტ. პ-ს, მაგრამ მასთან სახლში არ მისულან. დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდათ და მათგან აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტი შეიტყვეს. მოწმემ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თაობაზე შეადგინა პატაკი და აცნობა ხელმძღვანელობას.
9. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილების უფროსის მოადგილემ - დ. ს-მა ვ. გ-ის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა და განაცხადა, რომ როდესაც ტ. პ. მიიჩნიეს საეჭვოდ, გადაწყვიტეს მისი შეჩერება, კერძოდ, ვ. გ. მანქანიდან გადავიდა და სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა მას (როგორც ახსოვს, სირბილით არ გაჰყოლია). მოწმემ დაინახა, როგორ შევიდა ტ. პ. სადარბაზოში, რის გამოც სადარბაზოს მეორე გასასვლელთან დახვედრა სცადა, თუმცა როდესაც სადარბაზოს შემოუარა, ბრალდებული ადგილზე არ დახვდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ტ. პ. მათ ვერ ნახეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ავტომანქანით ეძებდნენ ბრალდებულს, თუმცა მასთან სახლში არ მისულან, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული მათ მისვლას შეიტყობდა, ნივთმტკიცებებს გაანადგურებდა. დაახლოებით 20:00 საათისათვის ისინი აფთიაქთან დაბრუნდნენ, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდათ და რაციის მეშვეობით შეიტყვეს აფთიაქის დაყაჩაღების თაობაზე. მოწმის განმარტებით, მან ხელმძღვანელს აცნობა, რომ დაინახა, თუ როგორ ჩამორბოდა ტ. პ. აფთიაქის კიბეზე და განუმარტა, რომ დამნაშავე ის იქნებოდა.
10. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უტყუარად ვერ დასტურდება ტ. პ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა შემდეგ გარემოებათა გამო:
11. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დანაშაულის თვითმხილველს წარმოადგენს მხოლოდ ნ. მ.. დაზარალებულმა, მართალია, აღწერა თავდასხმის ფაქტი, მაგრამ თავდამსხმელის მიერ სახის გარკვეულ ნაწილთა კაშნეთი და ქუდით დაფარვის გამო, ვერ დაადასტურა დანაშაულის უშუალოდ ტ. პ-ის მიერ ჩადენა. სააპელაციო პალატა დაეყრდნო დაზარალებულის მიერ თავდამსხმელის (ნ. მ-ის განმარტებით, ერთი შეხედვით), სახის ზოგადი ნიშნებით აღწერას, რომელთა მონაცემების საფუძველზე დაზარალებულმა ვერ მიიღო ამოცნობაში მონაწილეობა და ამასთან, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ტ. პ. მას ნანახი არ ჰყავს. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე ნ. მ-მა ადვოკატის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ღია თაფლისფერი თვალები, განმარტა: „ღია თაფლისფერი თვალები როგორია...“ განმეორებით შეკითხვაზე კი განაცხადა: „უფრო, არა.“ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მსგავსი მოცემულობით არსებული დანაშაულის ჩამდენი პირის ზოგადი აღწერილობა, სხვა კონკრეტული მტკიცებულების გარეშე, უტყუარად ვერ ადასტურებს დანაშაულის ტ. პ-ის მიერ ჩადენას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კაშნე, რომელიც დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელს სახეზე ჰქონდა აფარებული, მართლია, ამოცნობის ოქმის თანახმად, იყო კაშნე, რომელიც თავდამსხმელს ეკეთა, მაგრამ, ნ. მ-მა სასამართლო სხდომაზე დასახელებული ამოცნობის ოქმის უტყუარობა კატეგორიულად ვერ დაადასტურა. ამასთან, ბიოლოგიური (გენეტიკური) N--- ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების - თ. გ-სა და ი. ე-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად ტ. პ-ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ კაშნეზე აღმოჩნდა მდედრობითი სქესის პირის ბიოლოგიური მასალა. ამდენად, აღნიშნული კაშნე, ისევე როგორც თავდამსხმელის გარკვეულწილად დაფარული სახის ზოგადი აღწერილობა, არ წარმოადგენს ტ. პ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის უტყუარ მტკიცებულებას.
12. რაც შეეხება პოლიციელთა ჩვენებებს, ისინი, მართალია, უშუალოდ ყაღაჩობის თვითმხილველნი არ გამხდარან, თუმცა მათი განმარტებით, შემთხვევის ადგილთან სწორედ იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც ტ. პ. აფთიაქის კიბიდან სირბილით, ყუთით ხელში ჩამორბოდა. საკასაციო პალატას პოლიციელთა ჩვენებებში აღწერილი გარემოებები არ მიაჩნია სარწმუნოდ, კერძოდ, ვ. გ-სა დ. ს-ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ტ. პ. მათ მიიჩნიეს საეჭვო პირად და გადაწყვიტეს შეჩერება. შეჩერების მიზნით, ტ. პ-ის სირბილის მიუხედავად, დ. ს. მას სწრაფი ნაბიჯებით აედევნა, ამასთანავე, მათ არ დაუძახეს ბრალდებულს მაშინაც კი, როდესაც შეამჩნიეს, რომ ტ. პ. ორმხრივი გასასვლელის მქონე სადარბაზოში შედიოდა (საიდანაც კვალის დაკარგვის ალბათობა იზრდებოდა). კვალის დაკარგვის შემდეგ ვ. გ-მა და დ. ს-მა არ უხმეს დამხმარე ძალას, არც რაციის საშუალებით გადასცეს ინფორმაცია საეჭვო პირის კვალის დაკარგვის თაობაზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციელებს ტ. პ-ის დანახვის შემდეგ ნამდვილად გაუჩნდათ მისი შეჩერების განზრახვა (აღნიშნული სასამართლო სხდომაზე მათ დაადასტურეს), მიღებული ზომები ერთმნიშვნელოვნად არ არის პროპორციული დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის მიმართ განსახორციელებელ მოქმედებებთან მიმართებით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ვ. გ-ს და დ. ს-ს, ნ. მ-თვის არ უკითხავთ ტ. პ-ის კიბიდან ჩამორბენის შემდეგ მისი აფთიაქში ყოფნის მიზეზების შესახებ.
13. გასათვალისწინებელია, რომ დ. ს-სა და ვ. გ-ის განცხადებით, როდესაც ტ. პ. კიბეზე ჩამორბოდა, ორივე მათგანმა იცნო იგი, თუმცა, ბრალდებული იმ მოტივით არ გადაამოწმეს მის საცხოვრებელ სახლში, რომ თუ იგი მათ მისვლას შეიტყობდა ნივთმტკიცებების განადგურებას შეეცდებოდა. ტ. პ-ის ჩვენების თანახმად კი, როგორც შემთხვევის დღეს, ისე შემთხვევიდან მეორე დღეს, მისი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე იგი თავისუფლად გადაადგილდებოდა. ამდენად, დ. ს-ის და ვ. გ-ის მიერ ნივთმტკიცებების დაცვის მოტივით ტ. პ-ის ბინაში გადამოწმებისგან თავის არიდება საფუძვლიანი იყო იმ დრომდე, სანამ ბრალდებული საცხოვრებელ სახლში დაბრუნდებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, საქმის მასალებით არ დგინდება დანაშაულის ჩადენის დღეს პოლიციის მუშაკთა მიერ ტ. პ-ის სახლში მისვლის გადამოწმების და აღნიშნულის შემდეგ შესაბამისი რეაგირების არსებობის ფაქტი.
14. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ვერ ადასტურებენ ტ. პ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, 2014 წლის 7 ნოემბრის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა: ერთი ნახევრად ცარიელი წამლის ფირფიტა უკან წარწერით „კეტამო“ - 4 აბი, 2 აბი წარწერით “MUGGIT” (ფირფიტის მონაჭერში), ერთი აბი წარწერით „Valium” (ფირფიტის მონაჭერში), ერთი პაკეტი მედიკამენტი „რეგიდრონი,“ მედიკამენტი ბოთლით „KETOSPRAY,” ერთი პაკეტი წარწერით „MYMNE,“ ერთი ვერცხლისფერი, შავტარიანი, გასაშლელი დანა და ერთი ღია ფერის შარფი. დასახელებული მედიკამენტებიდან ქიმიური ექსპერტიზის ------ დასკვნისა და ექსპერტების - თ. ო-სა და მ. დ-ას ჩვენებათა თანახმად, ფსიქოტროპულ ნივთიერებას მიეკუთვნება მხოლოდ ვალიუმი. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალათა და ბრალდების მხარის მიერ საკასაციო პალატის სხდომაზე გაკეთებული განმარტების თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ტ. პ-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვალიუმისა და აფთიაქ „მ-ას“ დაყაჩაღების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ვალიუმის იდენტურობას. გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად არ ამოღებულა მუყაოს ყუთი, რომელშიც დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელმა ჩაყარა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული წამლები. რაც შეეხება ღია ფერის კაშნეს და მის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან, აღნიშნულზე საკასაციო პალატამ ზევით უკვე იმსჯელა.
15. ბრალდების მხარის სხვა მოწმეთა, კერძოდ, აფთიაქ „მ-ას“ მენეჯერ ნ. გ-ის, გამომძიებლების - დ. ო-ის, ი. გ-ის, გ. ქ-ის, ლ. კ-ის, მ. ი-ის, გ. ფ-ის, გ. გ-ას ჩვენებებთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ისინი ვერ აღიქმება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებად. ანალოგიურად, პირდაპირი სახის მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტების - ლ. კ-ის, ჯ. მ-ის, ბ. ბ-სა და ვ. ვ-ის ჩვენებათა შინაარსი და ექსპერტ თ. რ-ის ჩვენება, რომლის თანახმად, მან ტ. პ-ს 2015 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N- დაწესებულებაში ორივე ხელიდან თითის ანაბეჭდები აუღო.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, საყოველთაოდ აღიარებული „in dubio pro reo“ პრინციპის გამოყენებით, საეჭვო ხასიათის მტკიცებულებათა საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს.
17. ბრალდების მხარის მტკიცებულებებს აგრეთვე წარმოადგენს - 2014 წლის 8 ნოემბრის N--/დ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალი N1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ნ. მ-ის მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდისა; კვალი N2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ნ. მ-ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა; კვალი N3 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ნ. მ-ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა; კვალი N4 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი დ. ო-ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა; კვალი N5 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ტ. პ-ის მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდისა; კვალი N6 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ტ. პ-ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა; ხოლო კვალი N7-ის და N8-ის იდენტური ხელის ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა რ. კ-მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ხელის ანაბეჭდი ობიექტზე შესაძლოა, 10 წელზე მეტი ვადით დარჩეს.
18. 2015 წლის 16 იანვრის N--/დ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი (ექსპერტიზის დასკვნა N--/დ 08.11.2014, მთავარი ექსპერტი რ. კ.) N5 კვალი იდენტურია ტ. პ-ის მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდისა; N6 კვალი იდენტურია ტ. პ-ის მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა შ. კ-ემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი დასკვნის სისწორე.
19. ამის პარალელურად, დაცვის მხარემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა სასამართლო ექსპერტიზისა და კრიმინალისტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ გ. დ-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე არსებულ შუშის კარზე მიყრდნობით ან ხელის მიდებით მასზე შესაძლებელია დარჩეს კვლევისათვის ვარგისი ხელის კვალი. ამასთან, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კარის მინაზე ვიზუალურად, თვალნათლივ ჩანს თითის ანაბეჭდები. ხელის კვალი შეიძლება დარჩეს ნებისმიერი დროის მანძილზე, სანამ არ მოხდება მისი გაწმენდა ან სანამ არ განიცდის თერმულ ზემოქმედებას. გ. დ-მა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა.
20. 2014 წლის 14 ნოემბრის N-- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 6 ნოემბერს, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, თ-ში -- 3, მე-2 მ/რ კორპუსი -ის ბინა N--ში მდებარე აფთიაქ „მ-ას“ საცავში, სეიფის წინ, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და სალაროს წინ, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ორი სუნის კვალის ნიმუში ვარგისია პიროვნების იდენტიფიკისაციისათვის და იგი იდენტურია ბრალდებულ ტ. პ-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
21. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა გ. ტ-ემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა სამჯერ და მასში მონაწილე ყველა ძაღლმა დაადასტურა კვლევის ნიმუშთა იდენტურობა. საოფლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი მოლეკულა გადაადგილდება ჰაერში და თუ არ არსებობს ხელშემშლელი ფაქტორები (მაგ., განიავება, სისველე და ა.შ.), რამდენიმე დღის მანძილზე ერთ ადგილას რჩება. ამდენად, ექსპერტმა არ გამორიცხა სუნის კვალის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების შესაძლებლობა.
22. საკასაციო პალატა ზემომითითებულ დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაცვის მხარეს არც უარუყვია ტ. პ-ის დასახელებულ აფთიაქში მისვლის ფაქტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მსჯავრდებული შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს და, შესაბამისად, ამ აფთიაქით სარგებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიერ როგორც აფთიაქის შესასვლელ კარზე ხელის კვალის, ისე აფთიაქში სუნის დატოვება წარმოადგენს მხოლოდ იმის დამადასტურებელ გარემოებას, რომ ტ. პ. ნამდვილად იმყოფებოდა დასახელებულ ადგილზე შემთხვევის დღეს ან უფრო ადრე. ექსპერტებმა - რ. კ-მა და გ. დ-მა განმარტეს, რომ ხელის ანაბეჭდი ობიექტზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება. ამასთანავე, კვალი შეიძლება დარჩეს ხელის მიდებითაც. მოცემულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ტ. პ-ის გარდა, ხელის კვლები ეკუთვნით ნ. მ-ს, დ. ო-ს და სხვა პირებს, რომელთა ხელის კვლები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ექსპერტმა გ. ტ-ემ განმარტა, რომ სუნი შესაძლოა, კონკრეტულ ადგილას რამდენიმე დღე დარჩეს. მან აგრეთვე არ გამორიცხა სუნის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების შესაძლებლობა. ამდენად, მართალია, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ. პ-ის სუნის კვალი აფთიაქის საცავში, სეიფის წინ, მეტლახის იატაკიდან და სალაროს წინ, მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოვიდა, სადაც, როგორც წესი, მყიდველი არ უნდა მდგარიყო, მაგრამ ექსპერტ გ. ტ-ის ჩვენების თანახმად, საოფლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი მოლეკულა გადაადგილდება ჰაერში, რის გამოც კონკრეტულ ადგილას არსებული სუნის კვალი პირის ზუსტად იმავე ადგილას დგომას/ყოფნას უტყუარად შესაძლოა, არ ადასტურებდეს.
23. ამდენად, ზემომითითებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს წარმოადგენს, დაცვის მხარის პოზიციას არ ეწინააღმდეგება. სხვა მტკიცებულება, რომელიც პირდაპირი სახით დაადასტურებდა 2014 წლის 6 ნოემბერს, მოწმეთა ჩვენებებით მითითებული დროის პერიოდში, ტ. პ-ის აფთიაქში ყოფნის ფაქტს, არ არსებობს. მართალია, შემთხვევის ადგილზე განთავსებული იყო ორი ვიდეოკამერა, მაგრამ როგორც დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, ვიდეოკამერა, რომელსაც შეეძლო თავდამსხმელის აღბეჭდვა, დაზიანებული იყო, კერძოდ, კომპიუტერული ექსპერტიზის 2015 წლის 3 თებერვლის N--- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი კომპიუტერული სისტემური ბლოკის ტექნიკური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარდა მისი პროცესორის გამაგრილებელისა, იგი ტექნიკურად გამართულია. კომპიუტერის ბლოკი, გაუმართაობის მიუხედავად, ირთვება და ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში. კომპიუტერის სისტემურ ბლოკზე შესაბამისი მოწყობილობის მიერთებით ან/და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შესაძლებელია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების განხორციელება და შენახვა. სისტემური ბლოკის დედაფაზაზე მიერთებული მოწყობილობებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების განხორციელება და შენახვა. კომპიუტერული ბლოკის კვების წყაროში შეერთების, ჩართვის და მისი მეხსიერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ოპერაციულ სისტემაში დაინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შესაძლებელია ვიდეოსათვალთვალო კამერების მონიტორინგი, ჩაწერა და ა.შ.. კომპიუტერული სისტემური ბლოკის მყარი დისკების მეხსიერებაში ფიქსირდება ერთზე მეტი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელთა შორისაც არ აღმოჩნდა 2014 წლის 6 ნოემბრის 19:00 საათიდან - 20:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ვიდეოსათვალთვალო კამერ(ებ)ის ჩანაწერები; კომპიუტერული სისტემური ბლოკის მყარი დისკების მეხსიერებიდან აღწარმოებადი და არააღწარმოებადი სახით აღდგენილ იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები; აღწარმოებად ფაილებს შორის არ აღმოჩნდა 2014 წლის 6 ნოემბრის 19:00 საათიდან - 20:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ვიდეოსათვალთვალო კამერ(ებ)ის ჩანაწერები; არააღწარმოებადი აღდგენილი ფაილები, რომელთა გახსნაც შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით ვერ მოხერხდა, განპირობებულია მყარ დისკზე წაშლილი ფაილების ადგილზე სხვა ფაილ(ებ)ის ჩაწერით, რამაც გამოიწვია წაშლილი ფაილების დაზიანება.
24. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. შ-მ და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი პროცესორი ტექნიკურად გამართული იყო. ექსპერტიზის ჩატარებისას მან აღადგინა გარკვეული ფაილები, რომელთაგანაც ზოგიერთი, აღდგენის მიუხედავად, არ გაიხსნა. დასახელებულ ფაილებში არ აღმოჩნდა 2014 წლის 6 ნოემბრის 19:00 – 21:00 საათამდე პერიოდით დათარიღებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
25. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს - ნ. თ-ეს, დ. ფ-სა და თ. ჩ-ს, მათ შემთხვევის დღეს, ბრალდების მიერ მითითებულ დროს, ტ. პ-ის სახლში ყოფნა დაადასტურეს, კერძოდ, მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, ტ. პ-მა 2014 წლის 6 ნოემბერს, 19:15 საათიდან - 21:00 საათამდე დროის შუალედში, სტუმრებს უმასპინძლა, რის გამოც მეგობარ ი. ვ-ს შეთავაზებაზე - ერთად დაელიათ ლუდი, უარი განუცხადა. ი. ვ-მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს.
26. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თავად ბრალდებული ტ. პ., რომლის ჩვენებით დგინდება, რომ დასახელებულ საქმეში მისი ბრალდებულად ყოფნა პოლიციის თანამშრომლებთან არსებული არაერთგზის დაპირისპირების შედეგია. შემთხვევის დღეს მან სტუმრებს, კერძოდ, ნ. თ-სა და დ. ფ-ეს უმასპინძლა, რის გამოც მეგობარ ი. ვ-ს უარი განუცხადა ლუდის ერთად დალევის შეთავაზებაზე. სტუმრების გაცილების შემდეგ იგი ბავშვებთან ერთად საღეჭი რეზინის საყიდლად კორპუსის უკან გავიდა, სადაც მან პოლიციის თანამშრომლებს გვერდზე ჩაუარა. მეორე დღეს, დილით, აფთიაქში მისულს კარი დაკეტილი დახვდა და ტაქსის მძღოლებისგან შეიტყო აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტი. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი მედიკამენტ „ვალიუმის“ მომხმარებელი იყო, მაგრამ ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვალიუმი სად შეიძინა, ზუსტად არ ახსოვს. აფთიაქ „მ-ას“ იგი ხშირად (მათ შორის შემთხვევამდე 2-3 დღით ადრე) სტუმრობდა. ამდენად, ტ. პ. აფთიაქის კარსა და სხვა ნაწილებში მისი ანაბეჭდების არსებობის ფაქტს ლოგიკურად მიიჩნევს.
27. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს[1] და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით.[2] საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი პირდაპირი სახის მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს ტ. პ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე. საქმეში განთავსებული სხვა სახის ირიბი მტკიცებულებები კი, მათი სიმრავლის მიუხედავად (პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე), ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის მოთხოვნებს.
28. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ტ. პ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ტ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებული ტ. პ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. მსჯავრდებულ ტ. პ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. ტ. პ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განაჩენი უფლებების ჩამორთმევისა და ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28
[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93