შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№51აპ.-17 ქ. თბილისი
შ.ა ვ.-51აპ.-17 14 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით ვ. შ-ა, – დაბადებული 1980 წლის 20 იანვარს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2015 წლის 3 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის №4 განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით, ნარკოლოგიურ სამსახურში გადაყვანისა და ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით, პოლიციის მუშაკებს ვ. შ-ა არ დაემორჩილა, არ მისცა მათ საშუალება, შეედგინათ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელ დ. ბ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა პოლიციის მუშაკის ქურთუკი.
· 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამის საათებში, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით ნასამართლევმა ვ. შ-მ უკანონოდ შეაღწია ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №..-ში მდებარე ც. ს-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მოიპარა მისი კუთვნილი 70 ლარი და 350 ლარად ღირებული ბეჭედი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
· ვ. შ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალური კალიბრის „VOLTRAN-MAJOR MOD 88“ მოდელის №... პისტოლეტს ერთი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, რაც ამოიღეს 2015 წლის 30 ნოემბერს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
· ვ. შ-ა 2015 წლის 30 ნოემბერს ბათუმში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალური კალიბრის „VOLTRAN-MAJOR MOD 88“ მოდელის №.. პისტოლეტს ერთი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით.
3. აღნიშნული ქმედებისათვის ვ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 3 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. შ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 30 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 5 ნოემბრამდე.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ-მ. მან მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ. შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. კასატორი – მსჯავრდებულ ვ. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ვ. შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ვ. შ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს შესაბამისი ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ვ. შ-ს უდანაშაულობის თაობაზე, რადგან ასეთი დასკვნისათვის არ მოიპოვება ჯეროვანი და დასაბუთებული საფუძველი მისი ბრალდების საქმეში. გასაჩივრებული განაჩენით მას ბრალად შეერაცხა სამი დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით), აგრეთვე აღნიშნული კოდექსის 236–ე მუხლის მე–2–მე–3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 353–ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით).
3. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების თაობაზე შერაცხული ბრალის ნაწილში დაცვის მხარე თავის საკასაციო საჩივარში აპელირებს სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ვ. შ-ს მიერ გაცხადებული არგუმენტით, რომლის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი მას არ ჰქონია, არამედ ის მისი დაკავების ადგილზე თან ჰქონდათ პოლიციელებს, რომლებმაც შემდეგ მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში გააფორმეს როგორც მისგან ამოღებული იარაღი, ანუ მოხდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ხოლო შემდგომში კი ასეთ ყალბ საფუძველზე მას წარუდგინეს ცრუ ბრალდება.
4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ მტკიცებას და მას ვერ განიხილავს როგორც დასაბუთებულ საფუძველს მსჯავრდების მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისათვის, რადგან საამისოდ საქმის მასალებში არ მოიპოვება მსგავსი საფუძველი, ასევე, კასატორის ზემოაღნიშნული მტკიცებაც, თავის მხრივ, არ ემყარება რაიმე რეალურად არსებულ გარემოებას ანდა ისეთ მტკიცებულებას, რაც საფუძვლიან ეჭვს გააჩენდა ვ. შ-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მსჯავრდებული საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზევე უზრუნველყოფილი იყო დამცველით, რომლის მეშვეობით მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა განცხადებით პროკურატურისათვის მისი უკანონოდ დაკავებისა და მტკიცებულების ფალსიფიკაციის თაობაზე, თუკი ნამდვილად იყო ჩადენილი მის მიმართ ასეთი დანაშაულებრივი ქმედებები, აგრეთვე ჩაეტარებინა დამოუკიდებელი გამოძიება, მაგრამ დაცვის მხარეს მსგავსი რამ არ გაუკეთებია.
5. ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოები, ასევე საკასაციო სასამართლო, პროცესუალური თვალსაზრისით, მოკლებულია შესაძლებლობას საქმის არსებითი განხილვისას თვითონ ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს, გაყალბდა თუ არა მტკიცებულება პირის დაკავებისას, თუკი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ ჩატარებული სასამართლო გამოძიებით არ გამოვლინდა ისეთი რეალური ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლიან ეჭვს წარმოშობენ ბრალდების მტკიცებულებების სანდოობისა და კანონიერების მიმართ.
6. ამიტომ საკასაციო სასამართლო ხელახლა ვერ იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისა თუ არარსებობის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის საკასაციო წესით განხილვისას გამოვლინდება, რომ საქმის წარმოების დროს უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, რამაც არსებითი გავლენა იქონია საქმის შედეგზე. მოცემულ შემთხვევაში კი ვ. შ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების შესახებ შერაცხული ბრალდების ნაწილში მსგავსი საპროცესო დარღვევები არ იკვეთება, რის გამოც საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს ცეცხლსასროლი იარაღის სახით მისგან ამოღებული ნივთმტკიცების კანონიერებაში ან ბრალდების მოწმე პოლიციის მუშაკთა ჩვენებების სისწორესა და საფუძვლიანობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის მსჯავრდების ნაწილში ვ. შ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
7. შეიძლება იგივე აღინიშნოს ვ. შ-ს მიმართ პოლიციის მუშაკთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო შერაცხული ბრალის შესახებ. საქმეში არსებობს მომხდარი დანაშაულის შემთხვევის მონაწილე პოლიციის მუშაკების ჩვენებები მსჯავრდებულის მიერ მათთვის ძალის გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე, რომლებიც თანხვდენილია ნივთიერ მტკიცებულებასთან – მსჯავრდებულის ძალისმიერი მოქმედებით პოლიციელის ფორმაზე დატოვებულ დაზიანების კვალთან. საქმეში არ ვლინდება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს გააჩენდა იმის თაობაზე, რომ ბრალდების მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და ისინი შეგნებულად იძლევიან ცრუ ჩვენებებს ვ. შ-ს წინააღმდეგ. განხილული მტკიცებულებები საკასაციო პალატას მიაჩნია სარწმუნოდ და საკმარისად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით ვ. შ-ს მსჯავრდებისათვის საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
8. ამავე დროს, საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას ქურდობის ბრალდების ნაწილში მსჯავრდებულ ვ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან განხილულ საქმეში არ მოიპოვება ჯეროვანი საფუძველი მისი ბრალეულად მიჩნევისათვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ვ. შ-ს სავარაუდო კავშირზე დაზარალებულ ც. ს-ს ბინაში მომხდარ ქურდობასთან, წარმოადგენს ვ. შ-ს მიერ წინასწარი დაკავების საკანში მისი სხეულის დათვალიერებისას წარდგენილი ბეჭედი, რომელიც ხსენებული დაზარალებულის საკუთრება იყო და მის ბინაში ჩადენილი ქურდობისას დაიკარგა. რაიმე სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზარალებულის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს ნამდვილად ვ. შ-ა იმყოფებოდა და სწორედ მან მოიპარა დაზარალებულის ბეჭედი, არ არსებობს. მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს: მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირთან აღმოჩნდა დაზარალებულის მფლობელობიდან ფარულად გატაცებული ნივთი (ქონება) ან თანხა, ვერ განიხილება უტყუარ და საკმარის საფუძვლად ქურდობაში ამ პირის ბრალეულად ცნობისათვის, თუკი ასეთი ფაქტის დანაშაულებრიობა დადასტურებული არ არის კიდევ სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც მას უშუალოდ ამხელს დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება არა მხოლოდ ქურდობის, არამედ ნებისმიერი სხვა დანაშაულის ჩადენაში პირის ბრალდების შემთხვევებზედაც.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მოცემულ დასკვნას, რომლის მიხედვით: განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი ქურდობის შემადგენლობისათვის საჭირო ყველა ელემენტის არსებობა, კერძოდ, ვ. შ-ა არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საკასაციო პალატის აზრით, არ არსებობს კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი ვ. შ-ს მსჯავრდებისათვის მისთვის ბრალად შერაცხულ ქურდობაში, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, აღნიშნული განაჩენი ვ. შ-ს საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი ვ. შ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებული ვ. შ-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
4. ვ. შ-ა ცნობილ იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. მსჯავრდებულ ვ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 30 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 5 ნოემბრამდე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე