საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №299აპ-17 ქ. თბილისი
გ-ი ქ 299აპ-17 11 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ქ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ქ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ უნდა იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 18 ნოემბრიდან იმავე წლის 20 ნოემბრამდე.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ქ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და გირაოს შემტან ე. მ-ს (პ/ნ ...) კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 20 ნოემბერს ქ. გ-ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი თანხა - 10000 ლარი (დასტური №.., სალაროს შემოსავლის ორდერი №1/64339 სს ,,ს-ი”).
განაჩენით ქ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 18 ნოემბერს ქ. გ-ა ხ-ს რაიონის სოფელ ს-ს საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ს-ს” გავლით, თ-ს რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით - 16.8 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ქ. გ-ს, საუარესოდ შებრუნების პრინციპის გათვალისწინებით, სასჯელის ზომად შეეფარდოს უფრო მკაცრი სასჯელი; ასევე ქ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, 2013 წლის 20 ნოემბერს „ს-ი“ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 10000 ლარი, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობების დარღვევის გამო, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცი E220“, (სახ.#..., 1999 წელს გამოშვებული, ვინ კოდი ....), როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, ასევე ჩამოერთვას ქ. გ-ს და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელწიფოს.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილ, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე ბ. ბ-ს დაკითხვის ოქმით, ბრალდებულის დაკავების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №ქ... და №... დასკვნებით, მოწმე ა. ც-ს დაკითხვის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი ქ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
მსჯავრდებულ ქ. გ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ქ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, 2013 წლის 20 ნოემბერს „ს-ი“ გირაოს სახით შეტანილი თანხა 10000 ლარი, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობების დარღვევის გამო, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად: ,,თუ ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს შესაბამისად პროკურორს ან სასამართლოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, გირაოს შემტანს 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, ხოლო ბრალდებულის მიმართ შეიძლება შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“. მოცემულ შემთხვევაში ქ. გ-ს გირაოს თანხის შემტანმა ადვოკატმა ე. მ-მ მითითებულ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომ იგი ვეღარ უზრუნველყოფდა ბრალდებულ ქ. გ-ს სათანადო ქცევას და მის დროულად გამოცხადებს პროკურატურასა და სასამართლოში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გირაოს შემტან ე. მ-ს კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 2013 წლის 20 ნოემბერს ქ. გ-ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 10000 ლარი.
რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას ქ. გ-ს ავტომანქანის ტექნიკური პასპორტისა და ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცის E220“, (სახ.#...., 1999 წელს გამოშვებული, ვინ კოდი ), როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღის, ჩამორთმევას და სახელწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილშიც მოთხოვნა დაუსაბუთებულია, რადგან დანაშაულის საგნის ჩამორთმევა საზოგადოებრივ საჭიროებას მაშინ წარმოადგენს, როცა გამოკვეთილია საგნის უკანონო ფლობა ან არსებობს იმის საშიშროება, რომ საგანი კვლავ იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის ჩასადენად. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უნდა გაირკვეს ჩამოსართმევი საგანი არის თუ არა საფრთხის წყარო და არის თუ არა იგი თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული. თუ დასახელებული გარემოებები არ არსებობს და ისე ხდება ქონების ჩამორთმევა, მაშინ ამ დამატებითი სასჯელის პროპორციულობის საკითხი მოკლებულია სამართლიანობას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღებას გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე ,,ი-ი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ismailov v. Russia), რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას ქვეყანაში ფარულად შეტანილი ნაღდი ფულის ჩამორთმევა, მისი კანონიერი წარმოშობიდან გამომდინარე, არაპროპორციულ ზომად მიიჩნია. თუმცა ეს ფული რომ „დანაშაულის იარაღს“ წარმოადგენდა, არც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უარუყვია. არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ კანონიერი გზით შეძენილი, თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი ავტომანქანის ჩამორთმევა არ წარმოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით, რამდენადაც ამ ზომას არ შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენის სურვილის დაკარგვის ეფექტი (in personam), ამ საშუალების გაუვნებელყოფა ვერ გააქრობს საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხეს (im rem). არ შეიძლება ავტომანქანის ჩამორთმევას ისეთივე შედეგი ჰქონდეს საზოგადოების უსაფრთხოებისათვის და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთების, მაგალითად, იარაღის ან ნარკოტიკის ჩამორთმევას.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განაჩენი გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ქ. გ-ს უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას; ასევე ქ.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, 2013 წლის 20 ნოემბერს „ს-ი“ გირაოს სახით შეტანილი თანხის - 10000 ლარის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას; ასევე ავტომანქანის ტექნიკური პასპორტისა და ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცი E220“ (სახ.#..., 1999 წელს გამოშვებული, ვინ კოდი ...) როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღის, ქ. გ-ს ჩამორთმევასა და სახელწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. გ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ქ. გ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
10. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი