დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
25I-17 ქ. თბილისი
ჯ-ი მ, 25I-17 4 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ - მ. მ-ს, ბ. ტ-ს, მ. ღ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჯ-ს
თარჯიმან - ს. ო-ს, ნ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჯ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ჯ-ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, 2016 წლის 27 ივლისს,ა-ს რესპუბლიკის ქ. ვ-ს სამხარეო სასამართლომ გამოსცა მ. ჯ-ს დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, მ. ჯ-ს ბრალად ედება ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით, 147-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 148-ე მუხლის მეორე ალტერნატიული შემადგენლობით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა (კვალიფიციური თაღლითობა), ამავე კოდექსის მე-12 (დანაშაულის აღმსრულებელი) და მე-15 მუხლებთან (დანაშაულის მცდელობა) ერთობლივად, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
2. ა-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, მ. ჯ-ი ეჭვმიტანილია შემდეგ დანაშაულთა ჩდენაში: იგი მოტყუებით დაეუფლა, ხოლო რიგ შემთხვევაში სცადა, დაუფლებოდა სხვის ქონებას - 775,626.25 ევროს ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დროის მითითებულ პერიოდში არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მაჩვენებლის შესაბამისად, ხსენებული თანხა წარმოადგენს დაახლოებით - 2,014,457 ლარის ეკვივალენტურ ოდენობას), კერძოდ:
· 2014 წლის 5 სექტემბერს მ. ჯ-ა შპს „M-o-ს“ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს იგი იყო გადახდისუნარიანი, გადახდის სურვილის მქონე მსესხებელი, მუშაობდა საწარმო „M-x-ში“ და 2012 წლის 1 დეკემბრიდან მისი ყოველთვიური შემოსავალი იყო 1,300 ევრო. აღნიშნული მცდარი განცხადების საფუძველზე, მან მოტყუებით მიიღო 1,299 ევროს ღირებულების (საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დროის მითითებულ პერიოდში არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მაჩვენებლის შესაბამისად, ხსენებული თანხა წარმოადგენს დაახლოებით 2,981 ლარის ეკვივალენტურ ოდენობას) ელექტრომოწყობილობები, რა ოდენობის ზარალიც მიადგა შპს “S-k-ს“.
· გარდა ზემოაღნიშნულისა, მ. ჯ-ი, სხვა თანამონაწილეებთან ერთად, პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის - S-A-ს გამოყენებით დაეუფლა ან სცადა, დაუფლებოდა სხვადასხვა ბანკის დიდი ოდენობით ქონებას. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული ფუნქცია ბანკის მიერ გააქტიურებულია შესაბამის ანგარიშზე, ანგარიშის მფლობელს ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს აქვს შესაძლებლობა, გადარიცხოს თანხა სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ, მიზეზის მითითების გარეშე, 8 კვირის განმავლობაში მოითხოვოს განხორციელებული გადარიცხვის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება. თუ იმ პირის ან კომპანიის ანგარიშზე, რომელსაც გადაერიცხა ზემოაღნიშნული თანხა, გადარიცხვის გაუქმების მომენტისათვის არ აღმოჩნდება საკმარისი ოდენობის ფული, S-A-ს პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის მქონე ანგარიშის მფლობელისათვის მითითებული თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება შესაბამის ბანკს.
· სწორედ ზემოაღნიშნული სისტემის გამოყენებით, მ. ჯ-ი და მისი თანამონაწილეები შესაბამის ბანკებს დიდი ოდენობით ზიანს აყენებდნენ და თანხას უკანონოდ ეუფლებოდნენ, კერძოდ, მ. ჯ-ი ან მისი თანამონაწილე ბანკის თანამშრომლებს აწვდიდა მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს ისინი იყვნენ კეთილსინდისიერი მეწარმეები და მომხმარებლები და სხვადასხვა ბანკისაგან მოითხოვდნენ S-A-ს პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის მქონე შესაბამისი ანგარიშის გახსნას. ისინი რიცხავდნენ თანხას მათი თანამონაწილის კორპორატიულ ან პირად ანგარიშზე, რომელსაც მაშინვე გაჰქონდა გადარიცხული თანხა თავისი წილის სანაცვლოდ, ხოლო შემდეგ, მ. ჯ-ი ან სხვა თანამონაწილე ბანკისაგან მოითხოვდა შესრულებული ტრანზაქციის გაუქმებას. ვინაიდან თანხის მიმღების ანგარიშზე აღარ იყო საკმარისი ოდენობის ბალანსი, ხოლო ბანკს გააჩნდა ვალდებულება, გადამრიცხველის ანგარიშზე დაებრუნებინა გადარიცხული თანხა, ზიანი ადგებოდა შესაბამის ბანკს.
· ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მ. ჯ-ა და მისმა თანამონაწილეებმა დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს ან სცადეს ბანკებისათვის დიდი ოდენობის ზიანის მიყენება შემდეგ შემთხვევებში:
· 2015 წლის 25 ივნისიდან 17 ივლისამდე პერიოდში მ. ჯ-ა, გ. ბ-ნ წინასწარი შეთანხმებით, სს „U-a-ის“ თანამშრომლისაგან მოითხოვა შპს „C-s-ის“ S-A-ს პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის მქონე ანგარიშის გახსნა. შესაბამისად, მოცემული შუამდგომლობის 16-17 პარაგრაფებში აღწერილი სქემისა და სხვა ანგარიშებთან ერთად მისი თანამონაწილის, ნ. ც-ს საბანკო ანგარიშის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 176,327.25 ევროს, რითაც ზიანი მიაყენა მითითებულ ბანკს.
· 2015 წლის 19 ოქტომბერს გ. ბ-ა, მ. ჯ-ნ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სს „U-a-ის“ თანამშრომლისაგან მოითხოვა S-A-ს პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის მქონე შპს „J&M C-l-ის“ ანგარიშის გახსნა. შესაბამისად, მოცემული შუამდგომლობის 18-19 პარაგრაფებში აღწერილი სქემის გამოყენებით იგი შეეცადა, 100,000 ევროს ოდენობის ზიანი მიეყენებინა ბანკისათვის, თუმცა მას კომპანიის ანგარიშის გახსნაზე უთხრეს უარი და თავისი განზრახვა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოიყვანა სისრულეში.
· 2015 წლის ოქტომბერში გალია ბოგდანოვიჩმა, მ. ჯ-ნ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სს „E-n-ის“ თანამშრომლისაგან მოითხოვა შპს „J&M C-l-ის“ S-A-ს პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის მქონე ანგარიშის გახსნა. შესაბამისად, მოცემული შუამდგომლობის 16-17 პარაგრაფებში აღწერილი სქემის გამოყენებით იგი შეეცადა, 100,000 ევროს ოდენობის ზიანი მიეყენებინა ბანკისათვის, თუმცა მას კომპანიის ანგარიშის გახსნაზე უთხრეს უარი და თავისი განზრახვა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოიყვანა სისრულეში.
· 2015 წლის შემოდგომაზე მ. ჯ-ა დაიყოლია ნ. ც-ა, რათა მას გაეხსნა კერძო ანგარიში და ამ ანგარიშზე წვდომისათვის საჭირო შესაბამისი კოდები გადაეცა მისთვის. შემდგომში მ. ჯ-ს განზრახული ჰქონდა, ხსენებული კოდები მიეწოდებინა ი. კ-ს და ლ. ს-ნ ერთად, მოცემული შუამდგომლობის 16-17 პარაგრაფებში აღწერილი სქემის გამოყენებით, უკანონოდ დაუფლებოდა სს „R-n-ის“ ქონებას. შეთანხმებისამებრ, ნ. ც-მ გახსნა კერძო საბანკო ანგარიში, ხოლო 2015 წლის 23 სექტემბერს ლ. ს-მ, როგორც შპს „M-A-ს“ ხელმძღვანელმა, ზემოაღნიშნულ ბანკში გახსნა მითითებული კომპანიის S-A-ს პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის მქონე ანგარიში. ამდენად, ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით ისინი უკნანონოდ დაეუფლნენ 199,000 ევროს, რითაც ზიანი მიაყენეს ბანკს.
· 2015 წლის შემოდგომაზე მ. ჯ-ა დაიყოლია ნ. ც-ა, რათა მას გაეხსნა კერძო ანგარიში და ამ ანგარიშზე წვდომისათვის საჭირო შესაბამისი კოდები გადაეცა მისთვის. შემდგომში, მ. ჯ-ს განზრახული ჰქონდა ხსენებული კოდები მიეწოდებინა ი. კ-ს და ტ. ს-ნ ერთად, მოცემული შუამდგომლობის 16-17 პარაგრაფებში აღწერილი სქემის გამოყენებით, უკანონოდ დაუფლებოდა სს „R-n“-ის ქონებას. შესაბამისად, ნ. ც-მ გახსნა კერძო საბანკო ანგარიში, ხოლო 2015 წლის 7 ოქტომბერს ტ. ს-ა, როგორც შპს „F-n-ის“ ხელმძღვანელმა, ზემოაღნიშნულ ბანკში გახსნა მითითებული კომპანიის S-A-ს პირდაპირი სადებეტო გადარიცხვის ფუნქციის მქონე ანგარიში. ამდენად, ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით მათ სცადეს, უკნანონოდ დაუფლებოდნენ 199,000 ევროს. თუმცა, 2015 წლის 28 ოქტომბერს, საბანკო ანგარიშის დაბლოკვის გამო, მათ შეძლეს უკანონოდ დაუფლებოდნენ დასახელებული თანხის ნაწილს - 84,000 ევროს.
3. 2017 წლის 19 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით დააკავეს მ. ჯ-ი.
4. 2017 წლის 21 იანვარს ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით მ. ჯ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2017 წლის 1 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ჯ-ა და მისი ადვოკატის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
6. 2017 წლის 27 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა მ. ჯ-ს ექსტრადიციის თაობაზე ა-ს რესპუბლიკის შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალების ასლები, ხოლო 2017 წლის 29 მარტს - მათი დედნები.
7. 2017 წლის 8 თებერვალს, 7 აპრილსა და 14 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ჯ-ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო შესაბამისად - 2017 წლის 10 თებერვალს, 8 ივნისსა და 14 აგვისტოს.
8. 2017 წლის 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 19 ივლისამდე.
9. 2017 წლის 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2017 წლის 19 ოქტომბრამდე.
10. 2017 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ჯ-ა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
11. 2017 წლის 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა მ. ჯ-ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით, 147-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 148-ე მუხლის მეორე ალტერნატიული შემადგენლობით (კვალიფიციური თაღლითობა), ამავე კოდექსის მე-12 (დანაშაულის ამსრულებელი) და მე-15 (დანაშაულის მცდელობა) მუხლებთან ერთობლივად გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჯ-ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ს რესპუბლიკის ქ. ვ-ს სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის ბრძანებაში მ. ჯ-ს დაკავების თაობაზე და დასჯადია ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით, 147-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 148-ე მუხლის მეორე ალტერნატიული შემადგენლობით (კვალიფიციური თაღლითობა), ამავე კოდექსის მე-12 (დანაშაულის ამსრულებელი) და მე-15 (დანაშაულის მცდელობა) მუხლებთან ერთობლივად.
13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - მ. ჯ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. ა-ს რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა მ. ჯ-ს წარუდგინეს ცრუ ბლადება; მ. ჯ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, რადგან იგი და მისი ოჯახის წევრები ა-ს რესპუბლიკაში იდევნებოდნენ რელიგიური, ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ა-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჯ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 19 იანვარს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება მ. ჯ-ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.
4. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ მ. ჯ-ს წარდგენილი ბრალდება არის სიცრუე და მის ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურამ არ მოიპოვა არანაირი დამატებითი მტკიცებულება, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს მ. ჯ-ს ბრალეულობის საკითხს და სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია ა-ს რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორცილების მიზნით.
5. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა-ს რესპუბლიკაში მ. ჯ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, შეეზღუდება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება მისი წარმომავლობის, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კასატორებმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ა-ს რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება.[1] უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.[2]
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორთა ზოგადი განცხადება იმის შესახებ, რომ მ. ჯ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ავსტრიის რესპუბლიკაში შესაძლოა, დაემუქროს საფრთხე, დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
7. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის შესახებ და მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. ჯ-ს საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია მყარი ოჯახური კავშირები, რომელთა დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამო იქნებოდა, რის შესახებაც დეტალურად არის წარმოდგენილი მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებაში.
8. კასატორების მითითებასთან დაკავშირებით, რომ მ. ჯ-ა სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და მ. ჯ-ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ნორმების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჯ-ს ა-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ს რესპუბლიკის ქ. ვ-ს სამხარეო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის ბრძანებაში მ. ჯ-ს დაკავების თაობაზე და დასჯადია ა-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით, 147-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 148-ე მუხლის მეორე ალტერნატიული შემადგენლობით (კვალიფიციური თაღლითობა), ამავე კოდექსის მე-12 (დანაშაულის ამსრულებელი) და მე-15 (დანაშაულის მცდელობა) მუხლებთან ერთობლივად კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჯ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016., „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06, § 129, 28.02.2008.
[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 70, 04.02.2005.