დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №32აგ-17 14 სექტემბერი, 2017 წელი
გ-ა ზ, 32აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ზ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი; მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის განაჩენით ზ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 25,210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „გ-ს“ ეპიზოდი) საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 2 თვითა და 8 დღით. სსკ–ის 25, 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ღ-ი--ის“ ეპიზოდი) საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი; სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ზ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 30 000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 9 თვითა და 22 დღით და ზ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სკ–ის 50–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 30 000 ლარი. ზ. გ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 6 ივლისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, და ზ. გ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 წელი; მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; ზ. გ-ას სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2010 წლის 6 ივლისიდან იმავე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
4. 2017 წლის 7 თებერვალს ზ. გ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს სსსკ–ის 3321-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები. იმის გათვალისწინებით, რომ მას დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი დაენიშნა 2013 წლის 17 აპრილის კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით, ასევე, მას გასამართლებისას არ ჰქონდა საშუალება, დაეცვა თავი და ესარგებლა მოწმის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის უფლებებით; მის მიმართ გამოიყენებოდა წამება, ღირსების შემლახველი მოპყრობა, ფიზიკური იძულება, პირადი ჰიგიენის, ძილის, საკვების, წყლის შეზღუდვა, ცემა და არაადამიანური მოპყრობა, ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გაუქმება, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და დამატებითი სასჯელის სახით გადახდილი ჯარიმის - 45 000 ლარის უკან დაბრუნება. ასევე, ითხოვა, რომ სააპელაციო პალატამ მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის მეორე ნაწილის იმ შინაარსის გაუქმების მოთხოვნით, რომლის შესაბამისად, საქართველოს სსსკ–ის 3321-ე მუხლის მეორე ნაწილი ვრცელდება მხოლოდ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76–Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. კასატორი - მსჯავრდებული ზ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას საქართველოს სსსკ–ის 3321-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საქართველოს სსსკ–ის 3321-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310–ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414–ე მუხლის მე–8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310–ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76–Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2017 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.
4. მართალია, ზ. გ-ას დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა 2013 წლის 17 აპრილის კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან ზ. გ-ას სასჯელი მოხდილი აქვს.
5. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც საქართველოს სსკ–ის 3321-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან ზ. გ-ა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76–Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული არ არის.
6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. გ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ზ. გ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე