ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№261-17 26 ოქტომბერი, 2017 წელი
ფ-ე თ, 261-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ლაშა ამირანაშვილის
ადვოკატ - ზ. რ-ის
მსჯავრდებულ _ თ. ფ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენით თ. ფ-ე, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ა-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; სსკ-ის 24,339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ფ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით თ. ფ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის 59–ე და 67–ე მუხლების საფუძველზე მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 აგვისტოს განაჩენით თ. ფ-ისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ფ-ეს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და თ. ფ-ეს ე. მ-ის სასარგებლოდ დაევალა 9300 ლარისა და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენით თ. ფ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. კ-ას ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4500 ლარი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ვ. ა-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4500 ლარი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ. გ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4500 ლარი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქ. ს-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4500 ლარი; სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მ. დ-ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, სსკ-ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4500 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით თ. ფ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 40 წლით. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 22 500 ლარი. საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე თ. ფ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 22500 ლარი, რასაც სსკ–ის 59–ე და 67–ე მუხლების საფუძველზე მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 აგვისტოს განაჩენით თ. ფ-ისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ფ-ეს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 35 წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 22500 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ფ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამარლთოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 24,339–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ამ მუხლით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ა-ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
ამავე კანონის მე–11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნუნუ ბეჟანიშვილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი. კ-ას ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელი და ამ მუხლით ძირითადი სასჯელის სახით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ვ. ა-ის ეპიზოდი) დანიშული ძირითადი სასჯელი და ამ მუხლით ძირითადი სასჯელის სახით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ. გ-ის ეპიზოდი) დანიშული ძირითადი სასჯელი და ამ მუხლით ძირითადი სასჯელის სახით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ამავე კანონის მე–11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქ. ს-ის ეპიზოდი) დანიშული ძირითადი სასჯელისაგან - 8 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ფ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენით სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მიხეილ დადოიანის ეპიზოდი) დანიშული ძირითადი სასჯელი და ამ მუხლით ძირითადი სასჯელის სახით მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ თ. ფ-ეს ძირითადი სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 26 წლითა და 3 თვით.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ფ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ფ-ემ და მისმა ადვოკატმა ზ. რ-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეში წარმოდგენილია ყველა დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობები, რათა თ. ფ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ მსჯავრდებულ თ. ფ-ის გათავისუფლებას დანიშნული სასჯელისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
3. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა დაზარალებულების - ლ. ა-ის, ი. კ-ას, ვ. ა-ის, ლ. გ-სა და მ. დ-ის განცხადებები, რომლებითაც ირკვევა, რომ ისინი თანახმა არიან, მსჯავრდებულ თ. ფ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები, დასახელებული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის ყველა ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელებისგან.
4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელს, მისი ერთი მეოთხედით შემცირება და 9 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია და შეესაბამება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნას.
5. კანონიერია ასევე თ. ფ-ისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის უცვლელად დატოვება, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.
6. ცნობად უნდა იქნეს მიღებული, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით თ. ფ-ე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
7. ცნობად უნდა იქნეს მიღებული ასევე, რომ თ. ფ-ე განაჩენის აღსრულების მიზნით ექსტრადირებულია პოლონეთის რესპუბლიკიდან, სადაც იმყოფებოდა საექსტრადიციო პატიმრობაში 2012 წლის 8 ნოემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრამდე და 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე, რაც ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ფ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ კ-ას ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ა-ის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ-ის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ-ის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ფ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა-ის ეპიზოდი) დანიშნული ძირითადი სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით თ. ფ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
4. მსჯავრდებულ თ. ფ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 24,339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ თ. ფ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალოს 2017 წლის 16 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 8 ნოემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრამდე და 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე