საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№227აპ-17 ქ. თბილისი
ფ. დ-ო, 227აპ-17 11 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დ. ფ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 255–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 181–ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 157–ე მუხლის მე-2 ნაწილითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ფ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ. ფ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 13 აპრილიდან იმავე წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ფ-ემ ჩაიდინა: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება და შენახვა; გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების, სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც არსებითად დააზიანა დაზარალებულის უფლებები; სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გამოყენება და გავრცელება ინტერნეტში სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ანგარებით.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის მარტში დ. ფ-მ ინტერნეტში სოციალურ ქსელ „-ში“, სადაც დარეგისტრირებული იყო როგორც მომხმარებელი, გაიცნო 17 წლის არასრულწლოვანი ხ. ზ., რომელიც ასევე დარეგისტრირებული იყო როგორც მომხმარებელი. დ. ფ., არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების მიზნით, დაუახლოვდა ხ. ზ-ეს და განუცხადა, რომ თითქოსდა უყვარდა და უფრო ახლოს გასაცნობად მოსთხოვა, შიშველს გადაეღო თავისი ფოტოსურათები, მათ შორის - გენიტალიების გამოსახულებით და გაეგზავნა მისთვის. თავის მხრივ, ხ. ზ-ემ 2016 წლის მარტში თავის საცხოვრებელ სახლში მობილური ტელეფონით სრულიად შიშველმა გადაიღო თავისი, მათ შორის - გენიტალიების გამოსახულებით პორნოგრაფიული ხასიათის რამდენიმე ფოტოსურათი და სოციალური ქსელის მეშვეობით მიაწოდა მას. შესაბამისად, დ. ფ-ემ ხ. ზ-ის მეშვეობით დაამზადა შიშველ მდგომარეობაში გადაღებული, მათ შორის - პორნოგრაფიული ხასიათის რამდენიმე ფოტოსურათი, რომლებსაც ინახავდა. 2016 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც დ. ფ-ეს უკვე გააჩნდა ხ. ზ-ის შიშველ მდგომარეობაში გადაღებული, მათ შორის -პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოსურათები, ასევე - სოციალური ქსელის „--ს“ ხ. ზ-ს მომხმარებლის სახელი, პაროლი და მომხმარებლის გვერდის წვდომის შესაძლებლობა, განიზრახა ხ. ზ-გან, სახელგამტეხი ცნობებისა და შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოსურათების გავრცელების მუქარის სანაცვლოდ, თანხის გამოძალვა. ამ მიზნით, დ. ფ-ემ შეაღწია ხ. ზ-ის სოციალური ქსელის მომხმარებლის ვებგვერდზე, შეცვალა პაროლი, უშუალოდ აკონტროლებდა მომხმარებლის ვებგვერდს და ქსელში მუქარის მიზნით განათავსა შეურაცხმყოფელი კომენტარები. გამოძალვის მიზნით, თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან ----- სისტემატურად უკავშირდებოდა ხ. ზ-ეს მობილური ტელეფონის ნომერზე 5---- და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების მუქარითა და შანტაჟით, ძალადობის გამოყენებით სთხოვდა სხვადასხვა ოდენობის თანხის ჩარიცხვას, კერძოდ, მიაწოდა ვებგვერდ „--ზე“ დარეგისტრირებული თავისი მომხმარებლის სახელი --, ანგარიშის ნომერი --- და სთხოვდა თანხის ჩარიცხვას. ხ. ზ-მ თავისი ნათესავების მეშვეობით 2016 წლის 30 მარტს, 7 აპრილსა და 8 აპრილს ელექტრონული ჩარიცხვის აპარატებიდან დ. ფ-ის ანგარიშზე ჩარიცხა თანხა, ჯამურად - 60 ლარი.
2016 წლის 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც ხ. ზ-ემ გამოძალვის თაობაზე მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, დ. ფ-ეს უარი განუცხადა დამატებით მოთხოვნილი თანხის გადაცემაზე. თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა გამოძალვის მიზნით მუქარას და სთხოვდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. მან 2016 წლის 12 და 13 აპრილს „-–ს“ ხ. ზ-ის მომხმარებლის ვებგვერდზე, რომელსაც უშუალოდ თვითონვე აკონტროლებდა, გაავრცელა ხ. ზ-ის პირადი ცხოვრების ამსახველი, კერძოდ, შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოსურათები, რამაც დაზარალებულ ხ. ზ-ეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ და ითხოვა დ. ფ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის შეცვლა საპატიმრო სასჯელით იმ მოტივით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ის, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალდა 17 წლის არასრულწლოვანი, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი და ტრავმა მიიღო პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოსურათების საჯაროდ, სოციალურ ქსელში გავრცელების შედეგად. მსჯავრდებული ზეწოლასა და მუქარას ახდენდა არასრულწლოვანზე თანხის გამოძალვის მიზნით, რაც სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი პიროვნების შეფასებისა და დანაშაულის ხასიათის განსაზღვრისას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრი კანონისადმი მორჩილების გრძნობას კი არ უნერგავს პოტენციურ დამნაშავეს, არამედ - სტიმულს აძლევს მას, რომ ასეთი ქმედების ჩადენის შემდეგ სასამართლო ძალიან ლმობიერი იქნება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს დ. ფ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის შეცვლას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელით, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ: დ. ფ-ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხასიათდება დადებითად, მოცემულ შემთხვევამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი, შეურიგდა დაზარალებულს (წარმოდგენილია დაზარალებულისა და დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლის განცხადებები, რომელთა მიხედვით, მათ პრეტენზია არ აქვთ დ. ფ-სთან და თანახმა არიან, მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები), რის გამოც დ. ფ-სთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა სამართლიანია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე