საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №358აპ-17 ქ. თბილისი
ნ-ი გ, 358აპ-17 28 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ნ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 28 ივლისს, საღამოს საათებში, ქალაქ დ-ი, ფ-ს ქ. N..-ში მდებარე კაფე „შ-ი“, გ. ნ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. ა-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 15000 ლარს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განაჩენით გ. ნ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გ. ნ-ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 28 ივლისს, საღამოს საათებში, დაზარალებული ნ. ა-ი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ დ-ი, რესტორან ,,შ-ი“. მაგიდასთან, მის გვერდით მდგარ თავისუფალ სკამზე, დადო ფულის ერთი შეკვრა, რომელშიც მოთავსებული იყო ნ. ა-ს კუთვნილი 15000 ლარი. ფული იდო პოლიეთილენის გაუმჭვირვალე პაკეტში. ვიზუალურად, გარეგნულად არ ჩანდა, თუ რა იყო მოთავსებული პაკეტში. როდესაც მეგობრებმა დაასრულეს ქეიფი, ნ. ა-ს გადაავიწყდა და დასახელებული თანხა დარჩა რესტორანში, იმ ადგილზე, სადაც დადო, მაგიდასთან მდგარ თავისუფალ სკამზე. ეს ფაქტი გაახსენდა, როდესაც რესტორნიდან წამოსული მივიდა თავის კუთვნილ საწყობში. ის მაშინვე დაბრუნდა რესტორანში, არ იყო გასული დაახლოებით 15-20 წუთი, მაგრამ თანხა უკვე აღარ დახვდა. მოიკითხა რესტორნის პერსონალში, მათ შორის იყო გ. ნ-ც. მათ უარი განუცხადეს და განუმარტეს ნ. ა-ს, რომ მისი კუთვნილი თანხა არ უნახავთ. როდესაც ნ. ა-ი და მისი მეგობრები წავიდნენ რესტორნიდან, მაგიდის ალაგების დროს, გ. ნ-ა იპოვა იმ დროს მისთვის უცნობი ნივთი, მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტში. გ. ნ-ა დამალა ნაპოვნი ნივთის არსებობა და მიუჩინა მას შესანახი ადგილი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახი სონიშვილმა და მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-ა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას; ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გ. ნ-ს მიერ თვითნებობის ჩადენის ფაქტი, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ. ა-ს, მოწმეების - გ. ტ-ს, ს. ხ-ს, ნ. ნ-ს, ლ. ა-ს, ი. გ-ს, დ. ზ-ს, ზ. ტ-ს, ე. ნ-ს, ი. ბ-ს, ა. ნ-ს ჩვენებებით, 2013 წლის 15 მარტისა და 16 მარტის დათვალიერების ოქმებით, წლის ნივთის დაბრუნების შესახებ 2013 წლის 15 მარტის ხელწერილით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა გ. ნ-ა ჩაიდინა ქურდობა და არა – თვითნებობა და განმარტავს, რომ ქურდობა ესაა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური ნიშანია მისი ფარული ხასიათი, ხოლო სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. შესაბამისად, ქურდობის სამართლებრივი შეფასებისას აუცილებლად უნდა დადგინდეს პირის განზრახვა, რომ იგი შეგნებულად მოქმედებს ფარულად და ამოძრავებს სხვისი ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის ის ფაქტი, რომ გ. ნ-ა დანამდვილებით იცოდა, რომ მის მიერ ნაპოვნ პაკეტში მოთავსებული იყო ნ. ა-ს კუთვნილი თანხა. კერძოდ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი: დაზარალებულ ნ. ა-ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი მეგობრების მიპატიჟებით სამსახურიდან წავიდა დ-ი მდებარე რესტორან ,,შ-ი“, თან ჰქონდა 25 000 ლარი, რომელიც მიიღო ხორბლის რეალიზაციის შედეგად. თანხა დახარისხებული იყო ორ პაკეტად. ერთ პაკეტში იდო 15 000 ლარი, ხოლო მეორეში – 10 000 ლარი. ვინაიდან ფულის ერთი შეკვრა ხელს უშლიდა, ამოიღო და ისე, რომ მეგობრებს არ დაენახათ, გვერდით ცარიელ სკამზე დადო დაფარულად. მოგვიანებით, როგორც გაირკვა, ეს იყო 15 000 – ლარიანი შეკვრა. რესტორანში დაახლოებით ნახევარი ან ერთი საათი დაჰყო. უძილო და დაღლილი იყო, დალევითაც არ დაულევია. დაშლისას იფიქრა, რომ ის გადაიხდიდა თანხას, თუმცა გადახდა სხვამ დაასწრო. იმ დროიდან აღარ ახსოვს, თანხა სად, ან რა ვითარებაში დატოვა. სამსახურში მისვლისთანავე გაახსენდა, რომ თანხა სასადილოში დარჩა. დაახლოებით 15 წუთში მიბრუნდა უკან. სასადილოში სუფრა უკვე ალაგებული იყო და არც თანხა დახვდა ადგილზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ იმ მომენტისთვის სასადილოში მყოფ სასადილოს მეპატრონე ს. ხ-ს და სამ თანამშრომელს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გ. ნ-ი, უთხრა, რომ თანხა დაკარგა, აუხსნა, რაში იდო ის, როგორ იყო შეკრული, სად დადო და რა კუპიურები იყო. ყველას განუცხადა, რომ დაკარგულის გამოჩენის შემთხვევაში 2000 ლარს აჩუქებდათ. მაგრამ უთხრეს, რომ თანხა არ უპოვიათ. მისივე განმარტებით, მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაუბრუნდა ფულადი თანხა ორ ეტაპად, 3000 ლარი პირველად და 965 ლარი – მეორედ. სულ დაუბრუნდა 3965 ლარი.
მსჯავრდებულ გ. ნ-ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ 2012 წლის ივლისში მუშაობდა ქ. დ-ი, კაფე ,,შ-ი“ მიმტანის პოზიციაზე. 2012 წლის 28 ივლისს, საღამოს საათებში, იგი ყველა მაგიდას ემსახურებოდა, მათ შორის იმ მაგიდასაც, სადაც ნ. ა-ი იჯდა. სუფრას, როგორც წესი, ერთად ალაგებენ. იმ მაგიდასთანაც თითქმის ერთად მივიდნენ თვითონ, ლ-ა და დ-ი. ალაგების დროს რაიმე უცნაური ნივთი არ შეუნიშნავს. ალაგებას როდესაც მორჩნენ, მან დაბლა, მესერთან, დაინახა ძირს დაგდებული პოლიეთილენის უფორმო პაკეტი. ხელში აიღო. პაკეტი იყო მძიმე, თეთრი ფერის, გაუმჭვირვალე, საკმაოდ უხეში, გარედან ვერც შეამჩნევდი, რომ მასში ფული იდო. ჩათვალა, რომ რაღაც ნივთი იყო. ტუალეტში მიდიოდა, ეს ნივთიც თან გაიყოლა და იქვე ფანჯარასთან დადო შესანახად. გამოსვლისას კი პაკეტის აღება დაავიწყდა. ტუალეტი რესტორნის ეზოში მდებარეობს, ფანჯარაზე კი მინის ნაცვლად ცელოფანი აქვს აკრული. როდესაც მან ეს ნივთი აიღო, იქ დანარჩენი პერსონალისთვის არ უკითხავს, ვინმესი ხომ არ იყო. მოგვიანებით, რესტორანში დაბრუნებულმა ნ. ა-ა განუცხადათ, რომ მაგიდაზე დარჩა ფული – 15 000 ლარი, რაზეც უპასუხეს, რომ მათ მაგიდაზე დატოვებული ფული არ უნახავთ. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ ნაპოვნ პაკეტში იქნებოდა 15 000 ლარი და ამიტომაც არ თქვა ამის თაობაზე. თან მან იპოვა ძირს დაგდებული პაკეტი. მოგვიანებით კი იმიტომ არ გამოაჩინა, რომ შეეშინდა, ვინაიდან ნ-ი დაემუქრათ, რომ თანხას თუ არ გამოაჩენდნენ, იგი მათ ძალიან გაამწარებდა. როდესაც შეიტყო, რომ ნაპოვნ პაკეტში შესაძლოა, თანხა ყოფილიყო, წაიღო თავის საცხოვრებელ სახლში, გახსნა და შეინახა კარადაში, თუმცა თანამშრომლებისათვის შიშის გამო არაფერი უთქვამს. მას ეშინოდა ნ-ს მუქარის და ვერ ბედავდა თქმას. გამოძიების პროცესში კი პოლიციას ნებაყოფლობით წარუდგინა ჯერ 3000 ლარი, ხოლო შემდეგ – 965 ლარი. თანხის ნაწილი კი დახარჯა.
სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ თანხა – 15000 ლარი ნამდვილად ეკუთვნოდა ნ. ა-ს, რაც მან დაკარგა ქ. დ-ი მდებარე კაფე „შ-ი“. ბრალდების მხარის განმარტებით, გ. ნ-ი აღნიშნულ თანხას დაეუფლა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაცვის მხარის განმარტებით კი გ. ნ-ა იპოვა აღნიშნული თანხა და მას ეს ფული არ მოუპარავს. მას ქურდობის განზრახვა არც ჰქონია, იგი არის დაკარგული თანხის მპოვნელი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პალატა საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრების ფარგლებში. შესაბამისად, პალატამ ყურადღება გაამახვილა ქმედების კვალიფიკაციაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ გ. ნ-ს ქმედებაში არის ქურდობის შემადგენლობის ნიშნები, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გ. ნ-ა პაკეტის ნახვის და შენახვის დროს იცოდა ამ პაკეტში თანხის არსებობის შესახებ. მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ნ. ა-ა დაკარგა თანხა, გახსნა პაკეტი, ნაპოვნი თანხა შეინახა და შემდეგ თავისი შეხედულებისამებრ განკარგა, რითაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ გ. ნ-ს ქმედება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თვითნებობა, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით დაცვის ობიექტია - სადავო უფლების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქე კი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ და თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილი უფლება - ეს ის უფლებაა, რომელიც პირს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, თავისად დაგულებული უფლება - კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ დადგენილი წესით. დაცვის მხარის განმარტებით, გ. ნ-ა იცოდა, რომ ფული, რომელიც იპოვა, მისი კუთვნილება არ იყო და არც არანაირი პრეტენზია ჰქონია მასზე. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს მის მიერ თვითნებობის ჩადენის ფაქტს. დაცვის მხარის მოსაზრება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან როგორც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, გ. ნ-ა ნაპოვნი თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ამ თანხის მესაკუთრის ვინაობა, არ დააბრუნა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგა. პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ, მართალია, ერთი მხრივ, გ. ნ-ს ნაპოვარ ნივთზე წარმოეშვა უფლება, მაგრამ მეორე მხრივ, მას ნივთის პოვნისთანავე დაეკისრა ვალდებულება, ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. შესაბამისად, როდესაც დაზარალებულმა მოიკითხა თავისი კუთვნილი თანხა, გ. ნ-ს უნდა განეცხადებინა ნაპოვარი ნივთის არსებობის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია, ე. ი. მან იმოქმედა კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და შეუდგა თავისად დაგულებული უფლების განხორციელებას. სწორედ აღნიშნული გარემოება ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ბრალდების ფარგლები მოიცავს როგორც კვალიფიკაციას, ასევე ფაქტებს, რომლებიც ასახულია ბრალის შესახებ დადგენილებაში ანუ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდების მხარის შეფასებით წარმოადგენს კონკრეტულ დანაშაულს. მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლოს ქმედების გადაკვალიფიცირება შეუძლია იმავე ხარისხის ან მსუბუქ ბრალდებაზე, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ პირის მდგომარეობა არ გაუარესდეს და ბრალდებულის ქმედებამ იმაზე მეტი შინაარსი არ შეიძინოს, ვიდრე ეს ბრალდების მხარემ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოაყალიბა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო წარდგენილი ბრალდების თვისებრივ და არსებით შინაარსს არ გასცდეს, რაც, პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა. შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლო გასცდა ბრალდების ფარგლებს და ამით დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, უსაფუძვლოა და სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს ახალი ფაქტობრივი გარემოება არ დაუდგენია და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად განეხორციელებინა დაცვის უფლება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ფარგლებში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-ა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ჯანყარაშვილმა.
ადვოკატი თ. გ-ი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ-ს გამართლებას.
პროკურორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
12. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გ. ნ-ა პაკეტის ნახვისა და შენახვის დროს იცოდა ამ პაკეტში თანხის არსებობის შესახებ. მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ნ. ა-ა დაკარგა თანხა, გახსნა პაკეტი, ნაპოვნი თანხა შეინახა და შემდეგ თავისი შეხედულებისამებრ განკარგა, რითაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
13. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის მოტივებზეც, (რომლებზეც დაცვა აპელირებს საკასაციო საჩივარშიც), რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე არ მიუთითებს.
14. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება.[1] სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა.[2] განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ შეზღუდვია როგორც მტკიცებულებათა წარდგენის, ისე - საქმესთან დაკავშირებულ ყოველ მნიშვნელოვან დეტალზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება. დაცვის მხარის პოზიციები და მისი არგუმენტების გაზიარებაზე უარი თქმის მოტივები აისახა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ა და სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), N45/1997/829/1035, 25/03/1998, §37.
[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), N14448/88, 27/10/1993, §33.