საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 15.01.2018
საქმის ნომერი
2კ-521აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#521აპ-17 15 იანვარი, 2018 წელი

ს-ი თ, 521აპ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის განაჩენით თ. ს-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამავე კოდექსის 69–ე მუხლის გამოყენებით - შინაპატიმრობა 1 წლით;

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ამავე კოდექსის 69–ე მუხლის გამოყენებით -შინაპატიმრობა 1 წლით;

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელთაგან საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის - შინაპატიმრობის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით.

თ. ს-ის სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 3 მარტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-ამ და ითხოვა თ. ს-ისთვის სასჯელის შემსუბუქება.

4. 2018 წლის 12 იანვარს წარმოდგენილი განცხადებით ადვოკატი ი. თ-ა შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი, ვინაიდან არასრულწლოვანი თ. ს-ი შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ ადვოკატ ი. თ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე