განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №682აპ-17 ქ. თბილისი
დ-ი შ, 682აპ-17 4 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაალ ურუშაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განაჩენით შ- დ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარი.
მას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენით შ. დ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით შ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2017 წლის 20 აპრილს თ-ი, მ-ს დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის, მე-5 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი შ. დ-ი პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გადაიყვანეს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც ნარკოლოგიური შემოწმებისას ნარკოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაალ ურუშაძემ. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო ვალდებული იყო, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე შ. დ-ს სასჯელი შეეფარდებინა განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან დადგენილია, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნებს, რადგან სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის ფაქტი, რომ შ. დ-ს არ ჰქონდა გადახდილი მისთვის შეფარდებული გირაოს თანხა - 1000 ლარი, რადგან არ გააჩნდა ამის მატერიალური შესაძლებლობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაალ ურუშაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულ შ. დ-ს სასჯელის განსაზღვრას განაჩენთა ერთობლიობით, შემდეგი საფუძვლებით: საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა შ. დ-ა განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ამ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრას; სააპელაციო სასამართლო არასწორად აპელირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და უთითებს, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის შესახებ, რადგან პროკურორს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია სასჯელის განსაზღვრა მითითებული წესით. პროკურორის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებულია, განაჩენის გამოტანისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით და მასზე დაყრდნობით მიიღოს ობიექტური და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება; ასევე, უკანონოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე და მსჯელობა, რომ ვინაიდან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა, სასჯელი უნდა ჩაითვალოს სრულად მოხდილად. პროკურორის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ არ უნდა გადაწყდეს, რადგან დადგენილია, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ხოლო საქმის არსებითი განხილვა და განაჩენის გამოტანა ვერ მოესწრო გამოსაცდელი ვადის პერიოდში. სასამართლოს მითითებული მსჯელობის საფუძველზე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან ის ბრალდებულები, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თუმცა სასამართლომ განაჩენის გამოტანა მოასწრო იმავე გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც წარმოადგენს არასამართლიან და დისკრიმინაციულ განმარტებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ შ. დ-ს საქმის მასალები, შეამოწმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაალ ურუშაძის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით შ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ნარკოტიკულ საშუალებებს - „ამფეტამინს“, „მეტამფეტამინსა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ (მარიხუანა) მიკუთვნებულ ნარკოტიკულ საშუალებათა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (3 ეპიზოდი), რისთვისაც მას სასჯელის ზომად შეეფარდა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) – 2000 ლარი ჯარიმა; სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 26 ნოემბრის ეპიზოდი) – 2000 ლარი ჯარიმა; სსკ-ის 273-ე მუხლით (2016 წლის 20 მაისის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. დ-ს სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა შ. დ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით შ. დ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შ. დ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 16 ივნისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მსჯავრდებულმა შ. დ-ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს N002/17-0604 გადაწყვეტილებით, შ. დ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან - 2 თვითა და 16 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლდა პატიმრობიდან). მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ, მისთვის სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის წესით.
4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, მსჯავრდებულმა შ. დ-ა ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და მითითებულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განსაზღვროდა განაჩენთა ერთობლიობით, მაგრამ მას არ გააჩნდა უფლებამოსილება, ემსჯელა ამ საკითხზე, რადგან საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ მოითხოვა შ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით შეფარდება, იგი ვერ იმსჯელებდა ამ საკითხზე.
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17) შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება, გააუქმოს პირობითი მსჯავრი, არ არის დამოკიდებული პროკურორის პოზიციაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი, რისი გასაჩივრების უფლებაც ბრალდების მხარეს ვერ შეეზღუდება.
6. ამდენად, მითითებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში სასამართლოს მიერ დაშვებული უკანონობის თაობაზე და განეხილა მხარის მოთხოვნა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის შესახებ.
7. ბრალდების მხარე მართებულად მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში, რომ დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ ასევე არაერთხელ განმარტა მითითებული მუხლებით სასჯელის განსაზღვრის წესი, კერძოდ:
- საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება – არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება (მაგალითის სახით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №203აპ–15, №733აპ-16, №349აპ-17).
- კონკრეტულად, საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-81 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენის დროს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების შეჩერების საკითხს, რაზედაც აპელირებენ ქვემდგომი სასამართლოები მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდების წესთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა უშუალოდ არ ეხება და არც წყვეტს მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას ამ ვადის დინებისა და, შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მიმდინარეობის შეჩერების ან შეწყვეტის საკითხს, რადგან იგი არ მიეკუთვნება აღნიშნული საკანონმდებლო აქტის რეგულაციის სფეროს. ამიტომ განსახილველ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17).
- აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებულ განაჩენებში წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით: როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ არის გამოყენებული, მაშინ გამოსაცდელი ვადა ჩვეულებრივად მიედინება და ახალი დანაშაულისათვის განაჩენის დადგენამდე ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრი მოხდილად უნდა ჩაითვალოს, რაც გამორიცხავს ახალი დანაშაულისათვის მის მიმართ სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის წესით. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი მიდგომა უეჭველად გამოიწვევს აშკარა შეუსაბამობას სისხლის სამართალში მოქმედ პროპორციულობის პრინციპთან და ყოვლად გაუმართლებელ უსამართლობას დასჯადობაში, რადგან მსგავს შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობა მთლიანად იქნება დამოკიდებული არა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულ წესსა და კანონზომიერებაზე, არამედ - სრულიად სხვადასხვა შემთხვევით გარემოებაზე, მაგალითად: ახალი დანაშაულის საქმეზე რამდენად სწრაფად დამთავრდება გამოძიება და გადაეცემა საქმე სასამართლოს განსახილველად; თავის მხრივ, სასამართლო რამდენად დროულად დაიწყებს საქმის არსებით განხილვას, გამომდინარე მისი დატვირთულობიდან; რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის განხილვა სასამართლოში, გამოსაკვლევი მტკიცებულებების მოცულობის გათვალისწინებით და ა.შ. ასეთ პირობებში კი არც ასეთი შემთხვევა იქნება გამორიცხული: გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულს, მის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას, როდესაც ეს ვადა, მართალია, მინიმალური იყო, მაგრამ ახალი დანაშაულის გამო მისი ბრალდების საქმეზე საპროცესო წარმოება სწრაფად დასრულდა მის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სასჯელი დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის უფრო მკაცრი წესით, ვიდრე იმ პირს, ვინც პირობით მსჯავრდებული იყო უფრო მძიმე, განზრახი დანაშაულისათვის და მისი გამოსაცდელი ვადაც ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო. მაგრამ, ზემოაღნიშნულ შემთხვევით გარემოებებზე დამოკიდებულებით, თუკი ამ უკანასკნელის მიმართ ახალი დანაშაულის საქმეზე საპროცესო წარმოება მეტისმეტად გაჭიანურდა და ამის შედეგად გამოსაცდელი ვადა ამოიწურა განაჩენის გამოტანამდე, მაშინ შეუძლებელი გახდება მისთვის სასჯელის შეფარდება განაჩენთა ერთობლიობის წესით. სასჯელის დანიშვნის პრაქტიკაში ამგვარი არათანაბარი მიდგომა და ამით განპირობებული აშკარა უსამართლობის შესაძლებლობა დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, საბოლოო დასკვნა ასეთია: ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–4 ნაწილით (როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქმის განხილვისას სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება) და ასევე, მე–5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და ახალი დანაშაულისათვის მისი მსჯავრდებისას სასჯელი უნდა დადგინდეს განაჩენთა ერთობლიობის წესით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №349აპ-17).
8. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. დ-ა ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში და, მართალია, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებს, რომ დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით, მაგრამ მხედველობაში იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
9. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით შ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შ. დ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში, რის გამოც აღარ არსებობს პროკურორის მოთხოვნის - სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დადგენილი წესით განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ შ. დ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაალ ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ შ. დ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებაში.
4. შ. დ-ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
5. შ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი