დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №33I-17 თბილისი
ნ-ე მ. 33I-17 19 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით სს „.....ბანკისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბრალდებულების: ვ. და მ. ნ-ეების ქონებას, კერძოდ: ავტომანქანას - „აუდი S8“ - სახელმწიფო ნომრით …..; ავტომანქანას - „მერსედეს 600“ - სახელმწიფო ნომრით …..; მობილურ ტელეფონებს - „…..“; ოქროს სამაჯურს; ოქროს ძეწკვს თავისივე ჯვრის მედალიონითა და თეთრი ფერის თვალით; 10 ორმოცდაათ დოლარიან კუპიურასა და მუსიკალურ ცენტრს - „სონი“.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენით მ. ნ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისგან გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის, 503-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მ. ნ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 13 მაისიდან.
3. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: ვ. ნ-ე და დ. მ-ე.
4. ამავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „…..ბანკის“ სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხე მ. ნ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 225700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა (გადახდის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ოფიციალური კურსის მიხედვით) და 13000 ლარის გადახდა. ამასთან, ძალაში დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება ვ. და მ. ნ-ეების ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენი შეიცვალა მხოლოდ მსჯავრდებულ ვ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. 2017 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა მ. ნ-ს ადვოკატმა გ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა ვ. და მ. ნ-ების ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ბრძანების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განაჩენი სამოქალაქო მოპასუხე მ. ნ-ს მიმართ სს „…..ბანკის“ სამოქალაქო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში ვერ აღსრულდება, რადგან გასულია გადაწყვეტილების აღსულების მოთხოვნისთვის კანონით დადგენილი 10 - წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს საჩივარი (შუამდგომლობა) არ დაკმაყოფილდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ს ადვოკატმა გ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებისა და ვ. და მ. ნ-ების ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის ბრძანების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება წარადგინონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო შუამდგომლობას, საჩივარს იხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენცია არის ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
3. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღის მოხსნის მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს მიერ ასეთი მოთხოვნის განხილვის პროცედურას (რაც სამოქალაქო წესით განსახილველი მოთხოვნაა), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს ზემოაღნიშნული შუამდგომლობის განხილვა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას და, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სისხლის სამართლის წესით განიხილოს წარმოდგენილი საჩივარი.
4. ამასთან, მართალია, საქართველოს ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შესაძლებელი იყო სისხლის სამართლის საქმესთან ერთად სამოქალაქო სარჩელისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების განხილვა, მ. ნ-ს საქმეც ძველი საპროცესო კოდექსით არის განხილული და ვ. და მ. ნ-ების ქონებასაც ყადაღა იმავე კოდექსის საფუძველზე დაედო, მაგრამ, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე დამთავრებულია სამართალწარმოება (მით უფრო, რომ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსით მსჯავრდების ნაწილში აღსრულებულია), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მოცემულ საქმეზე ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც არ ითვალისწინებს სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღის მოხსნის მოთხოვნის განხილვას და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს არა აქვს ასეთი მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო საფუძველი. ამდენად, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით წარმართულ საქმეზე სამოქალაქო სარჩელთან მიმართებით (მათ შორის - ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღის მოხსნის მოთხოვნა), მაშინ, როდესაც საქმეზე დამთავრებულია სამართალწარმოება, არ წარმოადგენს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსახილველ მოთხოვნას.
5. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასეს, ხოლო მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არ წარმოადგენს მისივე შუამდგომლობის განხილვის საფუძველს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე, 300-309-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება მ. ნ-ს ადვოკატ გ. დ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი