საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.02.2018
საქმის ნომერი
2კ-481აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №481აპ-17 ქ. თბილისი

დ-ე პ. 481აპ-17 22 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. დ-ს ბრალი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

პ. დ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 0,03132 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის” შემცველი 3 აბი და აბის ნატეხები; დიდი ოდენობით - 0,2231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” შემცველი ფხვიერი ნივთიერი მასა და 0,1732 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის” შემცველი გრანულები, რაც 2016 წლის 16 აპრილს სასაზღვრო გამშვები პუნქტ „…..” გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები 2016 წლის 16 აპრილს ….. საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა ….. რაიონში, ….. სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობის გამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამოიღეს პ. დ-ს პირადი ჩხრეკისას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით პ. დ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

პ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ პ. დ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, პ. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი პ. დ-ს მიმართ.

პ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

– საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ პ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ პ. დ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 16 აპრილიდან იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პ. დ-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები პ. დ-ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ. დ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

პ. დ-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, პირველ რიგში, ადასტურებს მის ვიზუალურ კონტროლსა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების - ა. ძ-ს, მ. ფ-ს, ი. ტ-ს, ჯ. შ-სა და ჯ. მ-ს პირდაპირი ჩვენებები, რომლებმაც დამაჯერებლად ამხილეს იგი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონო შემოტანაში, რომლებმაც დანამდვილებით მიუთითეს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლის შემდეგ, ჩხრეკის ჩატარებამდე, პ. დ-ე მუდმივად მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მათი თვალთახედვის არედან არ გასულა, სადმე შენობაში არ შესულა, არავის შეხვედრია, ხელი არავისთვის ჩამოურთმევია და არავის დალაპარაკებია, ძირს არ დახრილა და არაფერი აუღია. მისი პირადი ჩხრეკა სარფის საბაჟო გამტარი პუნქტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზევე ჩატარდა, რა დროსაც აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალებები.

სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია პ. დ-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულებების ფონზე პალატამ არ გაიზიარა პ. დ-ს პოზიცია, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, ვინაიდან ვერ წარმოადგინა რაიმე სარწმუნო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათ გააჩნიათ რაიმე მიზეზი, რომ პ. დ-ს დააბრალონ მითითებული დანაშაულების ჩადენა. გარდა თავად პ. დ-ს განცხადებისა, აღნიშნული გარემოების დასადგენად საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ირიბად მიუთითებდა პოლიციელთა მიკერძოებაზე, საქმის შედეგით დაინტერესებასა და შესაბამის ორგანოებში ცრუ ჩვენებების მიცემაზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებებზე და მიიჩნია, რომ მათი სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. მათ ჩვენებებს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, ამასთან, ისინი გამყარებულია ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმით, პ. დ-ს მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მონაცემებით, მისი პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის შესაგებელსა და სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება პ. დ-ს პირადი ჩხრეკის ოქმის, როგორც არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების და მის საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად რაიმე სახის კანონდარღვევა პ. დ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენში აღნიშნულია, რომ სასამართლო პ. დ-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებებში გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს, რომ არა დაცვის მხარის მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით სასამართლოში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის ანალიზით წარმოშობილი ეჭვი. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ პირზე, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, შეინახა ჯიბეში და პოლიციელ თ. კ-ს პატაკითა და სასამართლოში მიცემული ჩვენებით აპირებდა მის გასაღებას სხვა პირზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გენეტიკური ექსპერტიზით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოიშვა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა, რის გამოც ხსენებული ეჭვი პ. დ-ს სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა და მიუთითა, რომ პალატა სადავოდ არ მიიჩნევს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას, რომ პ. დ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ობიექტებზე პ. დ-ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა, თუმცა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ექსპერტების ჩვენებების ის მთავარი ნაწილი, თუ ობიექტზე შეხების დროს რა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ან არ დარჩეს მასზე ადამიანის დნმ-ის კვალი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებობს მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების: ა. ძ-ს, მ. ფ-ს, ი. ტ-ს, ჯ. შ-ს, ჯ. მ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ასევე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების სრული დაცვით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან პ. დ-ს მიმართ რაიმე დაინტერესება არ იკვეთება, მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს პ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ჩვენებების თანახმად, ობიექტზე შეხებისას შესაძლებელია, მასზე არ დარჩეს ადამიანის დნმ-ის კვალი, რაც სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მითითებული კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ასევე, - პ. დ-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ. დ-ს ბრალეულობა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონო შემოტანაში. შესაბამისად, მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პ. დ-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ პ. დ-ს მიმართ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები და იმავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად - დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის პიროვნება, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ ის, რომ პ. დ-ე წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის და შესაბამისად, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი. ამასთან, პ. დ-ს სასარგებლოდ პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იგი დაავადებულია C ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზით და ჰემატოლოგიური თვალსაზრისით, ითვლება მძიმე ავადმყოფად და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს პოზიცია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პ. დ-ს განაჩენის აღსრულება უნდა გადაუვადდეს მძიმე ავადმყოფობის გამო და მიუთითა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ამდენად, მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს საკითხი - უშლის თუ არა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს სასჯელის მოხდას. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დასკვნაში აღნიშნულია, რომ პ. დ-ე დაავადებულია C ჰეპატიტით, ღვიძლის ციროზით და ჰემატოლოგიური თვალსაზრისით, ითვლება მძიმე ავადმყოფად, რის გამოც ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვით. ხსენებულ დასკვნაში მითითებული არ არის, რომ პ. დ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას და აღნიშნულის თაობაზე არც საქმის სხვა მასალები შეიცავს რაიმე ინფორმაციას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პ. დ-ს მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დაცმველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს პ. დ-ს სახელზე შედგენილი გაყალბებული პირადი ჩხრეკის ოქმისა და მის საფუძველზე კანონიერად მოპოვებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ სასამართლოს განჩინების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული პ. დ-ე არის უდანაშაულო და უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პ. დ-ე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ პ. დ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №96აპ-17).

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი