საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.02.2018
საქმის ნომერი
2კ-488აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №488აპ-17 ქ. თბილისი

გ-ი მ. 488აპ-17 21 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განაჩენით მ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2017 წლის 14 მარტიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ….. მუნიციპალიტეტის ….. მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N….. ….. სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის მიმღებ პუნქტში საბადრაგო ჯგუფის მიერ გადაყვანილმა მსჯავრდებულმა მ. გ-მ გამოხატა აგრესია და ხსენებული დაწესებულების თანამშრომლებს არ მისცა საშუალება, მისთვის ჩაეტარებინათ შემოწმება. მან ჯერ პირის ღრუში გადამალული, დაშლილი, ერთჯერადი სამართებლით დაიზიანა მარცხენა წინამხარი, შემდეგ კი იმავე საგნით მარჯვენა მტევანზე ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს ჯარისკაც ჩ. ქ-ს, რითაც ხელი შეუშალა დაწესებულების საქმიანობას.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის 27-ე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მ. გ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ძალადობის და ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლის ბრალდება ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნია, რომ მ. გ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ:

დაზარალებულ ჩ. ქ-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ მ. გ-მ სასჯელაღსრულების N…..-ე დაწესებულების თანამშრომლებს არ მისცა მისი გაჩხრეკის უფლება. გამოთქვამდა უკმაყოფილებას, თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდა მათ, იგი ფეხებს ურტყამდა კარს და მოითხოვდა შემოწმების გარეშე დაწესებულებაში შესვლას. მ. გ-მ, მას შემდეგ, რაც ჩ. ქ-მ უარი განუცხადა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბოლო, მესამე შესასვლელი კარის გაღებაზე, ხელზე დაუსვა სამართებელი, რომელიც ხელში ეჭირა და მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც ის გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც აღმოუჩინეს დახმარება. მოწმე ა. დ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ მ. გ-ი, რომელსაც ხელები ჰქონდა დასისხლიანებული, არ ემორჩილებოდა დაწესებულების თანამშრომლებს და არ აძლევდა საშუალებას, განეხორციელებინათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება; მოითხოვდა შემოწმების გარეშე დაწესებულების ტერიტორიაზე შეშვებას, იგინებოდა დაწესებულების თანამშრომლების მისამართით, ფეხებს ურტყამდა კარს და იქნევდა ე.წ. ,,ბრიტვას“, რომლითაც დაზიანება მიაყენა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს ჯარისკაცს. მოწმე ა. ჩ-ს განმარტებით, მ. გ-მ უარი განაცხადა შემოწმებაზე, გამოხატა აგრესია და გაიქცა დაწესებულების შესასვლელი კარისკენ. მ. გ-მ მიიღო თვითდაზიანება, ხოლო ინციდენტის დასრულების შემდეგ ნახა ძირს დაგდებული ე.წ. ,,ბრიტვის“ ნაგლეჯი, შემდეგ შეიტყო, რომ დაწესებულების გარე დაცვის ჯარისკაცს - ჩ. ქ-ს ხელზე მიყენებული ჰქონდა დაზიანება და მოსდიოდა სისხლი. მ. კ-მ მიუთითა, რომ მ. გ-ი, რომელმაც უარი განაცხადა შემოწმებაზე, გამოხატავდა აგრესიას დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, მან ხელში აიღო კუთვნილი ხელჩანთა, მივიდა კართან და დაიწყო მასზე ფეხის დარტყმა, ითხოვდა დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლას შემოწმების გარეშე. მ. გ-მ, სავარაუდოდ პირის ღრუდან, გამოიღო სამართებელი და თვითდაზიანება მიიყენა, კერძოდ, გადაიჭრა ხელები. მოწმე ა. ც-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ. გ-ი ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს აგინებდა და არ ემორჩილებოდა მათ. მან ასევე ნახა, რომ ჩ. ქ-ს ხელზე მიყენებული ჰქონდა დაზიანება. მოწმე თ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ. გ-მ უარი განაცხადა შემოწმებაზე, გახდა აგრესიული და ითხოვდა დათვალიერების გარეშე დაწესებულებაში შესვლას. მან პირიდან გამოიღო სამართებელი და ხელზე მიიყენა თვითდაზიანება. შემდეგ გაიქცა დაწესებულებაში შესასვლელი კარისკენ, სადაც მას გზა გადაუღობა ჯარისკაცმა, რომელსაც მ. გ-მ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ სამართებლით მიაყენა ხელზე დაზიანება. მოწმე ლ. ხ-ს განმარტებით, მან ნახა, რომ დაწესებულების ჯარისკაცი ხელში იყო დაჭრილი და სისხლი სდიოდა. მოწმე ნ. გ-მ მიუთითა, რომ მ. გ-ი ეტაპირების შემდეგ უარს აცხადებდა დათვალიერებაზე, გამოხატავდა პროტესტს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაწესებულების თანამშრომლებს. მან სცადა დაწესებულების კარში შემოწმების გარეშე შესვლა, რაც აღკვეთეს დაწესებულების თანამშრომლებმა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებული და მოწმეები დაკითხვისას იყვნენ კეთილსინდისიერნი და მათ სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი ობიექტური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყვეს სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულად არის თანხვდენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N….. დაწესებულების თანამშრომლებმა მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად აღწერეს მომხდარი ფაქტი, ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად დაადასტურეს, რომ სწორედ მ. გ-ი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნებს, ძალადობდა და იმუქრებოდა და ამ ფაქტობრივი გარემოების აღწერისას მათ ჩვენებებში რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობა არ გამოვლენილა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №…..დაწესებულების თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები. აღნიშნულზე ვერც აპელანტი მიუთითებს, ხოლო ის, რომ მ. გ-ს მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, არ წარმოადგენს აღნიშნული ჩვენებების გაუზიარებლობის, ან მისი სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს, მით უმეტეს მაშინ, როცა აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტაცია დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მ. გ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ძალადობისა და ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლის ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეჭვი ვერ გაბათილდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებითაც. პირის დამნაშავედ ცნობისათვის კი აუცილებელია არა მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ - ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ვითარება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანგრძლივი დროით ყოფნის მიუხედავად, არ მოხერხდა მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და იგი კვლავ აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებას; ამასთანავე, მ. გ-ი არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე პირი.

სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ - მის გარდაუვალობაში. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. გ-ს გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა მ. გ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი