საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.02.2018
საქმის ნომერი
2კ-524აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №524აპ-17 ქ. თბილისი

გ-ე გ. 524აპ-17 12 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ბ-სა და ი. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით გ. გ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 თებერვლიდან.

მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 14 თებერვალს გ. გ-მ შეიტყო, რომ მ. ბ-ს სამედიცინო ცენტრ „…..“ თავისი მეუღლის - ლ. ი-თვის გადასაცემად სათანადო წესით გამოტანილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის’’ შესაბამისი ულუფები და იგი ქმარს უნდა შეხვედროდა თბილისში მდებარე …... იმავე დღეს, დილის საათებში, თბილისში, ….. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ-მ მ. ბ-ს ხელიდან გასტაცა პარკი მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონის’’ შესაბამისი ულუფებით, რომლის ნაწილიც იმავე დღეს მოიხმარა.

აპელანტის მოთხოვნა: განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. გ-თვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მისთვის სასჯელის განსაზღვრას ჯარიმის ან პირობითის სახით.

გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატამ საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების, მოწმეების - მ. ბ-ს, ლ. ი-ს, გ. მ-ს, დ. ბ-ს, ნ. გ-ს გამოკითხვის ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის, პირის ამოცნობის ოქმის, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის და საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ გ. გ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-თვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ამასთან, სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს იმის თაობაზე, რომ ქმედება ჩადენილია საჯარო ადგილზე, ხალხმრავალ ქუჩაში, რაც მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეზე მიუთითებს და ეს ის შემთხვევაა, როცა ქმედების ჩამდენი პირი - ნარკომომხმარებელი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას, არამედ - არღვევს სხვათა უფლებებს, კერძოდ, გ. გ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შეილახა მესამე პირის - სამედიცინო ცენტრ ,,…..“ ,,მეთადონით“ ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლე ლ. ი-ს უფლება, ესარგებლა კუთვნილი ულუფებით, რომლებსაც იგი ამ პროგრამის ფარგლებში მკურნალობის მიზნით იღებდა. ხაზგასასმელია ჩადენილი დანაშაულის ხერხი - შუა ქუჩაში, საჯაროდ, ნარკოტიკული ნივთიერების გატაცება, რაც მომეტებული საფრთხის შემცველ დანაშაულებრივი ქცევის რისკს წარმოადგენს.

სასჯელის დანიშვნის დროს სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაული, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, დამამძიმებელი გარემოება, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დანაშაულის ჩადენის ადგილი (ჩადენილია საჯარო ადგილას) და მიიჩნია, რომ გ. გ-ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ბ-მ და ი. ხ-მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. გ-თვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მისთვის სასჯელის განსაზღვრას ჯარიმის ან პირობითის სახით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. მოცემულ შემთხვევაში მხარე ასაჩივრებს განაჩენს მსჯავრდებულ გ. გ-თვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. ბ-სა და ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი