საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№566აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ი ლ., 566აპ-17 28 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით ლ. ქ., – -, ნასამართლობის არმქონე; ლ. ს., – - ნასამართლობის არმქონე; რ. ს., – -, ნასამართლობის არმქონე, გ. ა., – -რს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ლ. ს-ეს, გ. ა-სა და რ. ს-ეს – საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ა-სა და რ. ს-ეს – საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ლ. ქ-ს – სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ლ. ს-ეს, რ. ს-სა და გ. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრათ 2-2 წლით, ხოლო ლ. ქ-ს – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს – ლ. ს-ეს, გ. ა-სა და ლ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2016 წლის 21 ივლისიდან, ხოლო რ. ს-ეს – იმავე წლის 22 ივლისიდან.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ქ-ს, ლ. ს-ის, რ. ს-სა და გ. ა-ის ქმედებები დაკვალიფიცირდა, როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილისა და მოსამართლის შეურაცხყოფაში, და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა და სხვისი ნივთის დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 21 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა რ. ქ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის შესახებ. სხდომის დარბაზში შეკრებილ რ. ქ-ის ნაცნობებს განზრახული ჰქონდათ, ჩაედინათ ჯგუფური მოქმედებები, ძალადობა, რბევა, ნივთის დაზიანება, პროცესის მონაწილეებისა და სასამართლოს უპატივცემულობა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ლ. ს-ემ, გ. ა-მა, ლ. ქ-მა, რ. ს-ემ და დაუდგენელმა პირებმა პროცესის მონაწილე პროკურორისა და საქმის განმხილველი მოსამართლის, ასევე სასამართლოს მიმართ გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა – ყვიროდნენ და იგინებოდნენ. ისინი ცდილობდნენ, ჯგუფურად გადაელახათ სხდომის დარბაზში დამსწრეთა და პროცესის მონაწილეთა შორის გამყოფი ზღუდე. ამასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პროცესის მონაწილეებს და ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მათთან მიახლოებას. ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილე რ. ს-ემ და გ. ა-მა ფიზიკური ძალის გამოყენებით – ფეხის დარტყმებით დააზიანეს ზემოაღნიშნული გამყოფი ზღუდე. ლ. ს-ემ და გ. ა-მა ძალადობით მოახერხეს, დაეძლიათ მანდატურთა მხრიდან წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იძულების პროპორციული ზომები და შეიჭრნენ პროცესის მონაწილეთათვის განკუთვნილ სივრცეში, რაც მათი მხრიდან გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ აღკვეთეს მანდატურებმა. ეს პირები არბევდნენ სხდომის დარბაზში არსებულ ინვენტარს. ლ. ქ-ი სიტყვიერად შეურაცხყოფდა მოსამართლესა და პროცესის მონაწილეებს და ცდილობდა მათთან მიახლოებას. ამ მიზნით იგი შეეცადა ძალადობით შეჭრილიყო პროცესის მონაწილეთათვის განკუთვნილ სივრცეში, თუმცა ეს ვერ მოახერხა მანდატურთა მიერ გამოყენებული იძულების პროპორციული ზომების გამო. აღნიშნულმა არეულობამ და რბევამ გამოიწვია სხდომის დარბაზში არსებული ინვენტარის სტიქიურად გადაადგილება და დაზიანება, შეჩერდა პროცესის მიმდინარეობა, ხოლო პროცესის მონაწილეები იძულებულები გახდნენ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სხდომის დარბაზი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მანდატურებმა მოახერხეს სხდომის დარბაზის გათავისუფლება ამ ქმედებაში მონაწილე პირებისაგან. ლ. ს-ემ, გ. ა-მა, ლ. ქ-მა და რ. ს-ემ დაუდგენელ პირებთან ერთად კვლავ განაგრძეს აგრესიული მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს შენობის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ისინი ყვირილით, აგრესიით, გინებითა და სხვაგვარი ქმედებებით ხელს უშლიდნენ ადგილზე მისულ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
4. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ. ქ-მა, ლ. ს-ემ, რ. ს-ემ და გ. ა-მა ჩაიდინეს სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილისა (პროკურორის) და მოსამართლის შეურაცხყოფაში, ხოლო გ. ა-მა და რ. ს-ემ ასევე დააზიანეს სხვისი ნივთი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. ქ-ის, ლ. ს-ის, გ. ა-სა და რ. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილითაც და სასჯელის მიზნების მიღწევისათვის მათთვის მკაცრი სასჯელების შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ქ-ის, ლ. ს-ის, რ. ს-სა და გ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება გამოიწვია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
8. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე