დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
101აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №101აგ-17 19 მარტი, 2018 წელი

ბ-ე მ., 101აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებიდან და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ , ,,დ’’ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქცია). მ. ბ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისის შემდეგ მოქმედი რედაქცია) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ბ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 29 მარტიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

6. 2017 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულმა მ. ბ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემობათა გამო საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა და განაჩენში აღწერს მოწმე ე. პ-ის ჩვენებას, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იყო მოხსნილი მოწმეთა სიიდან და არ დაკითხულა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ბ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორი - მსჯავრდებული მ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

4. კასატორი განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ განაჩენში მოხსენიებულია მოწმე ე. პ., რომელიც სასამართლოში არ დაკითხულა, რასთან დაკავშირებითაც პალატა მიუთითებს, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, თუ ვინ დაიკითხა სასამართლოში და ვინ - არა, ბუნებრივია, ცნობილი იყო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სამივე ინსტანციის სასამართლოსთვის, მათ შორის - საკასაციო პალატისთვის, რომელმაც დაუშვებლად ცნო ამ საქმეზე საკასაციო საჩივარი ვინაიდან მიიჩნია, რომ ე. პ-ის ჩვენების მხედველობაში მიუღებლადაც სხვა მტკიცებულებები საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამდენად, მითითებული გარემოება ვერ გახდება განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ მ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ მ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე