გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი

სისხლის სამართლის 07.03.2018
საქმის ნომერი
2კ-507აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#507აპ.-17 ქ. თბილისი

ფ-ი ზ-ბ 507ap.-17 7 მარტი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ გურჯან ტაბეშაძის

მსჯავრდებულ _ ზ. ფ-ის

ადვოკატების - ნ. ჩ-ის, ნ. შ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ზ. ფ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზ. ფ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 29 თებერვლიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ფ-მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 12.00 საათიდან 13.00 საათამდე პერიოდში, ზ. ფ-მა უკანონოდ შეაღწია ქ. ქ-ში, -–ში მდებარე №- პოლიკლინიკის შენობაში მცხოვრებ ნ. შ-ას საცხოვრებელ ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ, 1800 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ნ. შ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. კასატორი - მსჯავრდებულ ზ. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩ. წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ზ. ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ზ. ფ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო; აღნიშნული საქმე ხელოვნურად ,,შეკერა“ გამომძიებელმა, მოხდა მტკიცებულებათა ფალსიფიცირება, რაც უტყუარად დადასტურდა მოწმეთა დაკითხვისას; სასამართლომ განაჩენში არ შეაფასა ზ. ფ-ის გამამართლებელი ფაქტები და სრულიად უდანაშაულო ადამიანს ექვსი წლით აღუკვეთა თავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცეს ზ. ფ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მათ მიერ გამოტანილი დასკვნა მისი ბრალეულობის შესახებ არ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ზ. ფ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ:

2. მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ნ. შ-ას ჩვენებით ირკვევა, რომ ის ცხოვრობს ქ. ქ-ში, -–ში მდებარე №- პოლიკლინიკის შენობაში, მეოთხე სართულზე. ბრალდებული ზ. ფ. მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი პოლიკლინიკის შენობაში. შემთხვევის დღეს, კერძოდ, 2016 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით თორმეტ საათს აკლდა წუთები, უფროსი შვილი რომ ჩაიყვანა პოლიკლინიკის მესამე სართულზე ყურის ექიმთან. ექიმს გარკვეული ხანი ელოდებოდა, მაგრამ ვინაიდან უმცროსი შვილი პირველის ოც წუთზე სკოლიდან უნდა გამოეყვანა, მასთან სტუმრად მყოფ დედას სთხოვა ექიმის კაბინეტში ჩასულიყო და ბავშვისთვის მიეხედა, რადგან ყურის გამორეცხვის პროცედურა უნდა ჩატარებოდა. დედის ჩასვლისთანავე წავიდა ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად. მალევე დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ოთახის კარი ღია იყო. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდა მეზობელი. ეჭვი გაუჩნდა, ბინა გატეხილი არ ყოფილიყო და მეზობელზე ადრე წავიდა სახლში. მეოთხე სართულზე ლიფტით ავიდა, სადაც დაინახა მისთვის უცნობი პირი, რომელიც წავიდა კიბისკენ. მოწმის განმარტებით, მეოთხე სართულზე არცერთი ექიმის სამუშაო ოთახი არ არის, მაგრამ იყო შემთხვევები, პაციენტები შეცდომით ზევით ადიოდნენ. უცნობი პირიც ასეთი პაციენტი ეგონა. სახლი არეული არ იყო, გარდერობის ერთ–ერთ უჯრაში იყო ტანსაცმელი შეწეული. ასევე ნახა კომოდის უჯრა, სადაც ჰქონდა ორგანყოფილებიანი ზარდახშა, ერთ განყოფილებაში ნახა, რომ ბეჭდები იდო, ხოლო ზარდახშის მეორე განყოფილებიდან, სადაც ერთად ჰქონდა შენახული სხვადასხვა დასახელების ოქროს ნივთები, მათ შორის ძეწკვი, კულონი, „ბრასლეტი“ და სხვა, ისე რომ ერთი ხელის მოკიდებით აჰყვებოდა ყველაფერი, წაღებული იყო. მას გაუკვირდა, თუ რატომ დატოვეს ბეჭდები და ასევე საყურის ნაწილი, რომელიც ქაღალდში იყო შეხვეული და ისიც იქვე იყო. აღნიშნულის შემდეგ დედასთან ერთად ჩავიდა ქვემოთ და ეძებდნენ იმ პირს, ვინც ლიფტიდან გამოსვლის დროს დაინახა, მაგრამ ვერ ნახა. ამ დროს მას შეხვდნენ პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე და დაცვის თანამშრომელი, რომლებსაც უთხრა მომხდარი ფაქტის შესახებ, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა გამოიძახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაახლოებით ათ წუთში მივიდნენ. მათი მოსვლის დროს პოლიკლინიკის დირექტორმა განმარტა, რომ ერთი პირი იქცეოდა საეჭვოდ, ამოიღეს მისი საბუთები და აღმოჩნდა ზ. ფ., რომელიც მას ნანახი ჰყავდა შემთხვევის დღეს. მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. იმავე ოთახში, სადაც იდგა კომოდი, ტახტის ქვეშ შენიშნა სიგარეტის ნამწვი წარწერით „სობრანიე“, რაც ამოიღეს ექსპერტებმა და დალუქეს პოლიეთილენის პარკში. შემთხვევიდან მეორე დღეს აღმოაჩინა მეორე ნამწვი უკვე დერეფანში, რაც შეატყობინა გამომძიებელს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ წაღებული იყო საფულეც, რომელშიც ჰქონდა სხვადასხვა მოწმობა. მისი განმარტებით, სახლიდან წაღებული იყო დაახლოებით 1800 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები, მათ შორის ბავშვის ნათლობის ჯვრები. დაზარალებულის განმარტებით, ის პოლიციაში დაიბარეს ამოცნობაზე, სადაც მას აჩვენეს სამი პირი. მათ შორის ამოიცნო ზ. ფ., რომელიც იმ დღეს ნახა პოლიკლინიკის შენობაში. მან ასევე ამოიცნო თავისი ოქროს ნივთი – საყურე. აღნიშნული საყურე, როგორც მას უთხრეს, ამოღებული იყო ზ. ფ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევიდან მალევე ოქროს ბირჟაზე ამოიცნო თავისი სამკაულები, რის თაობაზეც აცნობა გამომძიებელს, თუმცა მათგან მიიღო განმარტება, რომ თუ მის ნივთებს რაიმე განსაკუთრებული ინდივიდუალური ნიშან-თვისებები არ ჰქონდა, ტყუილად ნუ შექმნიდა პრობლემებს. დაზარალებულის განმარტებით, მართალია, დარწმუნებული იყო რომ სწორედ მისი ნივთები იყო ბირჟაზე, გაჩუმდა, ვინაიდან რაიმე ინდივიდუალური ნიშნებით არ გამოირჩეოდა, ჩვეულებრივი ნივთები იყო.

3. მოწმის სახით დაკითხულ დ. ნ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული ნ. შ. მისი შვილია. ნ. ცხოვრობს პოლიკლინიკის შენობაში. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს, ზრდის ორ შვილს და დასახმარებლად ხშირად დადის მასთან. შემთხვევის დღესაც მასთან იმყოფებოდა. ნ. შ-ას შვილებიდან უმცროსი შვილი - ბიჭი იმყოფებოდა სკოლაში, ხოლო უფროსს - გოგონას ყური სტკიოდა, რის გამოც ნ-მ მესამე სართულზე ექიმთან ჩაიყვანა. რამდენიმე ხანში მას დაურეკა ქალიშვილმა და უთხრა, რომ რადგან დიდხანს დააგვიანდებოდა პროცუდურებს, ის ჩასულიყო ექიმთან, ხოლო თვითონ წავიდოდა სკოლაში ბავშვის გამოსაყვანად. ისიც ჩავიდა ექიმთან, ხოლო სახლის კარი დაკეტა ბოქლომით. როდესაც მორჩნენ ექიმთან პროცედურებს, შვილიშვილთან ერთად ავიდა სახლში, ბავშვი წინ გაიქცა და ნახა, რომ სახლის კარი ღია იყო, გამოიქცა უკან და უთხრა ამის შესახებ. როდესაც თავადაც შევიდა ბინაში და ნახა, რომ კარზე ბოქლომი აღარ იყო, დაურეკა თავის შვილს - ნ. შ-ას და უთხრა, სასწრაფოდ მოსულიყო. როგორც შემდეგ გაიგო, მისმა შვილმა და მეზობელმა ლიფტიდან გამოსვლის დროს დაინახეს უცხო პირი. სახლიდან წაღებული იყო ოქროს ნივთები და საფულე. მისი განმარტებით, ქურდობის ფაქტი მოხდა ექიმთან ჩასვლის დროს, დაახლოებით ხუთ–ათ წუთში, პირველის ნახევრიდან პირველ საათამდე პერიოდში.

4. მოწმის სახით დაკითხულ მ. ხ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს ქ. ქ-ში, -–ში მდებარე №- პოლიკლინიკის მეექვსე სართულზე. შემთხვევის დღეს ის დაახლოებით პირველის ხუთ წუთზე წავიდა სკოლაში ბავშვის გამოსაყვანად, სადაც ასევე მივიდა ნ. შ. უმცროსი შვილის წასაყვანად. დაახლოებით ხუთ წუთში წამოვიდნენ სკოლიდან. გზაში ნ. შ-ას დაურეკა დედამისმა, თუმცა ნ-ს მისთვის არ უთქვამს, რა მოხდა. დედამისთან საუბრის შემდეგ უთხრა, რომ ჩქარა წასულიყვნენ და დაახლოებით 12.25 საათი იქნებოდა, ლიფტით ავიდნენ მეოთხე სართულზე. როდესაც ლიფტის კარი გაიღო, მათ დაინახეს უცნობი მამაკაცი, რომელიც მეოთხე სართულზე გამოდიოდა ნ. შ-ს დერეფნიდან და ჩადიოდა კიბეზე, ქვევით, რაც მათ გაუკვირდათ. ლიფტიდან გავიდა ნ. შ., ხოლო თვითონ ავიდა მეექვსე სართულზე და დაახლოებით ათ წუთში მას დაურეკა ნ-მ და უთხრა, რომ „ყველაფერი დაეკარგა“, რის გამოც ის ჩავიდა მასთან მეოთხე სართულზე. მოწმის განმარტებით, სკოლიდან მათ სახლამდე მისვლას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. ქურდობის ფაქტი მოხდა ნ. შ-ას სახლიდან წამოსვლიდან სახლში დაბრუნებამდე, დაახლოებით 15–20 წუთის განმავლობაში. ის შემდეგ დაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე ამოიცნო აღნიშნული პირი, რაზედაც გამომძიებელმა შეადგინა ოქმი.

5. მოწმეების - ლ. გ-ის, ე. კ-სა და პ. ნ-ის ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ზ. ფ. ნამდვილად იმყოფებოდა ქ.ქ-ში, --ში მდებარე N- პოლიკლინიკაში, ოჯახის ექიმ ე. კ-სთან რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, რაც სრულად შეესაბამება ბრალდებულ ფ-ის ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს ნამდვილად იმყოფებოდა №- პოლიკლინიკაში, სამედიცინო დაზღვევის აღრიცხვიდან მოხსნის მოტივით, სადაც გამოართვეს პირადობის მოწმობა და უთხრეს, რომ პირად ექიმ ე. კ-სთან უნდა დაეწერა განცხადება. ავიდა ამ უკანასკნელთან, რომელმაც უთხრა, რომ მეოთხე სართულზე უნდა ასულიყო მთავარი ექიმის მოადგილესთან, რომელიც მის განცხადებას დაადებდა რეზოლუციას. ასევე უთხრა, რომ თუ მეოთხე სართულზე ვერ ნახავდა, იქნებოდა პირველ სართულზე. ბრალდებულის განმარტებით, ის აღარ ასულა მეოთხე სართულზე, რადგან მთავარი ექიმის მოადგილის სახელი და გვარი ვერ დაიმახსოვრა, ჩავიდა პირველ სართულზე მისაღებში, სადაც მიასწავლეს ექიმის ადგილსამყოფელი, რომელსაც ჩააბარა განცხადება და გავიდა პოლიკლინიკიდან.

6. მოწმის სახით დაკითხულ მ. დ-ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ქ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის - განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 2 თებერვალს მოხდა ნ. შ-ას საცხოვრებელი ბინის ქურდობის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით, 2016 წლის 4 თებერვალს მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ საცხოვრებელი ბინის ქურდობა უნდა ჩაედინა ზ. ფ-ს, რომელიც გადაადგილდებოდა ქ.ქ-ში, --ში მდებარე საცხოვრებელ ბინასთან და თან უნდა ჰქონოდა ბინიდან დაუფლებული ნივთები. ამის თაობაზე ჯერ სიტყვიერად მოახსენა ხელმძღვანელობას და ამასთანავე, დაწერა პატაკი. ასევე, მოწმის განმარტებით, 2016 წლის 2 თებერვალს ის გასული იყო შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რა დროსაც დაათვალიერა უაბნი, გაესაუბრა დაზარალებულს, გამოკითხა მეზობლები და პოლიკლინიკაში მომუშავე პერსონალი. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა ქ.ქ-ში, --ში არსებულ №- პოლიკლინიკის მეოთხე სართულზე. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, უბრალოდ, შეათვალიერა, რა როგორ იყო. ექსპერტები როდის მივიდნენ და გადაიღეს თუ არა ფოტოსურათები, არ ახსოვს.

7. ქ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის - განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - ბ. ჯ-ას, მ. გ-ის, ი. მ-სა და მ. წ-ის ჩვენებების თანახმად, 2016 წლის 4 თებერვალს ქ.ქ-ში, -ას ქუჩაზე, ზ. ფ-ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის მარჯვენა, უკანა ჯიბიდან ამოიღეს ოქროს საყურე ორნამენტებით, რაზედაც ზ. ფ-მა განმარტა, რომ აღნიშნული ნივთი მისი არ იყო. ასევე ზ. ფ-საგან ამოიღეს მობილური ტელეფონი, სიგარეტი, საფულე, წამლის აბები და ბანკის საბუთები. ამოღებული ნივთები მოათავსეს პაკეტებში და ადგილზე დალუქა გამომძიებელმა, რაზედაც მოაწერეს ხელი. ასევე გამომძიებელმა ადგილზე შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, რაზედაც ასევე მოაწერეს ხელი. ჩხრეკის ჩატარებისას ფოცხვერაშვილს რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ის ჩასვეს ავტომანქანაში, რა დროსაც იქ მივიდა მისი მეუღლეც, რომელმაც მათ სთხოვა, რომ ისიც წაეყვანათ ავტომანქანით განყოფილებაში. ზ. ფ. იყო მეორე ავტომანქანაში, რომლითაც მ. წ-მ, ი. მ-მა და გამომძიებელმა გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს მისი მეუღლეც. ზ. ფ. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ იმავე დღეს გაუშვეს განყოფილებიდან. მოწმეების - ი. მ-სა და მ. წ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი იმავე დღეს, შუადღის საათებში, მონაწილეობდნენ ზ. ფ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ე.წ,,სერვანდიდან’’ ამოიღეს ხელნაკეთი გასაღებები და რაღაც მოხრილი ლითონის ნაჭერი.

8. ქ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის - განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - მ. წ-ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 2 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შევიდა შეტყობინება - ქ.ქ-ში, --ში მდებარე პოლიკლინიკის შენობაში არსებული მოქალაქე ნ. შ-ს ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებთ. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით, რის შემდეგაც მ. წ. ოპერატიული ჯგუფის წევრებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა მ. წ-მა და ამ საგამოძიებო მოქმედებაში მის გარდა მონაწილეობდნენ დაზარალებული ნ. შ., ექსპერტი და პოლიციის მე- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ. დ.. მათ დაათვალიერეს, აღწერეს და დაასურათეს ყველაფერი, მათ შორის - ზარდახშაც და მასში დარჩენილი ოქროს ნივთები. ექსპერტმა კომოდიდან აიღო ხელის კვალის ნიმუშები, ასევე უშუალოდ საძინებელი ოთახის იატაკიდან - სიგარეტის ნამწვი, წარწერით ,,სობრანიე’’. მან დაკითხა დაზარალებული და მოწმეები, ასევე ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც სასამართლო განჩინების საფუძველზე ადვოკატის თანდასწრებით დააკავა ზ. ფ.. მას დაკავების დროს რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევია. გამომძიებლის განმარტებით, დაზარალებულმა ნ. შ-ამ პირველივე დაკითხვის დროს მიუთითა წაღებული ოქროს ნივთების ჩამონათვალი, მათ შორის - საყურის ყუნწიც, რაც შემდეგ ამოიღეს ზ. ფ-ის პირადი ჩხრეკის დროს, შემდეგ დაკითხვაში დაზარალებულმა მიუთითა ასევე, რომ საფულეც ჰქონდა დაკარგული.

9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2016 წლის 2 თებერვლის ოქმითა და ფოტოცხრილით დგინდება, რომ დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ. წ-მა შემთხვევის ადგილი დაათვალიერა 2016 წლის 2 თებერვალს, 17:00 საათიდან 17:50 საათამდე პერიოდში, ქ. ქ-ში, --ში განთავსებულ N- პოლიკლინიკის შენობაში, ნ. შ-ას საცხოვრებელ ბინაში, ექსპერტ შ. გ-ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ. დ-სა და ნ. შ-ას მონაწილეობით, ამ უკანასკნელის თანხმობით. საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე ნ. შ-ამ მიუთითა, რომ კომოდის უჯრაში ჩადებული ვარდისფერი ზარდახშიდან მოპარული იყო მისი კუთვნილი ოქროს ნივთები, ხოლო რამდენიმე ოქროს ნივთი ზარდახშაშია დარჩენილი; მითითებულ ზარდახშაში მოთავსებული იყო მამაკაცის ერთი და ქალის ორი ოქროს ბეჭედი, ორი ერთმანეთის მსგავსი გირჩის ფორმის საყურე, აქედან ერთ საყურეს ჰქონდა ყურსაკიდის ნაწილი ორნამენტებით; ნ. შ-ამ მიუთითა და განაცხადა, რომ მოპარული იყო ზემოაღნიშნული გირჩის ფორმის საყურის ნაწილი - ორნამენტიანი ყურსაკიდი. იმავე ოთახში, შუა ადგილას, იდგა ხის მასალისაგან დამზადებული ტახტი, რომლის წინ, იატაკის ზედაპირზე, ეგდო სიგარეტის ნამწვი წარწერით ,,SOBRANIE“, რომელიც იქვე ამოიღო ექსპერტმა. ამოღებული სიგარეტის ნამწვი შეიფუთა პოლიეთილენის პარკში 1 პაკეტად, წარწერით --. ოქმს ხელს აწერენ დათვალიერებაში მონაწილე პირები, მათ შორის - უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ. დ..

10. ზ. ფ-ის პირადი ჩხრეკის 2016 წლის 4 თებერვლის ოქმის თანახმად დგინდება, რომ ზ. ფ-ს ქ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ. წ-მა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - მ. წ-ის, ბ. ჯ-ას, მ. გ-სა და ი. მ-ის მონაწილეობით, ქ. ქ-ში, --ში განთავსებული საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის სავალ ნაწილზე, 2016 წლის 4 თებერვალს, 12:50 საათიდან 13:20 საათამდე პერიოდში, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად ზ. ფ-ის შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ოქროსფერი ქალის საყურე ორნამენტით, რომელიც იქვე შეიფუთა და დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ, ხოლო ზ. ფ-მა ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი იმ მიზეზით, რომ ოქროსფერი ნივთი, რომელიც მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს, მას არ ეკუთვნის.

11. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2016 წლის 4 თებერვლის ოქმის თანახმად, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ. წ-მა 2016 წლის 4 თებერვლის 16:20 საათიდან 17:15 საათამდე პერიოდში ჩაატარა ქ.ქ-ში, --ში მდებარე ზ. ფ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - მ. წ-ის, ი. მ-ის, ასევე ზ. ფ-სა და მ. მ-ის მონაწილეობით. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს სასტუმრო ოთახში, ყავისფერი კარადის მოთეთრო ფერის საშაქრეში აღმოაჩინეს ორი შავი ფერის გადაკეთებული გასაღები წარწერებით ,,HONGXiN” და ,,ЭЛЬБОР“ და ორ ადგილას გაღუნული ლითონის მოგრძო საგანი, რომლებიც ამოიღეს და დალუქეს. ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების, მათ შორის - ზ. ფ-ის მიერ.

12. პირის ამოცნობის 2016 წლის 5 თებერვლის ოქმის მიხედვით, ნ. შ-ამ მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ზ. ფ., რომელიც მისივე განმარტებით, მან ნახა 2016 წლის 2 თებერვალს ქ. ქ-ში, N--ე საჯარო სკოლიდან დაბრუნებისას, -ას ქუჩაზე არსებული N- პოლიკლინიკის შენობაში, მე-4 სართულზე, ლიფტიდან გამოსვლის დროს და რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის მხარეს ფოიედან მიემართებოდა ჩასასვლელი კიბისკენ.

13. პირის ამოცნობის 2016 წლის 5 თებერვლის ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ მ. ხ-ამ მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ზ. ფ., რომელიც, მისივე განმარტებით, მან დაინახა მაშინ, როდესაც 2016 წლის 2 თებერვალს სკოლიდან მის მეზობელ ნ. შ-თან ერთად ბრუნდებოდა საცხოვრებელ ბინაში (მდებარე N- პოლიკლინიკის შენობაში), მეოთხე სართულზე და როდესაც ნ. შ. გადიოდა ლიფტიდან, ის ნ. შ-ას საცხოვრებელი ბინის მხარეს არსებული ფოიედან მიემართებოდა ჩასასვლელი კიბის მხარეს.

14. დათვალიერების 2016 წლის 5 თებერვლის ოქმის თანახმად, 2016 წლის 5 თებერვალს, 18:00 საათიდან 18:30 საათამდე პერიოდში, ქ-ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-- განყოფილების შენობაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ. წ-მა ნ. შ-ას მონაწილეობით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ნ. შ-თვის წარდგენის მიზნით, გახსნა პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ზ. ფ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროსფერი საყურე; საყურის დათვალიერების შემდგომ ნ. შ-ამ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ნივთი იყო სწორედ ის, რომელიც 2016 წლის 2 თებერვალს მოიპარეს მისი საცხოვრებელი ბინიდან; ასევე განაცხადა, რომ ამოიცნო საერთო ნიშნებით, ოვალური ფორმის ორნამენტიანი ნაწილით, დაზიანებული რგოლისმაგვარი საკიდით; იქვე მიუთითა, რომ წარმოდგენილი ნივთი იყო მისი კუთვნილი გირჩის ფორმის ერთი წყვილი ოქროს საყურის, ორიდან ერთი ცალი საყურის ორნამენტიანი ყურსაკიდის ნაწილი.

15. გენეტიკური ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა -შ. კ-ემ და ე. ს-ემ, პაკეტში, წარწერით: ,,...სამზარეულო ოთახში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ერთი ცალი სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ზ. ფ-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

16. საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები, კერძოდ:

16.1. ი. კ-მა (მ-ამ) განმარტა, რომ ის ბრალდებულ ზ. ფ-ს იცნობს და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2016 წლის 4 თებერვალს შემთხვევით შეესწრო ფ-ის ჩხრეკის პროცესს, გაიგონა მისი ყვირილი, ,,არაფერი არ ჩაედოთ მისთვის’’. მოწმის განმარტებით, მას სურდა მისულიყო ზ. ფ-თან და დახმარებოდა, მაგრამ იქ პოლიციის ბევრი თანამშრომელი იყო, თავი შეიკავა და გააგრძელა გზა. როდესაც აღნიშნული ადგილიდან წავიდა, მივიდა ზ. ფ-ის საცხოვრებელ ბინასთან და იქ მყოფ მეზობელ ბიჭებს უთხრა ზ. ფ-ის დაკავების შესახებ.

16.2. მ. მ-მა აჩვენა, რომ ცხოვრობს ბრალდებულ ზ. ფ-თან ერთად ქ. ქ-ში, -ში 2012 წლიდან და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. 2016 წლის 2 თებერვალს ზ. ფ. წავიდა მე- პოლიკლინიკაში რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით. პოლიკლინიკიდან ის ჩვეულებრივ დაბრუნდა სახლში. 2016 წლის 4 თებერვალს, როდესაც ზ. ფ. წასული იყო ,,მეტადონის’’ პროგრამაზე, მათთან დაახლოებით ორის ნახევარზე სახლში მივიდა მეზობელი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ ზ. ფ-მა მას სთხოვა მისთვის ეთქვა, რომ ის დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და ისიც მისულიყო იქ. მ. მ. მაშინვე წავიდა. როდესაც მივიდა აფთიაქთან, სადაც ასევე არის ავტოფარეხი, მან ნახა ზ. ფ. ავტომანქანაში. იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა მას უხეშად მიმართა და არ მიუშვა ზ. ფ-თან, თუმცა შემდეგ, როდესაც ყვირილი ატეხა, დაუწყეს დამშვიდება და მიუშვეს მასთან. მან უთხრა, რომ ქურდობას აბრალებდნენ, ამ დროს ზ-ს ეკეთა ხელბორკილები. მან პოლიციის თანამშრომლებს მოსთხოვა, რომ გაეშვათ ზ. ფ. ან ისიც წაეყვანათ პოლიციაში, რაზედაც მას განუმარტეს, რომ ისინი მას არაფერს არ აბრალებდნენ, უბრალოდ, მოწმის სახით დასაკითხად მიჰყავდათ და თუ სურდა, მასაც წაიყვანდნენ. როდესაც მივიდა პოლიციის განყოფილებაში, ზ. ფ. უკვე ზემოთ ჰყავდათ აყვანილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩამოიყვანეს იგი და უთხრეს, რომ მათი სახლი უნდა გაეჩხრიკათ, რაზედაც ზ-მა თანხმობა განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს სახლი და ,,სერვანდიდან’’ ამოიღეს ორი ცალი გასაღების მსგავსი საგანი, რომელთაც, მ. მ-ის განმარტებით, იყენებდნენ დაზიანებული კარის გასაღებად მას შემდეგ, რაც 2012 წელს იგი დააზიანეს პოლიციის თანამშრომლებმა და ,,ჩაუდეს წამალი“. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მათ მოაწერეს ხელი რაღაც დოკუმენტზე და შემდეგ უთხრეს, რომ უნდა წაეყვანათ ზ. ფ. და აეღოთ ნერწყვის ნიმუში და თითის ანაბეჭდები. მან ზ-ს უთხრა, რომ სიგარეტი არ მოეწია, თუმცა ზ-მა უპასუხა, რომ უკვე მოაწევინეს.

17. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ. ფ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა შემდეგი: იგი იმყოფება ,,მეტადონის’’ პროგრამაზე. შემთხვევის დღესაც, 2016 წლის 2 თებერვალს, წავიდა ჩვეულებისამებრ მეტადონის პროგრამაზე, ქ.ქ-ში, ბ-ის ქუჩაზე. სახლიდან გავიდა თერთმეტის ნახევრისათვის, დაახლოებით ორმოცდახუთ წუთში მივიდა ნ-ს ქუჩაზე, №- პოლიკლინიკაში, სამედიცინო დაზღვევის აღრიცხვიდან მოხსნის მოტივით. გამოართვეს პირადობის მოწმობა და უთხრეს, რომ პირად ექიმ ეთერ კაჭარავასთან უნდა დაეწერა განცხადება. ავიდა ამ უკანასკნელთან, რომელმაც უთხრა, რომ მეოთხე სართულზე უნდა ასულიყო მთავარი ექიმის მოადგილესთან, რომელიც მის განცხადებას დაადებდა რეზოლუციას. ასევე უთხრა, რომ თუ მეოთხე სართულზე ვერ ნახავდა, იგი იქნებოდა პირველ სართულზე. ბრალდებულის განმარტებით, ის აღარ ასულა მეოთხე სართულზე, რადგან მთავარი ექიმის მოადგილის სახელი და გვარი ვერ დაიმახსოვრა, ჩავიდა პირველ სართულზე მისაღებში, სადაც მიასწავლეს ექიმის ადგილსამყოფელი, რომელსაც ჩააბარა განცხადება და გავიდა პოლიკლინიკიდან.

2016 წლის 4 თებერვალს ,,მეტადონის’’ პროგრამიდან ბრუნდებოდა და სახლისკენ მიმავალს გადაუდგა ,,გოლფის’’ მარკის ავტომაქანა, საიდანაც გადმოვიდნენ მ. წ. და ი. მ.. წ-ემ მას დაადო ხელბორკილი, ხოლო მ-მა საბუთები მოსთხოვა. მალევე მივიდნენ კუჭუხიძე, წიწილაშვილი და სხვები, რომლებმაც მას განუცხადეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. აღნიშნულზე მას უარი არ უთქვამს და თვითონვე ამოალაგა თავისი ხელით ყველაფერი და გადასცა, მათ შორის ამოიღო ის ნივთიც, რის გამოც გაკვირვებული დარჩა და განაცხადა, რომ ეს არ იყო მისი საკუთრება. ჩამოართვეს ყველაფერი, მათ შორის - სიგარეტიც. არაფერზე განუცხადებია უარი. შემდეგ მიიყვანეს პოლიციაში, სადაც უთხრეს, რომ ბინა უნდა გაეჩხრიკათ, რაზედაც ასევე დათანხმდა. ბინის ჩხრეკის შემდეგ მას ადვოკატის თანდასწრებით აუღეს დნმ-ის ნიმუში. მისივე განმარტებით, მარტივი იყო სიგარეტის ჩადება, რადგან პოლიციის თანამშრომლები სიხარულით აძლევდნენ სიგარეტს, როდესაც სთხოვდა. თავისი სიგარეტი კი ჩამორთმეული ჰქონდა და არ მისცეს იმიტომ, რომ დამთხვეულიყო სიგარეტ - ,,სობრანიეს’’ ნამწვზე, რაც ჩაგდებული ჰქონდათ. შარვლის ჯიბე, საიდანაც მან თვითონ ამოიღო საყურე, გარღვეული იყო. ამის შემდეგ დაკითხეს მოწმის სახით და გამოუშვეს. ასევე დაიბარეს მეორე დღეს ამოცნობაზე. არაფრის შიში არ ჰქონდა, რადგან დანაშული არ ჩაუდენია. ამოცნობის დამთავრების შემდეგ გაუშვეს. 28 თებერვალს ადვოკატთან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააკავეს. ბრალდებულის განმარტებით, ოქროს საყურე მან პირადად, თავისი ხელით ამოიღო, სხვას არ ამოუღია. მისი ვარაუდით, საყურე შესაძლებელია, ჩაედო რომელიმე პოლიციელს.

18. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1] განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[2]

19. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა ვერ დარწმუნდა ზ. ფ-ის ბრალეულობაში, ვინაიდან ისინი წინააღმდეგობრივი და ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია, კერძოდ:

19.1. დაზარალებულმა ნ. შ-ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ზ. ფ. ნახა პოლიკლინიკის შენობაში. დაცვის მხარის შეკითხვაზე დაზარალებულმა დააკონკრეტა, რომ იმ დღეს ზ. ფ. ნახა მხოლოდ ერთხელ - მესამე სართულზე, ექიმ კ-ას კაბინეტთან. ამდენად, საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, თუ რას ეფუძნება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნა იმის შესახებ, რომ დაზარალებულმა მეოთხე სართულზე ნანახ უცხო მამაკაცში ზ. ფ. შეიცნო.

19.2. ნ. შ-ამ კატეგორიულად უარყო ასევე ლიფტით მერი ხ-სთან ერთად ამოსვლის ფაქტი, კერძოდ, მან განმარტა, რომ დედის სატელეფონო ზარის შემდეგ განერვიულდა, ბინა გატეხილი არ ყოფილიყო და ამიტომ უფრო სწრაფად წამოვიდა, ხოლო მეზობელი ჩამორჩა მას. დაზრალებულის აღნიშნული განმარტება საეჭვოდ ხდის მ. ხ-ას ჩვენებას იმის შესახებ, რომ იგი ლიფტით ნ. შ-თან ერთად ავიდა და მეოთხე სართულზე ლიფტის კარის გახსნისას მან და შ-მ დაინახეს უცხო მამაკაცი.

19.3. უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ასევე მ. ხ-ას მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმი, ვინაიდან ოქმის თანახმად, მან ფ. ამოიცნო შავი მოკლედ შეჭრილი თმით, მომრგვალო ფორმის პირისახით, სწორი, მოგრძო ცხვირითა და მუქი ფერის თვალებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოწმემ მიუთითა, რომ ბრალდებული კანის ფერით ამოიცნო, თუმცა ვერ განმარტა, თუ რას გულისხმობდა ამაში. მოწმემ აღნიშნა: ,,ხომ არ მოგატყუებთ შავგვრემანი იყო, ასეთი და ისეთიო“. იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო მოქმედებისას მოწმემ დეტალურად აღწერა ბრალდებულის პიროვნება, ხოლო სასამართლოში განაცხადა, რომ არ შეეძლო მისი აღწერა და მხოლოდ კანის ფერზე მიუთითა, მტიცებულება საეჭვოა და ვერ იქნება გაზიარებული.

19.4. რაც შეეხება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სიგარეტის ნამწვსა და მასზე ჩატარებულ გენეტიკურ ექსპერტიზას, რომლის თანახმადაც, ამოღებულ ნამწვზე გამოვლინდა ზ. ფ-ის გენეტიკური პროფილი, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებაზე:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილიდან სიგარეტის ნამწვის ამოღებისა და დალუქვის ფაქტი, ამავე ოქმის თანახმად, შედგენილია ინსპექტორ-გამომძიებელ მ. დ-ის მონაწილეობით და, შესაბამისად, ოქმსა და ლუქებზე მისი ხელმოწერაა დატანილი. მ. დ-ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას არაერთხელ განმარტა, რომ მონაწილეობა არ მიუღია არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში, მათ შორის - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. მართალია, საკასაციო პალატა საეჭვოდ არ მიიჩნევს თავად გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორეს, მაგრამ საეჭვოდ მიაჩნია ნივთმტკიცების - სიგარეტის ნამწვის მოპოვებასა და შენახვასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, გაუგებარია, საიდან აღმოჩნდა ნივთმტკიცების შენაფუთზე იმ პირის ხელმოწერა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მის მოპოვებასთან რაიმე კავშირს. ამდენად, ვინაიდან პალატისთვის საეჭვოა მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, ბუნებრივია, თავად დასკვნაც უვარგისია პირის ბრალეულობის სამტკიცებლად.

19.5. გამოძიების ობიექტურად და კეთილსინდისიერად ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით ეჭვებს აჩენს ასევე დაზარალებულის მიერ აღმოჩენილ სიგარეტის მეორე ნამწვსა და ოქროს ბირჟაზე ამოცნობილ ნივთებთნ დაკავშირებული ინფორმაციის სამართალდამცველების მხრიდან უყურადღებოდ დატოვების ფაქტი.

19.6. პალატა მიუთითებს ასევე, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შემთხვევა დროის დაახლოებით 5-10 წუთის შუალედში მოხდა. ასეთ ვითარებაში საეჭვოა, ზ. ფ-ს, რომლისთვისაც უცხო იყო ნ. შ., მოეძებნა მისი ბინა, მოესწრო გაეტეხა ბოქლომი, მოეძებნა ნივთები და ამასობაში მოეწია ერთი ღერი სიგარეტიც. აღსანიშნავია დ. ნ-ას განმარტება, რომელიც შემთხვევიდან უმალვე შევიდა ბინაში, რომ სიგარეტის სუნი სახლში არ უგრძნია. საეჭვოა ასევე ის გარემოებაც, რომ ფ-მა გახსნა შეხვეული ქაღალდი, სადაც ორი საყურე და მათი ყუნწები იდო, მასიური საყურეები და ერთი ყუნწი დატოვა, ხოლო ერთი ყუნწი წამოიღო და პირობით მსჯავრდებული, ორი დღე ჯიბით დაატარებდა.

19.7. წინააღმდგობრივია ასევე სამართალდამცველების ჩვენებები საყურის ყუნწის ამოღების ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ:

თავად ბრალდებულმა ფ-მა განმარტა, რომ საყურის ყუნწი თავისი ხელით ამოიღო და ძალიან გაკვირვებული დარჩა, თუ საიდან მოხვდა ის მის ჯიბეში. მოწმეების - ბ. ჯ-სა და მ. გ-ის განმარტებით, მათ არ ახსოვთ, წარმოადგინა თუ არა ნივთი თავად ფ-მა. ი. მ-ის განმარტებით, გამომძიებელმა მისცა ფ-ს წინადადება, ნებაყოფლობით წარმოედგინა ნივთები, რაც ჰქონდა და მანაც ამოალაგა აღნიშნული ნივთები, როგორც ახსოვს; ხოლო მ. წ-ის განმარტებით, ზ. ფ-მა თავად წარმოადგინა მხოლოდ საფულე, სიგარეტი, სანთებელა, ბანკის საბუთები და ფურცლები, შემდეგ გაჩხრიკა მ. წ-ემ და შარვლის უკანა ჯიბიდან ამოუღო საყურე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ პოლიციელებს დეტალურად რომ არ ახსოვდეთ მათ მიერ ჩატარებული ჩხრეკის მიმდინარეობა, ეს ბუნებრივია, თუმცა პალატის მიერ ზემოთ მითითებულ წინააღმდეგობრივ გარემოებათა ფონზე, აღნიშნული შეუსაბამობები პოლიციელთა ჩვენებებს შორის კიდევ უფრო აშკარას ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის პრობლემას.

20. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ფ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებული ზ. ფ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ზ. ფ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. გამართლებულ ზ. ფ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი დარჩეს ძალაში.

6. ზ. ფ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 29 თებერვლიდან - 2018 წლის 7 მარტის ჩათვლით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

[2] იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.