დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №115აგ-17 თბილისი
ჩ-ი ა., 115აგ-17 20 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით ა. ჩ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჩ-ს განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 მარტიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულები არიან: ა. ტ-ი, ბ. გ-ი და ა. ა-ი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენი ა. ჩ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულების: ა. ჩ-ს, ა. ტ-ს, ბ. გ-სა და ა. ა-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ¼-ით შეუმცირდა ამავე სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით დადგენილი ძირითადი სასჯელი და განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიმართ დადგენილი სასჯელები სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 27 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
10. 2017 წლის 2 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით და სასჯელის შემსუბუქება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჩ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ჩ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
4. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კი, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას უკუძალა აქვს იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ა. ჩ-ს სასჯელი უკვე შეუმცირდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ხოლო რაიმე ახალი გარემოება მას არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ა. ჩ-ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. ჩ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი