საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №620აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ი ე., 620აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ე. ხ-სა და ი. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განაჩენით:
ე. ხ-ი, - დაბადებული 19..წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.
ი. თ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი.
2. აღნიშნული განაჩენით ე. ხ-ს მსჯავრი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ი. თ-ს მსჯავრი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
· ე. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში,…..ქუჩის №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი ჩხუბის დროს, ე. ხ-მ სცემა გ. ხ-სა და ლ. კ-ს, რამაც მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· ი. თ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 თებერვალს დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. თბილისში, …..ქუჩის №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი ჩხუბის დროს, ი. თ-მ სცემა გ. ხ-სა და ლ. კ-ს, რამაც მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ე. ხ-მ და ი. თ-მ და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ - პროკურორმა ირაკლი ქარდავამ. მსჯავრდებულებმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდების მხარემ - მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, გააანალიზა და შეაჯერა ერთმანეთთან. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების - ი. თ-სა და ე. ხ-ს დანაშაულებრივი ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა, იურიდიული კვალიფიკაცია ასევე სწორად დადგინდა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას მსჯავრდებულების უდანაშაულობის თაობაზე, აღნიშნული პოზიცია სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებიდან.
დაზარალებულებმა - ლ. კ-მ და გ. ხ-მ გამოძიებაში დაადასტურეს, რომ ე. ხ-მ და ი.თ-მ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რაც წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა სადავოდ არ გახადეს, რის შესაბამისადაც, მტკიცებულებები არ გამოკვლეულა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მსჯავრდებულებმა სააპელაციო პალატას განუმარტეს, რომ წინა სასამართლო სხომაზე მტკიცებულებების უდავოდ ცნობა მოხდა ნებაყოფლობით, იძულების გარეშე და გამომდინარეობდა მათი დაცვის ტაქტიკიდან.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია დაზარალებულების ჩვენებებში აღწერილი ფაქტები და გარემოებები, რაც მხარეთა შეთანხმებით უდავოდაა ცნობილი.
გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეზე შეკრებილი უდავო მტკიცებულებების, კერძოდ: ო. ა-ს, გ. გ-ს გამოკითხვის ოქმების, 2017 წლის 17 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ნიმუშის აღების ოქმების, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 24 თებერვლის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №….. დასკვნის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ე. ხ-მ და ი. თ-მ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
რაც შეეხება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ - პროკურორის ირაკლი ქარდავას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისთვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატამ ასევე არ გაიზიარა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ე. ხ-სა და ი. თ-თვის განსაზღვრული სასჯელი სრულად შეესაბამება, როგორც მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სასჯელის შეფარდების დროს სააპელაციო პალატამ ასევე გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნული მახასიათებლები. ამასთან, მათ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ და ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ი. თ-სა და ე. ხ-ს განესაზღვრათ სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულად დაეთანხმა.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ე. ხ-მ და ი. თ-მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მათ გამართლებას წარდგენილ ბრალდებებში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ საქმეზე არ არსებობს იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულების - ე. ხ-სა და ი. თ-ს ბრალეულობას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - ე. ხ-სა და ი. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი