კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
2კ-36-I-18
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100141219003121886

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№361-19 ქ. თბილისი

გ. მ., 361-19 12 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ილია გელბახიანის

ადვოკატ – ნ. ი.-ის

მსჯავრდებულ _ მ. გ.-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 109-ე მუხლის „ი“, „ვ“, „ლ“ პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ერთობლიობის წესით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. გ.-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა საპყრობილის პირობებში (ცნობისათვის მ. გ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 24 იანვრიდან).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ პუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელთა ერთობლიობითა და მათი ნაწილობრივი შეკრებით მ. გ.-ს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მას დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, განაჩენთა ერთობლიობით მ. გ.-ს დაენიშნა სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებული მ. გ. პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 24 იანვრიდან.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებული მ. გ. გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, მაგრამ საბოლოოდ მსჯავრდებულ მ. გ.-ს მოსახდელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული იგივე სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ მ. გ.-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“, „ვ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ. გ.-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 6 თვესა და 24 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 3 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 3 წელს, 4 თვესა და 27 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 6 თვისა და 20 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით შეადგენს 6 წელს, 9 თვესა და 25 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 1 თვისა და 11 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 2 წელს, 10 თვესა და 3 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 1 თვისა და 17 დღის ვადით.

ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, რაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, შეადგენს 11 წელს, 4 თვესა და 11 დღეს და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის, 6 თვისა და 8 დღის ვადით.

პროპორციული წილის გათვალისწინებით დარჩენილი სასჯელების შეკრების შედეგად, 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ. გ.-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის, 8 თვისა და 29 დღის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ამნისტიის გამოყენების შედეგად, 2001 წლის 12 ოქტომბრისა და 2002 წლის 17 დეკემბრის განაჩენთა ერთობლიობით მ. გ.-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მ. გ. პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 24 იანვრიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. გ.-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რაც შეადგენს 9 წელს.

საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის 12 ოქტომბრის განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული მ. გ. და მას განესაზღვრა სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2026 წლის 16 ოქტომბერი.

7. 2019 წლის 29 ივლისს მ. გ.-მა შუამდგომლობით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მსჯავრდებულის მითითებით, მას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სასჯელის ის კონკრეტული ვადა, რომელიც განესაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.

8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ მ. გ.-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

9. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. გ.-მა და ითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 ოქტომბრის განკარგულების გათვალისწინებით, რომლითაც მას ფაქტობრივად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; კასატორი ასევე ითხოვს მისი საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნის ძირითადი არგუმენტია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მას უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი, რაც რეალურად ვერ აისახა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, იგი უნდა აისახოს დღეის მდგომარეობით მისთვის განსაზღვრულ ვადიან სასჯელზე, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს:

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

4. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულისთვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - არ შეცვლილა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გამოხატა ნება, რომ მ. გ. კონკრეტულ დღეს გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება პირისთვის დანიშნულ სასჯელზე, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მოთხოვნას საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამასთანავე, ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. N10აგ-14; N67აგ-16, №41-18, №51-18, №251-18, №41-19), რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე