საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002449138
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№659აპ-18 ქ. თბილისი
ბ-ი ა, 659აპ-18 17 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განაჩენით ა. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ა. ბ-ს, სსკ-ის 41-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 10 აპრილიდან იმავე წლის 13 აპრილის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ასევე – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 7 აპრილისა და ამავე წლის 8 აპრილის ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 24:00 საათზე, ა. ბ-მა ა-ის რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, თავში ხელი დაარტყა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ლ. ი-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· ა. ბ-სა და მის მეუღლეს – ლ. ი-ს შორის ზემოაღნიშნული კონფლიქტი გაგრძელდა 2018 წლის 8 აპრილსაც, რა დროსაც, დაახლოებით 10:00 საათზე, ა. ბ-მა თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, პლასტმასის ნივთის სახეში დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა ლ. ი-ს, რომელმაც ამ ქმედებით მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც ითხოვა ა. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, ასევე – დამატებითი სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ბ-ისათვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დაზარალებულის პოზიცია და ისე შეუფარდა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას დამატებითი სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით დანიშვნის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამატებით სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მსჯავრდებულს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენებით, ამასთან, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენშია მითითებული, მსჯავრდებულმა აღნიშნული სასჯელი უკვე მოიხადა, ამიტომ ამ მიმართებით განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე