საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
2კ-813აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002032241

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №813აპ-18 ქ. თბილისი

ჭ-ე გ 813აპ-18 17 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით გ. ჭ-ე, - დაბადებული ......., - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 128-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ივლისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე. ქ. თ-ი, მ-ს მარჯვენა სანაპიროზე, გ. ჭ-ე მართავდა ,,ე“ კლასის ,,მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილს, სახ.#..... მოძრაობისას გ. ჭ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოების მართვა, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით შეიცვალა სამოძრაო სავალი ზოლი, მეორე სამოძრაო ზოლიდან შევიდა მესამე სამოძრაო ზოლში, რითაც საფრთხე შეუქმნა მესამე სამოძრაო ზოლში თანმხვედრად მოძრავ ავტომობილ „ბმვ-ს“, სახ.#...., რომელსაც მართავდა ქ. რ-ი. აღნიშნულის გამო, ავტომობილი ,,ბმვ“ გადავიდა სავალი გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ,,ვ-ს“ ძეგლის მხრიდან ვ-ს ხიდის მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,მჯ-ს“ სახ.#...., რომელსაც მართავდა ი. ყ-ა. შეჯახების შემდეგ აღნიშნულ ავტომობილებს ასევე შეეჯახა ,,ვ-ს“ ძეგლის მხრიდან ვ-ს ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ,,ტოიოტა ჰაისი“ სახ.#...., რომელსაც მართავდა ა. ჯ-ი. საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ი. ყ-მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ქ. რ-ა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ლ. რ-მ - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

გ. ჭ-ს, რომელსაც ევალებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულებზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება, ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და დაზარალებულები განსაცდელში მიატოვა, რომლებსაც შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად.

გ. ჭ-მ პასუხისმგებლობის თავის ასარიდებლად მიმართა ზ. ე-ს და დაიყოლია იგი, გამოძიებისათვის მიეცა ცრუ ჩვენება, რომ თითქოს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილ ,,მერსედეს ბენცს“, სახ.#... მართავდა არა გ. ჭ-ე, არამედ ზ. ე-ე, რომელმაც გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხვისას მისცა ცრუ ჩვენება, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, 2014 წლის 20 დეკემბერს, თვითონ მართავდა ავტომობილ ,,მერსედეს ბენცს“. ზ. ე-ს ცრუ ჩვენების საფუძველზე 2015 წლის 14 ივლისს ზ. ე-ს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. სასამართლოში დაკითხვისას ზ. ე-მ აჩვენა, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს ო-ნ წამოიყვანა მ. ჭ-ს კუთვნილი ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცი“. დ-ს ქუჩაზე მას შეხვდა გ. ჭ-ე, რომელსაც გადასცა ავტომანქანა. ზ. ე-მ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მისი ასეთი საქციელი განაპირობა გ. ჭ-ს თხოვნამ, რომელიც მუშაობდა პოლიციაში და არსებობდა საშიშროება იმისა, რომ მას დაატოვებინებდნენ სამსახურს. ასევე, არ ეგონა, რომ საქმე მივიდოდა სავალალო შედეგამდე. გ. ჭ-მ ზ. ე-ს დაყოლიების მიზნით უთხრა, რომ გამოუწერდნენ ჯარიმას, რომელსაც თვითონ, გ. ჭ-ე გადაიხდიდა, ხოლო ზ. ე-ს არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ჭ-ს გამართლებას. კასატორი უთითებს, რომ მოწმეებმა ვერ დაადასტურეს ავტომანქანის გ. ჭ-ს მიერ მართვის ფაქტი. ვერ დადგინდა აგრეთვე ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მ. ჭ-ს საკუთრებაში მყოფმა ავტომანქანამ გამოიწვია. არაფრით არის დადასტურებული საქართველოს სსკ-ის 372-ე და 128-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებაც. რაც შეეხება სასჯელს, იგი მეტისმეტად მკაცრია, ვინაიდან მსჯავრდებულს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და მის პირად საქმეში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იგი წახალისებულია სამუშაოს სანიმუშო შესრულებისათვის.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. კასატორის პრეტენზიებს (,,ე“ კლასის ,,მერსედეს-ბენცის“ ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით ....., ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობასა და გ. ჭ-ს მიერ ამ ავტომანქანის მართვაზე) სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

8. მოწმეების - მ. ჭ-ს, ნ. ო-ს, ი. ე-ს, ზ. ე-ა და კ. ყ-ს ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, დათვალიერების ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ჭ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით, 128-ე მუხლითა და სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

9. რაც შეეხება გ. ჭ-ს დანაშაულთა ერთობლიობით (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით, სსკ-ის 128-ე მუხლით, სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით) დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სახის, მოვალეობათა დარღვევის ზომისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (ერთი ადამიანის გარდაცვალება, ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება) გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე