დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003100068
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№32I-19 ქ. თბილისი
ა. ლ-ი, 32I-19 26 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას
ადვოკატ - ი. ქ-ის
თარჯიმან - ნ. გ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ლ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ლ-ის -ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ლ-ის მიმართ რ-ის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2016 წლის 17 ივლისს რ-ის ფედერაციის კრასნოდარის მხარის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველომ ა. ლ-ის მიმართ გამოიტანა საბრალდებო დასკვნა მის მიერ რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 291.1-ე მუხლის მე-4 ნაწილით (მექრთამეობაში შუამავლობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2016 წლის 12 სექტემბერს რ-ის ფედერაციის კ-ის მხარის ხ-ის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ა. ლ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიცვალა პატიმრობით და გამოცხადდა ალეკსეი ლიხაჩევის ძებნა.
2017 წლის 9 იანვარს რ-ის ფედერაციის კ-ის მხარის ხ-ის რაიონული სასამართლოს განაჩენით ა. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 291.1-ე მუხლის მე-4 ნაწილით (მექრთამეობაში შუამავლობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
2017 წლის 2 მარტს რ-ის ფედერაციის კ-ის მხარის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ხოსტის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2017 წლის 16 თებერვალს გამოცხადდა ა. ლ-ის ძებნა ინტერპოლის არხებით.
2018 წლის 10 იანვარს რ-ის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-ის რაიონულმა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ა. ლ-ის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.
რ-ის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ლ-ის მიერ რ-ის ფედერაციაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რ-ის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქ. ს-ის ცენტრალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. ვ. 2015 წლის 7 აგვისტოდან განიხილავდა ე. რ-ოს ბრალდების სისხლის სამართლის №-- საქმეს. ე. რ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. 2015 წლის 13 აგვისტოს ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეში, ე. რ-ოს თხოვნით, მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ადვოკატის სტატუსით ჩაერთო ა. ლ..
2015 წლის 15 აგვისტოს ქ. ს-ის ხ-ის რაიონში ე. რ. შეხვდა თავისი ინტერესების დამცველს - ა. ლ-ს. ე. რ-ოს განმარტებით, მის მიმართ არსებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენით განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლის სანაცვლოდ ნ. ვ-ომ მას მოსთხოვა ქრთამის - 10 000 000 რ. რ-ის გადაცემა. ე. რ-ომ ა. ლ-ს სთხოვა, გადაეცა მოსამართლე ნ. ვ-თვის, რომ იგი არ ეთანხმებოდა საგამოძიებო ორგანოების მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და აგრეთვე, ვერ შეძლებდა მოთხოვნილი ქრთამის თანხის შეგროვებას.
2015 წლის 28 აგვისტოსა და 2015 წლის 2 სექტემბერს ა. ლ-სა და ნ. ვ-ს შორის ქ. ს-ის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში გამართულ პირისპირ შეხვედრებზე ნ. ვ. დასთანხმდა ა. ლ-ს ე. რ-სთვის ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა შეემცირებინა 2 000 000 რ. რ-მდე. ქრთამის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილა, რომ მომავალ სასამართლო სხდომაზე ე. რ-ოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენებდა პატიმრობას. ამასთან, ნ. ვ-ომ ა. ლ-ს შესთავაზა, თანხის მიღების პროცესში შეესრულებინა შუამავლის როლი . ა. ლ., რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი ქმედების მართლსაწინააღმდეგო შინაარსი და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, დასთანხმდა ნ. ვ-ოს წინადადებას.
აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, ა. ლ-მა ე. რ-ოს დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია მოსამართლესთან მიღწეული მოლაპარაკების შესახებ. მოგვიანებით ე.რ-ომ ა. ლ-ს შეატყობინა, რომ მას დასახელებული თანხის შესაგროვებლად ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. თავის მხრივ, ა. ლ-მა მიღებული ინფორმაცია გადასცა მოსამართლე ნ.ვ-ოს, რასაც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. 2015 წლის 25 სექტემბერს ე. რ-სა და ნ. ვ-ოს შორის ქ. ს-ის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ნ. ვ-ომ ე. რ-ოს დაუდასტურა, რომ მას ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა უნდა გადაეცა ა. ლ-სთვის, რომელიც შეასრულებდა შუამავლის როლს.
2015 წლის 28 სექტემბერს ე. რ-ომ მოსამართლის მიერ ქრთამის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავ ორგანოებს. დაგეგმილი ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში იგი ა. ლ-ს ტელეფონით შეუთანხმდა ნ. ვ-სთვის თანხის გადაცემის მიზნით შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით. 2015 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 13:24 საათზე, ქ. ს-ის ჩ-ას ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ლ. შეხვდა ე. რ-ს, რომლისგანაც შემდგომში მოსამართლე ნ. ვ-სთვის გადასაცემად მიიღო შეთანხმებული თანხა - 2 000 000 რ. რ. (რომელთაგან 750 000 რ. რ. რ-ის საბანკო ბილეთის ნიმუშს წარმოადგენდა). ამასთან, ა. ლ-მა ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რამდენადაც ის ფულადი თანხის მიღების შემდეგ დააკავეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა.
2. ა. ლ-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2018 წლის 4 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ლ..
2018 წლის 7 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა.. ლ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2018 წლის 25 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2018 წლის 7 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
2018 წლის 31 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა. ლ-ის ექსტრადიციის თაობაზე რ-ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2018 წლის 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ლ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 4 ივლისამდე.
2018 წლის 11 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2018 წლის 2 აპრილის განჩინების შეცვლის თაობაზე.
2018 წლის 4 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რ-ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ა. ლ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2018 წლის 15 მაისს.
2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ლ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 4 ოქტომბრამდე.
2018 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ლ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი. გირაოს თანხად განისაზღვრა 15 000 ლარი და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. 2019 წლის 16 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ა. ლ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ის ფედერაციის კ-ის მხარის ხ-ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განაჩენში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 291.1-ე მუხლის მე-4 ნაწილით (მექრთამეობაში შუამავლობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ დემეტრე ჯიჯნოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ლ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ის ფედერაციის კ-ის მხარის ხ-ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 იანვრის განაჩენში და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 291.1-ე მუხლის მე-4 ნაწილით (მექრთამეობაში შუამავლობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას.
საკასაციო საჩივარს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა ადვოკატმა ი. ქ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.
3. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ალეკსეი ლიხაჩევის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
4. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ რ-ის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ა. ლ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით, იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით, არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
5. რაც შეეხება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, კასატორის მითითებით, მისი დარღვევის რისკს ქმნის ის ფაქტი, რომ საქართველოში ცხოვრობს მისი მეუღლე - თ. გ., რომელიც არის საქართველოს მოქალაქე. გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად შესაძლოა, გახდეს მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში. ამასთან, საქმეში არსებულმა საგამონაკლისო გარემოებებმა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს. განსახილველ შემთხვევაში ა. ლ-თან მოეწყო გასაუბრება ოჯახის ურღვევობის პრინციპთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ სამჯერ იმყოფებოდა რეგისტრირებულ, ხოლო ორჯერ - არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად რ-ის ფედერაციაში ცხოვრობენ მისი სამი ყოფილი მეუღლე და 3 შვილი. ამდენად, ა. ლ-ის ოჯახური ცხოვრება ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ვერ გადაწონის ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზნებს.
6. პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს კასატორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე