საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
2კ-702აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002731234

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№702აპ-19 ქ. თბილისი

გ. ა., 702აპ-19 18 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით ა. გ, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა.

მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.

განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

20.. წლის .. ოქტომბერს რ-ს ფედერაციის მოქალაქე ა. გ-მ ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მდებარე სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „ს-ში“, ი-ს ი. რესპუბლიკის მოქალაქე ს. ა-ს სახელზე გაცემული № .... ყალბი პასპორტის გამოყენებით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და შემოვიდა თ-ს რესპუბლიკიდან.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ზ-მ. აპელანტმა მოითხოვა მსჯავრდებულ ა. გ-სათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება პატიმრობასთან ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, შემდეგი საფუძვლებით: ა. გ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ა. გ. არის მძიმე ავადმყოფი და უსაფუძვლოდ უთხრა მას უარი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი.

4. ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს, სასჯელის ნაწილში შეიცვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ და მას შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

9. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა. გ-სთვის დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების თანახმად, შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას და არ არის მიზანშეწონილი მისი შემსუბუქება. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა. გ-ს მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ცალსახად მითითებული, რომ მსჯავრდებული დაავადებულია ისეთი მძიმე დაავადებით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას და ამავე დასკვნაში არ არის მითითებული ის დაავადებები, რომელთა არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია გადაავადოს განაჩენის აღსრულება.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი