საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002429645
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №744აპ-19 ქ. თბილისი
ა. ლ. 744აპ-19 24 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ლ. ა. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 15 მარტიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ლ. ა-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1039,9649 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, 2,5518 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფრინი“ და 38,099495 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ (მარილი), საიდანაც ნაწილი - 21,8673 ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 8,3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ და 5,3357 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ. ჩ-ზე, რაც ამოიღეს 2018 წლის 14 მარტს ამ უკანასკნელის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილს ლ. ა. ე ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: …. , რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 15 მარტს ამოიღეს ლ. ა-ს ზემოაღნიშნული ბინის ჩხრეკის შედეგად.
2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ლ. ა-ს გამართლებას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ლ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. ა-ს გამართლებას.
5. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ. ა-ს ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებაში.
6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას რომ ნ. ჩ-ს ჩვენება არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო. მოცემულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება ნ. ჩ-ას სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაფიქსირებულა; მან ამომწურავი, სრულყოფილი და თანმიმდევრული პასუხი გასცა ყველა შეკითხვას, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია კი სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებთან. ის გარემოება, რომ ნ. ჩ. არის ბრალდებული, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაასახელა პირი ვინც გადასცა ნარკოტიკული საშუალებები და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება a priori არ აცლის მის ჩვენებას სანდოობას.
7. სასამართლო იზიარებს ევროპული სასამართლოს პოზიციას მოწმის მიერ უპირატესობით სარგებლობის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების გამოყენებისადმი ფრთხილი მიდგომის საჭიროების შესახებ. იმავდროულად, ასეთი ჩვენებების გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ იქნეს მიჩნეული (იხ. Cornelis v. the Netherlands, no 994/03, ECtHR, 25/02/2004). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ჩ-ს ჩვენება არ არის ერთადერთი ანდა ძირითადი მამხილებელი მტკიცებულება, რომელსაც ემყარება ლ. ა-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. მაგალითად X v. United Kingdom, no. 7306/75; ECtHR, 06/10/1976; Donohoe v Ireland, no. 19165/08, ECtHR, 12/12/2013).
8. კასატორი ნ. ჩ-ს ჩვენების სანდოობის ეჭვს ქვეშ დაყენების მიზნით მიუთითებს, რომ მოწმემ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა დროებითი საცხოვრებლის მისამართი და გამოძიების ორგანოს არ მიაწოდა ინფორმაცია მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, ვინაიდან, ერთი მხრივ, საცხოვრებელს მიეკუთვნება როგორც მუდმივი ასევე დროებითი საცხოვრებელი და სასამართლოში დაკითხვისას მოწმემ დააზუსტა ინფორმაცია მისი მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მეორემ მხრივ, მსჯავრდებულისთვის გაგზავნილი შეტყობინება (ნ. ჩ-ს თხოვნა, რომ ჰკითხოს ნ-ს მოეწონა თუ არა მისი საჩუქარი და მოიკითხოს რა სიხშირით რწყავს ანუ როდის მოირწყას მცენარე) არ ადასტურებს მსჯავრდებულის ცხოვრებას სადავო ბინაში და მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ნ. ჩ-ს არ სურდა პირადად აღნიშნულის გარკვევა ადრესატთან.
9. კასატორი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს შეხება არ ჰქონდა მ-ს ქუჩა N… მდებარე ბინასთან და შესაბამისად, ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთმტკიცებებთან. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მათ შორის, აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ერთი მხრივ რომ ბინის ქირავნობის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა მსჯავრდებული, რომელმაც იქირავა აღნიშნული ბინა და აცნობა გამქირავებელს (ვ. ფ-ს), რომ მისი არყოფნისას ბინით მისი მეგობარი გოგონა ისარგებლებდა; ასევე ნ. ჩ-ს ჩვენება, რომლითაც ის ცალსახად მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა სწორედ ამ ბინაში მდებარე სეიფიდან გამოიღო და გადასცა მას ნარკოტიკული ნივთიერება; დაცვის მხარის მოწმე გ. გ-ს ჩვენებაც ადასტურებს, რომ ბინის ქირას იხდიდა მსჯავრდებული, ხოლო თავად ბრალდებულისა და გ. მ-ს ჩვენების თანახმად, დაკავებამდე 1 კვირით ადრე ისინი იმყოფებოდნენ აღნიშნულ ბინაში, სადაც ანტისანიტარიის გამო მსჯავრდებულმა გამოიყენა ხელთათმანი. ხელთათმანზე მიუთითებს ნ. ჩ-ც თავის ჩვენებაში და აღნიშნავს ,რომ მსჯავრდებული ნარკოტიკული საშუალების მისთვის გადაცემისას ფრთხილობდა და სეიფიდან გამოღებისას სარგებლობდა ხელთათმანით. ხელთათმანი ასევე აღმოჩენილი იყო ბინის ჩხრეკისას და მასზე მსჯავრდებულის დნმ-ის კვალის არსებობა დადასტურებულია საქმეში არსებული საექსპერტო დასკვნით. ჩხრეკის ამსახველი სურათები და ოქმიც ცალსახად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა და მისი გასაღებით მოხდა აღნიშნული ბინის კარის გახსნა. მსჯავრდებულის დნმ-ი აღმოჩენილი იქნა სეიფში არსებულ 2 ცალ ხელთათმანზე და სეიფში შენახულ კონტეინერებზე.
10. უსაფუძვლოა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დაცვის მხარის პოზიცია საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე ლ. ა-ს სახელით განთავსებული ხელმოწერისა და შენიშვნის ფალსიფიცირების, ასევე ამ მოქმედებათა ჩატარების დროს ლ. ა-ს უგონო მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე პოლიციელებმა და ექსპერტებმა შ. კ-მ და ლ. კ-მ დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და გამოკითხვის დროს ლ. ა-ს საღ გონებაზე ყოფნის ფაქტი. ის გარემოება, რომ ლ. ა-ს პირიდან ამოსდიოდა ალკოჰოლის სუნი, უტყუარად არ ადასტურებს დაკავებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ამ უკანასკნელის უგონო მდგომარეობაში ყოფნას. აღნიშნულსავე ადასტურებს ლ. ა-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ფოტოსურათები, სადაც ასახულია როგორ მიუძღვება იგი და როგორ უღებს კარს. საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე დაცვის მხარის პოზიციის გამამყარებელი მტკიცებულებების არარსებობა არ იძლევა მისი უგონო, მძიმე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნის ვარაუდის საფუძველს, მით უფრო, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებული გამოძიების ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად გადაადგილდებოდა ….. მიმდებარე ტერიტორიაზე, (სადაც გაჩერებული იყო ლ. ა-ს ავტომანქანა) და ბოლოს - მ- ს ქუჩა N…..-ში მდებარე ბინაში (ამ ბინაში მსჯავრდებულის მონაწილეობით განხორციელებული ჩხრეკის ამსახველი ფოტო მასალა წარმოდგენილია საქმეში).
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითი სამართალწარმოების პირობებეში მხარეებს ენიჭებათ მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის დასაბუთებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-18 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ვალდებულია მტკიცებულებების სანდოობა, დასაშვეობა და საკმარისობა შეაფასოს მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არ წარმოუდგენია და არ მოუთხოვია (მათ შორის არც ლ. ა-ს არ დაუყენებია საკითხი) სიმთვრალის ხარისხის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი შემოწმების განხორციელება, სასამართლოს არ აქვს საფუძველი გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია.
12. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებისას მიზანშეწონილია ტექნიკური საშუალებების ფართოდ გამოყენება საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის სრულად ვიდეოფიქსაციისთვის.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებებზე, პირადი, ავტომანქანისა და ბინის ჩხრეკის ოქმებზე, ასევე ბრალდებულის დაკავებისა და გამოკითხვის ოქმებზე ლ. ა-ს ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად დაცვის მხარის მიერ დანიშნული კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო ხელმოწერებისა (უასო და ქაოტურად შესრულებულ მრავალრიცხოვანი მარყუჟების) და ლ. ა-ს ხელმოწერის ნიმუშების (ასოითი ტრანსკრიფციის) ურთიერთშედარება შეუძლებელია, თუმცა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ყველა სადავო ხელმოწერას შორის არის თანადამთხვევები როგორც საერთო, ისე კერძო ნიშნებში, თანადამთხვევები მყარია და იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ყველა მათგანი შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი დადგინდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ნაწილზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერების ლ. ა-სადმი კუთვნილება, დარჩენილ ნაწილზე კი კუთვნილების კატეგორიულად დადგენის შეუძლებლობა განპირობებულია ნიმუშების სიმცირით და შეუსაბამობით. უსაფუძვლოა საუბარი, რომ დროის მოკლე შუალედში, თანმიმდევრულად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებიდან მხოლოდ ზოგიერთს მოაწერა ხელი ლ. ა-მ და კიდევ უფრო ალოგიკურია მტკიცება, რომ შესაბამის ოქმებზე სიტყვიერ ჩანაწერებს - „პირადად“, „დაკავების ოქმს გავეცანი“, „ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ ლ. ა. აკეთებდა საკუთარი ხელით და ხელმოწერებს აფიქსირებდა სხვა პირი.
14. სასამართლო ვერ გაიზიარებს ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერებთან დაკავშირებით კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულის მიერ ოქმების პირადად ხელმოწერის ნაწილში პოლიციელთა ჩვენებების არ გაზიარების შესახებ, ვინაიდან მათი ჩვენებები ემსახურება ინკრიმინირებისაგან საკუთარი თავის დაცვას. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ჩხრეკის ოქმის უშუალოდ ბრალდებულის/მესაკუთრის მიერ დადასტურება არ წარმოადგენს ოქმის დასაშვეობის prima facie წინაპირობას. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირი მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აწერს ხელს ოქმს, მოიწვევა გარეშე პირი, რომელიც ხელმოწერით მის ნაცვლად ადასტურებს ოქმს, ხოლო ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი აღნიშნვა, რასაც ადასტურებს ხელმოწერით საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი. ამასთან, იგივე საგამოძიებო მოქმედების ოქმზე არსებობს მსჯავრდებულის მიერ გაკეთებული მინაწერი რასაც დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ.
15. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის ან არ გაზიარებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ეჭვის არსებობა, არამედ ეჭვი უნდა იყოს გონივრული და არ უნდა იყოს უარყოფილი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
16. საფუძველს მოკლებულია კასატორის პოზიცია, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არის აბსურდული და წინააღმდეგობრივი.
17. სასამართლო მიუთითებს, რომ არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა და ექსპერტთა ჩვენებებში, ასევე საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა ექსპერტთა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან არ ვლინდება. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რის საფუძველზეც მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანა შესაძლებელი გახდებოდა (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17).
18. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს პოლიციელების ჩვენებების ნაკლებ მტკიცებულებით ღირებულებაზე, რის დასასაბუთებლადაც იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე - „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia, №17828/05, ECtHR, 11/07/2013), რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო არ იყო ბ-ნი ოჩელკოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი (რასაც თავად ოჩელკოვი სამართალდამცავებს მიაწერდა), მიუთითა იმ პოლიციელების ჩვენებების ნაკლებ მტკიცებულებით ღირებულებაზე, რომლებსაც ბრალს სდებდა ოჩელკოვი, თანაც იმ ფონზე, რომ პოლიციელების ჩვენებები არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებებით და ასევე, იყო წინააღმდეგობრივი როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, ცალსახად თქმა იმისა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ან მეტი) მნიშვნელობა აქვს, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს ევროსასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია.
19. სასამართლო ასევე აღნიშნავს რომ კასატორის მიერ მითთებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არარელევანტურია მოცემული საქმისათვის. მაგალითად, გადაწყვეტილებაში საქმეზე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლოს მსჯელობა ეხებოდა იმ პოლიციელების ჩვენებებს ვისაც უშუალოდ ამხელდა განმცხადებელი მის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობაში და აღნიშნავს რომ ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი, ძირითადად, დაეყრდნენ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს... შიდა სასამართლოსთვის მისაღები გახდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა საკმარისი და დამაჯერებელი განმარტებების გარეშე, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ განმცხადებელს აღენიშნებოდა დაზიანებები და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა მიყენებული დაზიანებების სიმძიმე ( § 75-76) პოლიციელთა ჩვენებები შესაძლოა, ყოფილიყო სუბიექტური და მიმართული ყოფილიყო მათი მხრიდან მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებისკენ (იხ. Mikiashvili v. Georgia, no18996/06, §82; 76;ECtHR 09/10/2012; Dvalishvili v. Georgia, no19634/07, §50, 18/12/2012,). ამდენად, ლ. ა-ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მითითებულ გადაწყვეტილებაში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
20. ნ. ჩ-ს, ო. ქ-სა და თ. დ-ს ჩვენებები ცალსახად ადასტურებს რომ ნ. ჩ-მ მიუთითა სეიფზე, როგორც ნარკოტიკული საშუალებების შენახვის საცავზე. ამასთან ნაკლებადმნიშვნელოვანია ნ. ჩ-მ დაინახა თუ არა რომ იქ კიდევ იდო ნარკოტიკული ნივთიერება. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ნ. ჩ-ს ჩვენების ის ნაწილი, რომელშიც ის პირდაპირ აღნიშნავდა, რომ მსჯავრდებულმა მას ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა სეიფიდან. იმისდამიუხედავად, შეეძლო თუ არა ნ. ჩ-ს სცოდნოდა რა და რა რაოდენობით იდო სეიფში, მან ცალსახად მიუთითა სეიფზე როგორც ნარკოტიკული ნივთიერების საცავზე.
21. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს, კერძოდ:
22. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, … განთავსებული სეიფიდან ამოღებულ ორ ცალ ხელთათმანზე, შავი და თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ორ ცალ ყუთზე, მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის მთლიანობადარღვეულ კონტეინერზე, ორ ცალ გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტი პაკეტების შეკვრაზე (მათში არსებული მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტებით) აღმოჩნდა ლ. ა-ს გენეტიკური პროფილი. ამასთან, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებს აღენიშნებოდა ნარკოტიკული საშუალებების კვალი. კასატორის პოზიცია, აღნიშნულ ობიექტებზე ლ. ა-ს გენეტიკური პროფილის სხვა ნივთებიდან გადასვლის შესახებ წინააღმდეგობაშია როგორც ექსპერტთა ჩვენებებთან, ასევე აღნიშნულ დასკვნებთან, რომელთა კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სხვადასხვა გამოსაკვლევი ობიექტი მოთავსებული იყო ცალ-ცალკე პაკეტებში და მათ ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ. მართალია, ექსპერტმა ნ. კ-მ აღნიშნა, რომ დნმ-ის ერთი ობიექტიდან მეორეზე გადასვლა თეორიულად არ არის გამორიცხული, თუმცა ერთ საგანზე იმდენად ჭარბი რაოდენობის დნმ-ი უნდა იყოს და მეორეზეც იმდენი დნმ-ი უნდა გადავიდეს, რომ კვლევისათვის აღმოჩნდეს საკმარისი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ერთ მცირე ზომის პაკეტში მოთავსებული სამი ცალი ხელთათმანიდან მჭიდრო შემხებლობის მიუხედავად, ლ. ა-ს პროფილი აღმოჩნდა მხოლოდ ორ ხელთათმანზე და არ გადასულა მესამე ხელთათმანზე, შესაბამისად, რეალობას მოკლებულია სხვადასხვა დახურულ პაკეტში მოთავსებულ ობიექტებზე დნმ-ის გადასვლის შესაძლებლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სეიფიდან ამოღებულ ხელთათმანზე აღმოჩნდა მხოლოდ ლ. ა-ს გენეტიკური პროფილი, რაც გამორიცხავს ხსენებულ ხელთათმანთან სხვა პირის შემხებლობას.
23. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ხასიათდებიან ერთი და იგივე ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით. ამასთან, ნ. ჩ-ს პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი სხვადასხვა ფერის და ფორმის აბები და ფხვნილი/კრისტალები, ხოლო ლ. ა ა-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სეიფიდან ამოღებული იქნა ყველა იმ ფორმის, ფერის, აღწერილობის და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების ნარკოტიკული საშუალების აბები, რაც ნ. ჩ-ს პირადი და ბინის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
24. რაც შეეხება სასჯელის დასაბუთებას, სასამართლო აღნიშნავს რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დეტალურად არის მითითებული სასჯელის დანიშნვისას სასამართლოს მიერ გასათვალისწინებელ გარემოებებზე საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ..ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR,21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, §33, ECtHR, 21/07/2015; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no. 21447/11, no35839/11, §65, 66, ECtHR, 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე