საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115767327
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №827აპ-18 ქ. თბილისი
ს-ი მ-ლ, 827აპ-18 31 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილისა და დავით ნეფარიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით მ. ს., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, რაც ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ასევე შეუმცირდა ¼-ით და სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.
მ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაპატიმრების მომენტიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-მა ჩაიდინა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით; მანვე ჩაიდინა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანების, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
მ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 29 ივნისს გაზეთ ,,რეზონანსში‘‘ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის - ვ. გ-ის სტატია სათაურით: ,,ვ. გ. თავის სახლს ს-ს დაუთმობს‘‘. აღნიშნულ სტატიაში ვ. გ. გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი პ-ის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა ს-ოს ყოფილი პ-ის - მ. ს-ის პირადი ცხოვრების შესახებ.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მ. ს-მა, ვ. გ-ის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, ს-ოს თ-ის იმჟამინდელ მ-ს - ი. ო-ს დაავალა, რომ ვ. გ-ს ფიზიკურად გასწორებოდნენ, რაზეც ი. ო-სგან მიიღო უარი.
აღნიშნულის შემდეგ მ. ს-მა ვ. გ-ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა ს-ოს შ. ს. იმჟამინდელ მ-ს - ი. მ-ს, რომელმაც მის დაქვემდებარებაში მყოფი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორ ე. კ-ს ორგანიზებით, უზრუნველყო მ. ს-ის დავალების შესრულება. კერძოდ, 2005 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 13 საათზე, შ. ს. ს-ოს ს. ო-ი დ-ის თანამშრომლებმა და ს. დ-ის რ-ის შ-მა მ-მა ქ. თ-ში, მ-ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებით მოახდინეს ვ. გ-ის ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც ს. დ-ის რ-ის შეიარაღებული მ-ი თავს დაესხნენ ვ. გ-ს და მის თანმხლებ პირებს, ძალის გამოყენებითა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, დააწვინეს ასფალტზე და სცემეს იარაღის კონდახებით.
ცემის შედეგად ვ. გ-მა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, ხოლო მისმა თანმხლებმა პირმა - მ. ც-ამ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. აღნიშნულმა დანაშაულებრივმა ქმედებამ ფიზიკური პირების უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორები - არჩილ ტყეშელაშვილი და დავით ნეფარიძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ს-სთვის საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის დამძიმებას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. კასატორთა პოზიციით, საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმავე სტანდარტით, რითაც საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლთან მიმართებით იხელმძღვანელა. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა დანაშაულის ორგანიზატორობა, მ. ს. კი აღნიშნული დანაშაულის მთავარ ორგანიზატორს წარმოადგენდა. საკასაციო საჩივრის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ი. მ-სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელზე - 9 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რაც შემცირდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. კასატორების აზრით, მ. ს-ს უნდა შეეფარდოს ი. მ-ზე, ე. კ-სა და გ. ს-ზე უფრო მკაცრი სასჯელი, რადგან ხსენებული პირები მხოლოდ მ. ს-ის ბრძანებას და დავალებას ასრულებდნენ და ამ უკანასკნელის გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე, სხვა პირებთან შედარებით, უფრო მნიშვნელოვანი იყო.
მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
• სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მ. ს-ის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ზეწოლის ფორმით გადაბირების მცდელობის საქვეყნოდ ცნობილი ფაქტი, როდესაც ი. მ. 2013 წლის 14 დეკემბერს, გვიან ღამით, უკანონოდ გადაიყვანეს იმჟამინდელ მთავარ პროკურორთან - ო. ფ-სთან შესახვედრად. მაღალი თანამდებობის პირებმა ი. მ-ის პატიმრობა გამოიყენეს, როგორც ბერკეტი, რომ მისგან მიეღოთ ჩვენება მ. ს-ის წინააღმდეგ;
• სასამართლოებმა ბუნებრივ მოვლენად მიიჩნიეს საქმეზე დაკითხული მოწმეების საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და სისხლისსამართლებრივი პასუხსიმგებლობისაგან გათავისუფლება განრიდების ფორმით;
• დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდების მხარემ და სასამართლოებმა 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ ,,რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიას მისცეს არასწორი ინტერპრეტაცია, კერძოდ, ვ. გ. სტატიაში მხოლოდ მ. ს-სა და მის ოჯახზე არ საუბრობს, არამედ ის მთლიანად ხელისუფლებას აკრიტიკებს. ვ. გ. აცხადებდა: ,,ისე გამაბრაზა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ მათთან დადებულ გარიგებას ვშლი.“ იგი აკრიტიკებს ხელისუფლებაში მყოფ ყველა პირს და აცხადებს: ,,მე ვამბობ რომ ყველა ცუდია“. შესაბამისად, სტატიის შინაარსიდან გამომდინარე, ვ. გ-ის ცემის სურვილი შესაძლოა, გასჩენოდა ნებისმიერ პირს და არა - მაინცდამაინც პრეზიდენტს;
• დაცვის მხარის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მოწმე ი. ო-მა სასამართლოს მისცა არასანდო და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება;
• დაცვის მხარის პოზიციით, არასარწმუნო და წინააღმდეგობრივია მოწმე ნ. ბ-ის ჩვენება, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ნ. ბ-ის ჩვენებით, ხელისუფლება ვ. გ-ს დევნიდა - იბეჭდებოდა მის წინააღმდეგ შეკვეთილი სტატიები, დააბრალეს სკოლის დაწვა, ბოლოს კი შეუწყვიტეს სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტში, თუმცა დაცვის მხარის განმარტებით, ვ. გ-ის დევნის დამადასტურებელი მტკიცებულება ნ. ბ-ეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ვ. გ-სთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, აღნიშნული განხორციელდა კანონის საფუძველზე - დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელი ბიზნესსაქმიანობის და არა - მისი დევნის გამო;
• ნ. ბ-ის ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველია ის გარემოებაც, რომ მოწმე საქმის შედეგით დაინტერესებულია, ის მ. ს-ის მოწინააღმდეგეა, რაც მან თავადაც დაადასტურა სასამართლოში დაკითხვისას. გარდა ამისა, ნ. ბ-ის ჩვენებით, ვ. გ-ის ცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მან პირადად მოინახულა დაზარალებული საავადმყოფოში, რა დროსაც ვ. გ-მა უთხრა, რომ ეს იყო შურისძიება მ. ს-ის მხრიდან. შემდეგ იგი ესაუბრა მ. ს-ს, რის საფუძველზეც მოწმემ დაასკვნა, რომ ვ. გ-ის ცემა მ. ს-მა მოაწყო, რაც დადასტურებულია მ. ს-ის საპასუხო შეკითხვით: ,,რა, არ იყო ვ. გ. საცემიო?“ იქვე დაამატა ,,ვ. გ. გაილახა მისი საგაზეთო სტატიის გამოო“. მას არც ის უარუყვია, რომ ოპერაციაში სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ. კასატორის აზრით, ეს ყველაფერი შეთხზა და გამოიგონა ნ. ბ-ემ პირადი დაინტერესების გამო, ს-ის დასჯის მიზნით;
• უმძიმესი ბრალდების თავიდან აცილება, საჯარო სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გარანტირებული ყოფნა და მკაცრი სასჯელისგან თავის დაღწევა იყო უდიდესი ცდუნება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც მ. ს-ის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს. შესაბამისად, მათი ჩვენებები სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. არადამაჯერებელია ვ. ზ-ას ჩვენება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა წარმატებული ოპერაციისთვის;
• სასამართლოებმა უკანონოდ გამოიყენეს მ. ს-სა და ი. მ-ს შორის არსებული სატელეფონო ზარები ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად;
• განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დადგენილი სტანდარტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა. ბრალდების მხარემ წარადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ი. ო-ის ჩვენება, რომელიც წინააღმდეგობრივი და არასანდოა;
• კასატორი საპროცესო საკითხებთან ერთად აყენებს მატერიალურ სამართლებრივ საკითხებსაც და მ. ს-ის ქმედების დაკვალიფიცირება, როგორც ორგანიზატორის ქმედება, არასწორად მიაჩნია.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას.
8. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ს. იმ დანაშაულისათვის იქნა მსჯავრდებული, რაზედაც, სხვა პირების - ი. მ-ის, ე. კ-სა და გ. ს-ის - წინააღმდეგ, ასევე, გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მ. ს-ის მიმართ საქმე გამოყოფილი იყო ცალკე წარმოებისთვის.
9. გარდა ზემოაღნიშნულისა, დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების ისეთი საფუძვლის არსებობაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სახელდობრ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
10. ამ თვალსაზრისით, კასატორი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ მ. ს-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი არ არის დამყარებული ისეთ უტყუარ მტკიცებულებებზე, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის მიმართ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას უსაფუძვლობის გამო. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ ზოგიერთ, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მომენტზე. პირველ რიგში, საკასაციო პალატა იმსჯელებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში გამოთქმულ იმ პოზიციის თაობაზე, რომლითაც ის საეჭვოდ მიიჩნევს მოცემულ საქმეზე მოწმეების - ი. ო-სა და ნ. ბ-ის ჩვენებებს. კასატორს მიაჩნია, რომ ორივე მოწმე არის მსჯავრდებულ მ. ს-თან დაპირისპირებული და მის წინააღმდეგ საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, რის გამოც მათი ჩვენებები არასანდოა. მ. ს-თან მათ ამგვარ დაპირისპირებას, რომ ისინი მსჯავრდებულის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან, თვითონ მოწმეებიც არ უარყოფენ თავიანთ ჩვენებებში, ხოლო ასეთ პირობებში ამ ჩვენებების გაზიარება და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებების სახით მათი გამოყენება, კასატორის დასკვნით, დაუშვებელია. გარდა ამისა, კასატორი უთითებს ასევე თითქოსდა მოწმე ი. ო-ის ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობებზე, ხოლო მოწმე ნ. ბ-ის ნაამბობს საერთოდ შეთხზულსა და მოგონილს უწოდებს.
12. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის მიხედვით, მოწმე ი. ო-ის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში (სწორედ ასეთი ჩვენება ითვლება მტკიცებულებად) არავითარი წინააღმდეგობები არ იკვეთება, რასაც უდავოდ ადასტურებს ამ ჩვენების შინაარსი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ამ მოწმეს საქმის გამოძიების სტადიაზე რამდენიმე არასრული ჩვენება აქვს მიცემული სხვადასხვა დროს, საქართველოს მოქმედი საპროცესო კანონის მიხედვით, ასეთი ჩვენებები საქმეზე განაჩენის დადგენისას მტკიცებულებებად არ დაიშვება და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არც ყოფილა გამოყენებული მტკიცებულებად. სრულიად უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოწმე ნ. ბ-ემ თითქოს მის მიერ შეთხზულ, არარსებულ და გამოგონილ ფაქტებზე მიუთითა თავის ჩვენებაში. დაცვის მხარის ასეთ პოზიციას აშკარად აბათილებს აღნიშნული მოწმის ჩვენებაში მითითებული გარემოებების ლოგიკური ურთიერთკავშირი და დასახელებული ფაქტების თანმიმდევრულობა, აგრეთვე ამ გარემოებებისა და ფაქტების თანხვედრა საქმეში მონაწილე სხვა მოწმეების ჩვენებებთან.
13. რაც შეეხება კასატორის მითითებას აღნიშნულ მოწმეთა მიერ მსჯავრდებულის პოლიტიკური პოზიციების მიუღებლობასა და ამ საფუძველზე მათ შორის გარკვეული ურთიერთდაპირისპირების არსებობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ასეთი ფაქტორის არსებობა არ წყვეტს მოწმის ჩვენების სარწმუნოობასა თუ არასანდოობას. საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის მოწმის ჩვენების სარწმუნოობას ამოწმებს არა ცალკე, როგორც ერთი დამოუკიდებელი მტკიცებულების სანდოობის თვალსაზრისით, არამედ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებასთან მისი შეჯერებითა და მათთან ერთობლივად განხილვით. მოწმეების - ი. ო-სა და ნ. ბ-ის ჩვენებები ურთიერთთავსებადია საქმეში მონაწილე სხვა მოწმეების ჩვენებებთან და მათ შორის რაიმე არსებითი წინააღმდეგობა არ იკვეთება. მათ შორისაა იმ მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ დაზარალებულ ვ. გ-ის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ხოლო ამ ჩვენებებში თითქმის დეტალურადაა აღწერილი განხილული შემთხვევის მიმდინარეობა და მისი მექანიზმიც. კასატორი ცდილობს საეჭვო გახადოს ამ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაც იმაზე მითითებით, რომ მათ დიდ უმრავლესობასთან პროკურორმა გამოიყენა განრიდება თავიანთი მდგომარეობის შესამსუბუქებლად და, მისი აზრით, ამ გარემოებით არის განპირობებული მათი აღიარებითი ჩვენებები. საკასაციო პალატა ამ არგუმენტს ვერ ჩათვლის რელევანტურად, რადგან განრიდების გამოყენება, რეალურად ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობის ლეგიტიმური ნების გამოვლინება საყოველთაოდ აღიარებულ საპროცესო-სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელსაც იყენებს ყველა ცივილიზებული ქვეყნის მართლმსაჯულება, სწორედ ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე, განსაკუთრებით კი, მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენისა და ასეთ პირთა დასჯის მიზნით. გარდა ამისა, აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც - აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსის გაცნობით ობიექტური დამკვირვებელი უთუოდ დარწმუნდება შემდეგში: ეს ჩვენებები არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ მათი ავტორები წინასწარი ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, რათა ცრუ ჩვენებები მიეცათ როგორც საკუთარი თავის, ასევე ერთმანეთისა და მსჯავრდებულ მ. ს-ის წინააღმდეგ. იმ გარემოებასაც აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ თითოეული ამ მოწმის ჩვენება ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია, მათში მითითებულია სხვადასხვა (მაგრამ არა ურთიერთგამომრიცხავ) გარემოებაზე, თუმცა ისინი ურთიერთთანხვდენილნი არიან მტკიცების მთავარ საგანთან მიმართებით.
14. საკასაციო პალატის აზრით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ასევე დაცვის მხარის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ჯერ ბრალდების მხარემ, ხოლო შემდეგ სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირეს მსჯავრდებულ მ. ს-ის ქმედება, როგორც თანამონაწილეობა ორგანიზატორის სახით დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილ, დაზარალებულ ვ. გ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლითა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით. კასატორს მიაჩნია, რომ ის ქმედება, რაც სასამართლომ მ. ს-ის მიერ ჩადენილად მიიჩნია, არ აკმაყოფილებს დანაშაულის ორგანიზატორის ფიგურისათვის დამახასიათებელ იმ ნიშნებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით. კასატორის თვალსაზრისით, აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმა დანაშაულის ორგანიზატორის ფუნქციას ასე განსაზღვრავს - ის არის პირი, ვინც მოაწყობს დანაშაულის ჩადენას ან/და ხელმძღვანელობს მის ჩადენას, ასეთი რამ კი, არ იკვეთება სასამართლოს მიერ მ. ს-სთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის ასეთ პოზიციას, ვინაიდან ეს იქნებოდა მითითებული ნორმის მეტისმეტად ვიწრო განმარტება. დანაშაულის მომწყობად მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთი პირიც, რომელიც არის დანაშაულის ინიციატორი, რომელიც, ამასთანავე, შესაბამის განკარგულებებსა და მითითებებს იძლევა საერთო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების - შემსრულებლების მიმართ (აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში მოხსენიებული ასეთი შემსრულებელი პირების, მთავარი ფიგურების - ი. მ-ის, ე. კ-სა და სხვათა მიმართ უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენები დაზარალებულ ვ. გ-სადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით) და აკონტროლებს დანაშაულის ჩადენის პროცესს. არის ისეთი დანაშაულებიც, რომელთა ჩადენას არ სჭირდება წინასწარი ხანგრძლივი მომზადება, დაგეგმვა, ცალკეული მონაწილის კონკრეტული მოქმედების აუცილებელი შეთანხმება ორგანიზატორთან ან ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილზე განსახორციელებელი ქმედებების ხასიათისა და მათი აღსრულების წვრილმანი დეტალების განსაზღვრა. განსაკუთრებით ეს ითქმის ისეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც დანაშაულის ორგანიზატორია უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხოლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე დავალებებსა და მითითებებს გასცემს მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი, უკვე ისედაც კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ძალისმიერი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე არიან გაწვრთნილი, კანონით გათვალისწინებული საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ძალის, სპეცსაშუალებებისა თუ იარაღის გამოყენებით ცალკეული აქციების განხორციელებისთვის. ასეთი პირობების არსებობისას ზემოხსენებული ორგანიზატორის საქმიანობა შეიძლება შემოიფარგლებოდეს სწორედ ისეთი საქმიანობითა და მოქმედებით, რასაც ახორციელებდა მსჯავრდებული მ. ს., გამომდინარე მოცემულ საქმეში არსებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობიდან. მართალია, როგორც დაცვის მხარე აღნიშნავს, მ. ს-ის პირდაპირი კონტაქტი არ იკვეთება შემთხვევის ადგილზე მოქმედ დანაშაულის უშუალო ამსრულებლებთან, მაგრამ სარწმუნოდაა დადგენილი მისი უშუალო, პირდაპირი ურთიერთობა აღნიშნული დანაშაულის ორგანიზებისათვის იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან - ი. მ-თან. ამას ადასტურებს არა მარტო მოწმეთა ჩვენებები, არამედ სხვა ობიექტური მტკიცებულებებიც, კერძოდ, ერთი მხრივ, პრეზიდენტ მ. ს-სა და მინისტრ ვ. მ-ს შორის დანაშაულის ჩადენის წინა საათებში, ასევე მალევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განხორციელებული სატელეფონო ზარები, ხოლო, მეორე მხრივ, პარალელური სატელეფონო ზარები ი. მ-სა და მის ხელქვეით პირს - ე. კ-ს შორის, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ კონტინენტური ევროპის სისხლისსამართლებრივ სისტემებში ე.წ კულისებიდან მოქმედ ორგანიზატორს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მაღალი თანამდებობის მქონე გავლენიან პირს, ამსრულებლის რანგში განიხილავენ. ორგანიზატორის, როგორც დანაშაულის თანამონაწილის, ცალკე სახის კანონიზაცია ქართული სისხლის სამართლის სპეციფიკას წარმოადგენს, მაგრამ ამ უკანასკნელის კანონით განსაზღვრული ფუნქციის ფარგლებში მთლიანად თავსდება მსჯავრდებულ მ. ს-ის მიერ დაზარალებულ ვ. გ-ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებისთვის განხორციელებული მოქმედებები, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ამასთანავე, ეს მოქმედებები მართებულად შეფასდა ასევე, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დამამძიმებელ გარემოებებში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამართლებრივ მოტივაციას, რომლის თანახმადაც, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა მ. ს-ის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში, კერძოდ, მოწმეების - ვ. გ-ის, მ. ც-ს, მ. ლ-ის, ი. ლ-ის, თ. მ-ის, შ. რ-ის, ლ. შ-ის, გ. მ-ას, გ. ც-ის, კ. პ-ის, ვ. გ-ას, ზ. ბ-ის, მ. ც-ის, მ. წ-ას, გ. ჩ-ას, ა. ნ-ას, მ. გ-ას, ლ. გ-ას, ვ. ზ-ას, ი. ო-ის, ნ. ბ-ის, რ. რ-ის, ე. ჭ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2012 წლის 12 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #- დასკვნით, 2005 წლის 17 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის #- დასკვნით, 2005 წლის 22 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის - დასკვნით, 2014 წლის 6 ნოემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #- დასკვნით, 2005 წლის 20 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #- დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #- დასკვნით, 2014 წლის 15 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #- დასკვნით, 2014 წლის 1 ოქტომბრის კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის #- დასკვნით, 2014 წლის 5 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის #- დასკვნით დადასტურებულია მ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
16. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ განაჩენი უკანონოა, რადგან ემყარება მხოლოდ არასანდო, დაინტერესებული და მიკერძოებული მოწმეების ჩვენებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა და თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარეს ამ საკითხზეც ამომწურავი პასუხები გასცა, ასევე მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნია მსჯავრდებულ მ. ს-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
17. გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988).
18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).
19. საკასაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასაბუთებული დასკვნები გამოიტანა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
20. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულ მ. ს-სთვის საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. განსახილველ შემთხვევაში მ. ს-სათვის შეფარდებული სასჯელი სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საქმის არსებითად განსახილველად დაშვების საფუძველი.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-სა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილისა და დავით ნეფარიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი