საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001116388
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №777აპ-19 ქ. თბილისი
დ-ე გ, 777აპ-19 2 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მერაბ ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ვ-ს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა ფანჩულიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. დ-ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. დ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
გაუქმდა გ. დ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.დ-მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. დ-ე მუშაობდა რა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ. დ-მ, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე 2013 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან მოიპოვა თ. ლ-ს, გ. ბ-ს, გ. წ-ა და სხვა პირთა პერსონალური ინფორმაცია. გ. დ-მ ხსენებულ პირთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ლ. გ-ს. აღნიშნული ქმედებით გ. დ-მ დაარღვია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანება, რომლის თანახმადაც მას ეკრძალებოდა შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.
3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ასევე გ. დ-ს მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული გ. დ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ვ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ. დ-ს გამართლებას.
პროკურორი ლაშა ფანჩულიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ასევე გ. დ-ს მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის დამძიმებას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ გ. დ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
8. კასატორები აპელირებენ, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო გ. დ-ს ყოფილი მეუღლის ჩვენება, რომლის მიზანს წარმოადგენდა გ. დ-ს დასჯა პირადი მოტივებიდან გამომდინარე.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლოა ლ. გ-ს მიერ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის მოტივაცია იყო გ. დ-ნ დაძაბული ურთიერთობა, თუმცა ლ. გ-ს მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ჯერ გამოძიების ორგანოს, ხოლო შემდგომ სასამართლოების მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული.
10. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში სამართლებრივი ანალიზის შედეგად, უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 2013 წლის 3 აგვისტოდან 2014 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, გ. დ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული მონაცემთა ბაზიდან მოიპოვა თ. ლ-ს, გ. ბ-ს, გ. წ-ა და სხვა პირთა პერსონალური ინფორმაცია და მიაწოდა ლ. გ-ს, კერძოდ:
11. მოწმე ლ. გ-ს ჩვენებით, ცალსახად არის დადასტურებული რომ გ. დ-ე არის მისი შვილების მამა, შესაბამისად მათ ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, რა დროსაც 2013-2014 წლებში, გ. დ-ე მას უგზავნიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან სხვადასხვა პიროვნებების ფოტოსურათებს, რომელსაც ერთვოდა მათივე პირადი მონაცემები. მისი თხოვნით ან საკუთარი სურვილით ამოწმებდა ამავე ბაზის მეშვეობით მისთვის ან მისი საახლობლოსთვის საინტერესო პიროვნებების პირად მონაცემებს. ასე მაგალითად: მისი მეგობრის ი. რ-ს ინტერესის დასაკმაყოფილებლად გ. დ-მ შსს-ს მონაცემთა ბაზაში მოიძია ლ. ზ-ს მიერ საზღვრის კვეთის ინფორმაცია, მოგვიანებით კი გაუგზავნა მას ლ. ზ-ს, ამავე ბაზიდან ამოღებული ფოტოსურათი. ამავე ი. რ-ს ინტერესის დასაკმაყოფილებლად გ. დ-მ მონაცემთა ბაზიდან მოიპოვა თ. ლ-ს შესახებ ინფორმაცია და გადასცა კიდეც მას. ამასთან საყურადღებოა ის გარემოება, რომ თავდაპირველად, გ. დ-მ მას შეცდომით გადასცა სხვა თ. ლ-ს ფოტოსურათი, რომელიც გვარსახელის დამთხვევის გამო შეეშალა. ამავე ი. რ-ს ინტერესის დასაკმაყოფილებლად გ. დ-მ მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა გ. ბ-ი, გადასცა მას ამ პიროვნების ფოტოსურათი და ინფორმაცია ნასამართლობის შესახებ. გ. დ-მ მონაცემთა ბაზაში მოიძია და გაუგზავნა მას ასევე ა. ჩ-ს შესახებ ინფორმაცია, რომელიც აინტერესებდა მის დეიდაშვილს ა. რ-ს. გ. დ-მ, საკუთარი ინიციატივით გაუგზავნა მას გ. წ-ს ფოტოსურათი, რომელიც იყო დაკავებული და აღმოჩნდა მისი ნაცნობი და სხვა.
12. მოწმე ლ. გ-ს ჩვენება სრულად შეესაბამება მოწმეების - ი. რ-ა და ა. რ-ს ჩვენებებს, კერძოდ: ი. რ-ა ცალსახად დაადასტურა, რომ გ. დ-მ სხვადასხვა დროს გადაამოწმა მისთვის საინტერესო პიროვნებები - ლ. ზ-ე, რომლის შესახებ აინტერესებდა იმყოფებოდა თუ არა იგი ს-ი და თ. ლ-ე, რომელზეც იგი უბრალოდ ეჭვიანობდა და რომლის ფოტოსურათი გაუგზავნა გ. დ-მ ლ. გ-ს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ თავდაპირველად გ. დ-მ მათ სხვა თ. ლ-ს ფოტოსურათი გადაუგზავნა. მოწმე ა. რ-ა დაადასტურა, რომ მისი თხოვნით, გ. დ-მ ლ. გ-ს გადაუგზავნა ა. ჩ-ს შესახებ ინფორმაცია, რომელიც იყო მისი მეგობრის შეყვარებული.
13. ლ. გ-ს ჩვენება გ. დ-ს მიერ მისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან მოპოვებული ინფორმაციის გადაცემის თაობაზე ასევე უტყუარად არის დადასტურებული საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N.... დასკვნითა და ფლეშ-ბარათის დათვალიერების ოქმით, რითაც ცალსახად არის დადასტურებული, რომ ლ. გ-ს ტელეფონსა და კომპიუტერში ნანახი იქნა არაერთი ფაილი, რომელიც განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ ინფორმაციას.
14. საქართველოს შსს ოპერატიული-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წერილებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ სწორედ გ. დ-ს მიერ, მასზე გაპიროვნებული ერთჯერადი პაროლის გენერაციის მოწყობილობით (DIGIPASS) INFO.MIA.GE-ზე გადამოწმებული იქნა სხვადასხვა დროს ის პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია აინტერესებდა ლ. გ-ს ან მის საახლობლოს.
15. საქართველოს შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების წერილით დადასტურებულია და არც თავად გ. დ-ე უარყოფს იმ გარემოებას, რომ არცერთი ზემოხსენებული პირის მიმართ (ვის შესახებ პირადი მიზნით ინფორმაციის მოპოვებას და სხვისთვის გადაცემას ედავება ბრალდება გ. დ-ს), არ დაწყებულა გამოძიება ან/და სისხლისამართლებრივი დევნა. ამასთან, სასამართლოში დაკითხულმა ყველა პოლიციელმა (გარდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებისა), ცალსახად დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს შსს საინფორმაციო ბაზიდან მიღებული ინფორმაციის არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება აკრძალულია, რაც ასევე დადასტურებულია საქართველოს შსს მინისტრის N709 ბრძანებით.
16. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებულ გ. დ-ს გამართლების თაობაზე და მიუთითებს: მოცემულ შემთხვევაში გ. დ-ს ბრალდების მხარე ედავება, რომ მან უნებართვოდ შეაღწია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე, საიდანაც უკანონოდ მოიპოვა თ. ლ-ს, გ. ბ-ს, გ. წ-ა და სხვა პირთა პერსონალური ინფორმაცია. საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, უნებართვო შეღწევაში მოიაზრება უკანონო შეღწევა, აგრეთვე ისეთი შემთხვევა, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გ. დ-ე სამსახურებრივად იყო განპიროვნებული მოწყობილობა „დიჯიპასი“, რომლის საშუალებითაც ხდება წვდომა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალ pol.ge-ზე. ასევე, მოწმეებმა განაცხადეს, რომ პორტალზე შესვლა ხდება სპეციალური კოდის საშუალებით, რომელსაც ფლობდა გ. დ-ე. ამდენად, ვინაიდან გ. დ-ს მიენიჭა სპეციალური კოდის საშუალებით „დიჯიპასით“ სარგებლობის უფლება, მის მიერ პორტალ pol.ge-ზე შესვლა ვერ იქნება მიჩნეული როგორც უნებართვო, უკანონო შეღწევა. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ბაზაში შესვლის შემდეგ, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვებას არასამსახურებრივი მიზნებისათვის, აღნიშნული არ ექცევა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის შემადგენლობაში, ვინაიდან თითოეული პიროვნების პერსონალურ გვერდზე შესვლისას გ. დ-ს არ დაჭირვებია რაიმე დაბრკოლების გადალახვა, სპეციალური პაროლის ან მონაცემის დაფიქსირება, რომლით სარგებლობის უფლებაც მასზე არ იყო გადაცემული. იგი მხოლოდ საძიებო პირის პირადი მონაცემების მითითებით ეცნობოდა ინფორმაციას იმ სისტემაში, სადაც კანონიერი გზით იყო შესული. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას ადგილი ექნება თუ პირი გაცდა თავის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს და შევიდა ისეთ სისტემაში, რომელზე წვდომაც მას არ ჰქონდა და ეკრძალებოდა. გ. დ-ს კი სამსახურებრივად ხელი მიუწვდებოდა კომპიუტერულ სისტემაზე და მასში შესასვლად რაიმე აკრძალვა არ ჰქონია დადგენილი.
17. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. დ-ს საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ვ-ს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა ფანჩულიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე