დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802220003630925
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№20I-20 ქ. თბილისი
ჩ-ი ი., 20I-20 5 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ჩ-ის მიმართ რ-ის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2019 წლის 4 ივლისს რ-ის ფედერაციის ს-ის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ქ. ს-ის პრომიშლენნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება ი. ჩ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ი. ჩ-ს ბრალად ედება რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2019 წლის 9 ივლისს ი. ჩ-ის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.
2019 წლის 16 ივლისს რუსეთის ფედერაციის ქ. ს-ის პრომიშლენნის რაიონული სასამართლოს განჩინებით ი. ჩ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
2019 წლის 21 აგვისტოდან ი. ჩ. იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ი. ჩ-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 4 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ჩ-ი.
2019 წლის 5 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ჩ-ის მიმართ გამოყენებული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2019 წლის 10 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე ი. ჩ-მა უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურით რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციაზე.
2020 წლის 6 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ი. ჩ-ის ექსტრადიციის თაობაზე რ-ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2020 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ჩ-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გახანგრძლივდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 4 ივნისამდე.
ამჟამად ი. ჩ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № -პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 5 თებერვალს რ-ის ფედერაციის ტერიტორიაზე ქ. ს-ში, საცხოვრებელ ბინაში ი. ჩ-მა თავისი სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით დაზარალებული ო. ს. დააგდო ლოგინზე, ორჯერ დაარტყა, რამაც გამოიწვია სხეულის დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, სისხლჩაქცევა ქვედა ტუჩის ლორწოვანში და ტუჩის ზედაპირული ჭრილობები. აგრეთვე, ი. ჩ-მა ო. ს-ას ამოუტრიალა მარცხენა ხელი, რითაც მიაყენა სხეულის დაზიანება მარცხენა მტევნის მე-5 ნების ძვლის ფუძის მოტეხილობის სახით, დაუთრგუნა აქტიურად წინააღმდეგობის გაწევის უნარი და მიაყენა სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანება. აღნიშნულის შემდგომ, ი. ჩ-მა ო. ს-ას სურვილის საწინააღმდეგოდ ამ უკანასკნელთან დაამყარა სქესობრივი კონტაქტი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2019 წლის 6 თებერვალს რ-ის ფედერაციის ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირის - ო. ს-ას ნების საწინააღმდეგოდ ი. ჩ-მა შეაღწია მითითებულ ბინაში, რითაც დაარღვია ო. ს-ას საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ჩ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ის ფედერაციის ს-ის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ქ. ს-ის პრომიშლენნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2019 წლის 4 ივლისის დადგენილებაში ი. ჩ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევა).
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჩ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რ-ის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ჩ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 4 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ი. ჩ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
5. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 24 იანვარს ი. ჩ-ს უარი ეთქვა საქმის არსებით განხილვაზე კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო. შესაბამისად, იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად საქართველოში.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში მითითებული ი. ჩ-ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაშიც, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 1 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, დაცულია ორმაგი დასჯადობის პრინციპის სასჯელთან მიმართებით დადგენილი მოთხოვნები.
7. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ი. ჩ-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.
8. ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], ECtHR, no. 56581/00, § 84; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, ECtHR, no. 9808/02, 25/03/2005, §56; Drozd and Janousek v. France and Spain, ECtHR, 26/06/1992, § 110), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება. ასეთად, Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom (ECtHR, N8139/09, 17/01/2012, § 259) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს:
- in absentia მსჯავრდებას, როდესაც არ არსებობს საქმის ხელახლა არსებითად განხილვის შესაძლებლობა;
- სასამართლო პროცესი, რომელიც შემაჯამებელი ხასიათისაა და განხორციელდა დაცვის უფლებების სრული უგულებელყოფით;
- პატიმრობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის და მის მიერ პატიმრობის კანონიერების განხილვის გარეშე;
- ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე განზრახი და სისტემატური უარი, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში დაპატიმრებული პირის მიმართ.
9. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, ECtHR, no8139/09, 17/01/ 2012, § 261).
10. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, ECtHR, no46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73; K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2013, §58), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, ECtHR, no36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა რ-ის ფედერაციაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე.
11. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2011, § 66). ასევე, ზოგადად ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, ECtHR, 29/04/1997, § 41), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, 19/11/2019, § 79, იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ რ-ში არსებული ზოგადი მდგომარეობა იმდენად სერიოზულია რომ .. პირის გადაცემა თავისთავად წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას“ (იხ. Zarmaev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014).
12. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რ-ის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ გარანტიებსაც, რომლის თანახმად ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად ი. ჩ-ის პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით. აგრეთვე წარმოდგენილია გარანტია, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით რ-ის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების მთელი დროის განმავლობაში ი. ჩ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ი. ჩ. არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას. სისხლის სამართალწარმოების პროცესში მის მიმართ ადგილი არ ექნება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლები). გარდა ამისა, ი. ჩ-ს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული ყველა უფლებით. რ-ის ფედერაციის ტერიტორიაზე ი. ჩ. განთავსებული იქნება 1950 წლის ევროპული კონვენციითა და 2006 წლის ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
13. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს - რფ გენერალური პროკურატურის მიერ, დაკავშირებულია საპროკურორო ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან და მათთვის სავალდებულო ხასიათი აქვს. წარმოდგენილი გარანტიები არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.Klein v. Russia, ECtHR, no24268/08, §55; Chahal v. The United Kingdom, ECtHR, no22414/93, §105), ატარებს კონკრეტულ ხასიათს, პირდაპირ ეხება კასატორის კონვენციური უფლებების დაცვას. გარანტიები მოიცავს სიცოცხლის და წამებისგან დაცვის, ადვოკატის ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლების პატივისცემის (იხ. T.K. and S.R. v. Russia,ECtHR, no28492/15, 49975/15, 19/11/2019, §102, 103; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no8139/09, 17/01/2012, §194) და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
14. ევროპული სასამართლოს თანახმად, „ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ გამორიცხავს მისგან გარანტიების მიღებას (იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 194, 188, 17/01/2012) და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიუთითებს, რომ აღნიშნულ გარანტიებს არანაირი წონა არ შეიძლება მიენიჭოთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აფასებს გაცემული გარანტიების ხარისხს - რამდენად არის მიღებული გარანტიები საკმარისი, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასათანადო მოპყრობის საფრთხე (იხ. Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, § 148, ECHR 2008; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no.8139/09, 17/01/2012, §186; T.K. and S.R. v. Russia, no. 28492/15, 49975/15, 19/11/, 2019, § 99).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014, §113; Gasayev v Spain, ECtHR, no 48514/06, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, ECtHR, no 21022/08; 51946/08, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.
16. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას და არც სასიკეთო მიზანს ყველა სახელმწიფოსთვის, როდესაც დანაშაული უფრო დიდ საერთაშორისო დონეზე გადადის“ (Trabelsi v Belgium, ECtHR, no140/10, 04/09/2014, § 11; Soering v UK, ECtHR, 07/07/1989, §86).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ჩ-ის რ-ის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ის ფედერაციის ს-ის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს ქ. ს-ის პრომიშლენნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2019 წლის 4 ივლისის დადგენილებაში ი. ჩ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რ-ის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევა) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე