საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.05.2020
საქმის ნომერი
2კ-859აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002518527

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №859აპ-19 ქ. თბილისი

გ–ა ლ., 859აპ-19 8 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე პროკურორ თეა გიორგაძისა და მსჯავრდებულების - ლ. გ–ასა და ნ. შ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი თეა გიორგაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ლ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 254-ე მუხლებით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას; ნ. შ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

მსჯავრდებულების - ლ. გ–ასა და ნ. შ–ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ხ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. შ–ას გამართლებას საქართველოსდ სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ლ. გ–თვის - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შეცვლას ჯარიმით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. შ–ას, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, ხოლო ლ. გ–ას, - დაბადებულს 19.. წელს, - პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა; ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი მოტყუებით ადამიანის გადაბირება, შეფარება და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, აგრეთვე - ადამიანის სექსუალური ექსპლუატაცია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით, იძულებით, დაშინებით და მუქარით, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ. გ–ამ 2010 წელს ა. შ–გან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაიქირავა ქ.მ–ში, .. ქუჩა N-ში (იგივე .... ქალაქი .., ბინა N..) მდებარე კორპუსის მეორე სართულზე არსებული ფართი, რის შემდგომაც თავის და ნ. შ–ას მფლობელობაში არსებულ ფართში, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, მოტყუებით, კარგი სამუშაო პირობების დაპირებით, 201.-201. წლებში გადაიბირა, შეიფარა და მიიღო ე. ა–ი, ასევე 201. წლის თებერვლიდან გადაიბირა და მიიღო, ექსპლუატაციას უწევდა მასთან მომუშავე თ. ჯ–ას, რომლებზეც 2018 წლის აპრილამდე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ასევე ემუქრებოდა, ამყოფებდა გაუსაძლის, თანამედროვე მონობასთან გათანაბრებულ პირობებში და უწევდა მათ სექსუალურ ექსპლუატაციას, მთლიანად ისაკუთრებდა კლიენტების მიერ მათთვის გადახდილ თანხებს.

ლ. გ–ა დაზარალებულებს - ე. ა–სა და თ. ჯ–ს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მუდმივად აკისრებდა სხვადასხვა სახის არარეალურ ვალებს, ხოლო შემდგომ თითქოსდა აღნიშნული ვალების დაფარვის მიზნით, აიძულებდა მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ყოფნას და მის სასარგებლოდ იძულებით კლიენტებისათვის სექსუალური მომსახურების გაწევას, შედეგად კი ისაკუთრებდა მიღებულ თანხებს.

ლ. გ–ა მუდმივად აკონტროლებდა აღნიშნული ფართის ტერიტორიას, დაზარალებულების მხრიდან კლიენტებთან მომსახურების ინტენსივობას და უზრუნველყოფდა დაზარალებულთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. ამასთან, დაზარალებულებს უზღუდავდა ოჯახებთან ვიზიტს და თავად ახდენდა საჭიროების შემთხვევაში ფართიდან მათ გაყვანასა და უკან დაბრუნებას.

ლ–ა გ–ამ 2010 წელს ა. შ–გან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაიქირავა ქ. მ–ში, ... ქუჩა N-ში (იგივე ქალაქი .., ბინა N..) მდებარე კორპუსის მეორე სართულზე არსებული ფართი, რის შემდგომაც მის მფლობელობაში არსებულ ზემოაღნიშნულ ფართში განთავსებულ ნომრებს, მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2018 წლის 15 მაისამდე, სისტემატურად გადასცემდა პროსტიტუციისათვის, რაც მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.

ნ. შ–მ 201. წლის .. ოქტომბრის სანოტარო ხელშეკრულების საფუძველზე, ა. შ–გან დაიქირავა ქ. მ–ში, .. N.., კორპუსი .., ბინა ..-ში (იგივე .. ქუჩა N..-ში) მდებარე კორპუსის მეორე სართულზე არსებული ფართი, რომელიც ასევე ნაქირავები ჰქონდა ლ. გ–ას, რის შემდგომაც მისი და ლ. გ–ას მფლობელობაში არსებულ ზემოაღნიშნულ ფართში განთავსებულ ნომრებს, მეტი სარგებლისა და შემოსავლის მიღების მიზნით, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, 2018 წლის 15 მაისამდე ამ უკანასკნელთან ერთად სისტემატურად გადასცემდა პროსტიტუციისათვის, რაც მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენით:

ნ. შ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ. შ–ას პატიმრობაში ყოფნის დროის (2018 წლის 11 ივნისიდან 2019 წლის 12 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ლ. გ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 15 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლითა (2018 წლის 13 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას; ხოლო ნ. შ–ის - უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

დაცვის მხარეები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ: ლ. გ–ას მიმართ სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრას, ხოლო ნ. შ–ას მიმართ - გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. შ–ას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. შ–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (იხ.დაზარალებულების - თ. ჯ–ას, ე. ა–ის ჩვენებები, მოწმეების - ა. დ–ას, ე. ხ–ის, ვ. ხ–ის, ი. ო–ის, ნ. კ–ის, თ. თ–ას, ლ. ფ–ას, გ. ჯ–ას, ზ. ჯ–ას, გ. ბ–ის, გ. ჭ–ას, ა. შ–ის, ვ. შ–ისა და სხვათა ჩვენებები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულებები).

8. მსჯავრდებულების - ნ. შ–სა და ლ. გ–თვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, მხედველობაშია მისაღები სასჯელის შემდეგი მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, ენიჭება თუ არა სასჯელის რომელიმე მიზანს პრიორიტეტი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს სასჯელის მიზნის პრიორიტეტულობა და დანიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული იქნება. ქმედების სიმძიმის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის ბრალეულობა და ის ზიანი, რაც მის ქმედებას მოჰყვა ან უნდა მოჰყოლოდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ნ. შ–სა და ლ. გ–ას მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, მსჯავრდებულთა პირადი და ეკონომიკური პირობები (ნ. შ–ას ჰყავს შვილი, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, ლ. გ–ას ჰყავს შვილები და შვილიშვილები), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გამოკვეთილი ლ. გ–ას აქტიური როლი დანაშაულის ჩადენაში (ლ. გ–ა მართავდა სასტუმროს, იღებდა კლიენტების მიერ გადახდილ თანხებს, აძლევდა მითითებებს მასთან მომუშავე სექსმუშაკებს) და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები.

9. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ მსჯავრდებულ ლ. გ–ას მიმართ ძალიან მკაცრი სასჯელის გამოყენება. სასჯელის ხანგრძლივობა და სახე უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულს და დამნაშავის მახასიათებლებს. პროპორციულობის პრინციპი ირღვევა მხოლოდ ძალიან ხანგრძლივი ან შეუსაბამოდ მკაცრი სახის სასჯელის შეფარდების შემთხვევაში.

10. სასამართლომ შეისწავლა ასევე პროკურორ თეა გიორგაძის საკასაციო საჩივარი, პროკურორი საკასაციო საჩივარში აყენებს იგივე საკითხებს, რაც ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარშიც ჰქონდა გამოთქმული და არ უთითებს რაიმე არსებითი ხასიათის ახალ გარემოებებზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კასატორის მოთხოვნებს ამომწურავი პასუხები გაეცა. სასამართლოს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებსა და მოსაზრებებზე სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR,18/12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, § 29, ECtHR, 18/07/2006).

12.საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ თეა გიორგაძისა და მსჯავრდებულების - ლ. გ–სა და ნ. შ–ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ–ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე