საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002814370
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№930აპ-19 ქ. თბილისი
კ. მ., 930აპ-19 28 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. კ-მ. მ. კ. მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით მ. კ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით, 8 (რვა) თვითა და 29(ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატა დამატებითი სასჯელი - სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. მ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით, 8 (რვა) თვითა და 29 (ოცდაცხრა) დღით თავისუფლების აღკვეთა და 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
მსჯავრდებულ მ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 26 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-მ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში.
მ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
20.. წლის .. ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების - მ. კ-სა და ი. ფ-ს მიმართ. სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი ირაკლი მირცხულავა. სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე, მსჯავრდებულმა მ. კ-მ დაარღვია წესრიგი და იგი სასამართლოს განკარგულებით გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. მ. კ-მ სხდომის დარბაზიდან გასვლისას სასამართლო პროცესის მონაწილის, პროკურორ ირაკლი მირცხულავას მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა.
3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. კ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ: განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მსჯავრდებულ მ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია განაჩენთა ერთობლიობით მ. კ-ს მიმართ სასჯელის შთანთქმის პრინციპით განსაზღვრა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასჯელის შეფარდებისას პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს მ. კ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება - დანაშაულის აღიარება და საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენეს სასჯელთა ნაწილობრივი და არა - სრული შეკრების პრინციპი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ მ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9 საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. კ-ს საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი