საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002936178
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№32აპ-20 ქ. თბილისი
კ. ა., 32აპ-20 22 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. კ-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას სასჯელის შემსუბუქების კუთხით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მას დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და, ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოების გათვალისწინებით (აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითხოვა პატიება, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, არის 67 წლის, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა), მისთვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-მ ჩაიდინა მიწის გაუვარგისება სამეწარმეო და სხვაგვარი საქმიანობისას, რაც გამოიხატა შემდეგში:
ტ-ს რაიონის სოფელ მ-ში მდებარე შპს ,,...“ ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა ა. კ-მ 2018 წლის დეკემბერში ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 1548,54 კვმ ფართობზე 774,27 კუბმეტრი სამშენებლო და ინერტული ნარჩენები დაყარა, რითაც მიწა გააუვარგისა და გარემოს მიაყენა 11614,05 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. კ-მ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების - გ. გ-ს, თ. მ-ს, ი. ს-ს, ა. შ-ს, გ. კ-ს, ფ. მ-სა და ა. კ-ს (აღიარებს ჩადენილ დანასაულს) გამოკითხვის ოქმებით, გარემოსდაცვითი სამსახურიდან მიღებული მასალებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავდ არ გაუხდიათ და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული, ცალსახად დადასტურებულია ა. კ-ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. კ.ს, ყველა იმ შემამსუბუქებელი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომლებიც საქმეში მოიპოვება, სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი