გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 28.07.2020
საქმის ნომერი
2კ-118აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160140019002969448

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№118აპ-20 28 ივლისი, 2020 წელი

ნ. თ., 118აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. ნ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ზ. ა-ს სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმით, მასზე თანდართული ფოტოცხრილითა და საგამოძიებო მოქმედების (ვითარების აღდგენის) ოქმით უტყუარად დასტურდება თ. ნ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა; დაზარალებულმა ზ. ა-მ არ მისცა ჩვენება სასამართლოს, თუმცა გარდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმისა, ბრალდების ყველა სხვა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდავოდ გახადა და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ნ-ს, - დაბადებულს ... - ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

... , დაახლოებით ... საათზე, ... მდებარე ზ. ა-სა და თ. ნ-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, თ. ნ-მ მუშტის შუბლის არეში ერთჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე - ზ. ა-ზე, რომელიც სთხოვდა, არ გასულიყო სახლიდან ნასვამი. თ. ნ-ს ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თ. ნ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით თ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და თ. ნ-სათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში თ. ნ-ს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ზ. ა-ს ჩვენებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

4. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ თ. ნ-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ზ. ა-ს ჩვენებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

5. ქვემდომი ინსტანციის სასამართლოებმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით, ... ვითარების აღდგენის ოქმით, ... ზ. ა-ს სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების ოქმითა და მოწმე გ. ა-ს გამოკითხვის ოქმით უტყუარად დადგენილად მიიჩნიეს შემთხვევის დღეს თ. ნ-ს მხრიდან მისი ოჯახის წევრის - ზ. ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და ეთანხმება.

6. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გამოიწვია თუ არა მეუღლის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოწმე, რომელსაც შეეძლო ნათელი მოეფინა ამ საკითხისთვის, არის თავად დაზარალებული ზ. ა., რომელმაც არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ხოლო სხვა მტკიცებულებები ამ სადავო გარემოების დასადგენად არ გამოდგება.

7. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ზ. ა.მ სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - თ. ნ-ს მამხილებელი ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია, დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლომ დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

8. საკასაციო პალატამ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობდა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის - სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტში (ვითარების აღდგენაში), ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაცნობისა და უფლებების განმარტების შემდეგ უარი განაცხადა, ხელი მოეწერა საპროცესო დოკუმენტებზე, განცხადებით მიმართა გამოძიებას, რომ შეურიგდა მეუღლეს და მის მიმართ პრეტენზია აღარ ჰქონდა და ბოლოს, არ მისცა ჩვენება სასამართლოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. ა-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას) მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის - რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

9. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

10. ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ზ. ა-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა თ. ნ-ს მამხილებელი ჩვენება სასამართლოს, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელმაც თ. ნ-ს მხრიდან მეუღლზე ფიზიკური ძალადობა და დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა არ მიიჩნია საკმარისად ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილის დასადგენად, ურომლისოდაც გამოკვეთილი არ არის თ. ნ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად დასტურდება, რომ თ. ნ-ს ქმედების შედეგად ზ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. საკასაციო პალატას მიაჩნია: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის მიერ განცდილი ტკივილის დადგენა შეუძლებელია თავად დაზარალებულის სასამართლო ჩვენებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები დანაშაულის ამ სავალდებულო ნიშნის ფაქტობრივად (ობიექტურად) დასადასტურებლად, კერძოდ:

12. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 17 აპრილს, პირადი გასინჯვისას, ზ. ა.უჩიოდა შუბლის მიდამოში ტკივილს, სადაც ცენტრალურად და ოდნავ მარცხნივ აღენიშნებოდა ოვალური ფორმის, შესიებული, მკრთალი მოლურჯო-მოწითალო სისხლჩაქცევა, ზომით 4,6X2,7 სმ, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. საექსპერტო კვლევისას, დაზარალებულის გადმოცემით, დაზიანება .... მიაყენა მეუღლემ, რომელმაც გაარტყა სილა სახეში და შუბლში ჩაარტყა მუშტი. ამდენად, ცალსახად დადგენილია, რომ ძალადობიდან მეორე დღესაც კი დაზარალებული უჩიოდა ტკივილს სხეულის დაზიანებულ მიდამოში, რაც უპირობოდ გამორიცხავს იმ დაშვებას, რომ ზ. -ს შესაძლოა, ტკივილი არ განეცადა ფიზიკური ძალადობის დროს.

13. .... ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობისას დაზარალებულმა ზედმიწევნით აღიდგინა, სად და რა ვითარებაში იძალადა მასზე თ. ნ-მ და ცალსახად დაადასტურა, რომ მეუღლის მხრიდან ჯერ გაშლილი ხელის, ხოლო შემდეგ მუშტის დარტყმით განიცადა ტკივილი და მიიღო დაზიანება.

14. ... დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოებში ნათლად ჩანს დაზიანება, რომელიც შესიებული, ე.წ. ,,კოპის“ სახით აღენიშნებოდა შუბლზე ზ. ა-ს თ. ნ-ს ძალადობის შედეგად.

15. საკასაციო პალატას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმისა და დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმის საფუძველზე უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ თ. ნ-ს ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანება ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ გამოიწვევდა ტკივილს და, ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შინაარსობრივი მხარე სადავო არ გამხდარა და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიიჩნევს, რომ ... თ. ნ-ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ზ. ა-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რომლის კვალიფიკაციაზე საკასაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

17. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმოდგენილ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, თ. ნ-ს მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

18. საკასაციო პალატა დასძენს, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

19. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

20. საკასაციო სასამართლო სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, კერძოდ - ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რომელიც მისი გავრცელების მასშტაბის შესაბამისად მომეტებული საფრთხის მატარებელია, მსჯავრდებულის პიროვნებას - ოჯახში ძალადობა აზარალებს არა მარტო დაზარალებულს, არამედ - ნეგატიურად მოქმედებს მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკაზე, რომელიც მათ ოჯახში იზრდება და ხელს უშლის მის ჰარმონიულ გარემოში ნორმალურ განვითარებას, ასევე მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა მთვრალმა, რაც მას უარყოფითად ახასიათებს და დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია, რისი გათვალისწინებითაც, თ. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი თ. ნ-ს მიმართ;

3. თ. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ თ. ნ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვასაძე

მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი

მ.გაბინაშვილი