საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100118002762781
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №140აპ-20 ქ. თბილისი
გ–ი ც., 140აპ-20 21 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ც. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ც. გ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ც. გ–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში - დანიშნული სასჯელების შემსუბუქებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით ც. გ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ც. გ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 აგვისტოდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ თ–ში, ..... მე... მ/რ, მე... რიგი, კორპუს N..-ში მდებარე ბინა N...-ში არსებული სეიფიდან ც. გ–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მამის, თ. გ–ის სახელზე რეგისტრირებულ, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტს №.... და საბრძოლო მასალას.
2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 20:40 საათზე, გ. ფ–ი მეუღლესთან, თ. ბ–სთან ერთად იმყოფებოდა თ–ში, ..... 3, ... მ/რ-ის, ....-ე კორპუსის მე-.. სადარბაზოში, რა დროსაც ც. გ–მა, ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც უკანონოდ ატარებდა, პირადი მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა გ. ფ–ს. თავის მიდამოში მიყენებული ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გ. ფ–ი ადგილზე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ც. გ–მა მოკლა გ. ფ–ი, გასროლის ხმაზე აღნიშნული სადარბაზოს მიმართულებით გაემართა იმავე კორპუსში მცხოვრები ლ. ქ–ი. ც. გ–მა, გ. ფ–ის მკვლელობის დაფარვის მიზნით, დამამძიმებელ გარემოებაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლის განზრახვით ესროლა ლ. ქ–ს და მიაყენა გულმკერდის ცეცხლნასროლი შემავალი, გამჭოლი ჭრილობა, ასევე - მარცხენა მხრისა და ბეჭის სისხლმდენი ჭრილობა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ლ. ქ–ის გადარჩენა მოხერხდა.
გ. ფ–ის განზრახ მკვლელობისა და ლ. ქ–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის დაფარვის მიზნით, ც. გ–მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება თ. ბ–ს, კერძოდ, თმაში მოკიდა ხელი და ძალის გამოყენებით, იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვა ,,ოპელის“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით ...., რომელსაც მართავდა ვ. ვ–ი. აღნიშნულის შემდეგ, ც. გ–მა ვ. ვ–ზე ფსიქიკური ზემოქმედება მოახდინა, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებისა და თ. ბ–ის მიმართ აგრესიული ქმედების გამო, ვ. ვ–ი შეშინდა, იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ც. გ–ის კატეგორიულ მოთხოვნას, ავტომობილი დაეძრა და მის მიერ მითითებული ადგილისაკენ წასულიყო. ც. გ–ის მითითების შესაბამისად, ავტომობილის მძღოლმა ის და თ. ბ–ე მიიყვანა მახათას მთიდან ,,........’’ დასახლებისკენ მიმავალი საავტომობილი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ც. გ–ი გადმოვიდა ავტომობილიდან და მისი მოთხოვნით თ. ბ–მაც დატოვა ავტომობილი. თ. ბ–ე თავისი ნების საწინააღმდეგოდ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ც. გ–მა მისცა წასვლის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც დაზუსტებული საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ც. გ–ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლებას, ხოლო სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ც. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი ც. გ–მა უნდა მოიხადოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - ........... ცენტრში, ..... - ......... ში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 აგვისტოდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არსებობს დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
7. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებითა და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულ ც. გ–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, კანონის მოთხოვნათა სრულიდაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების - თ. ბ–ის, ლ. ქ–ისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ფ–ის ჩვენებებით, მოწმეების - ვ. ვ–ის, ა. ნ–ის, ნ. ე–ის, გ. ნ–ის, გ. მ–ის, დ. ჩ–ის, მ. ნ–ის, შ. ნ–ის, ნ. კ–ის, ს. ჭ–ის, თ. გ–ის ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია ც. გ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
8. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ც. გ–ის მოქმედება, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ლ. ქ–ის მიმართულებით, მიზნად ისახავდა დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერად დაკავშირებული, გ. ფ–ის მკვლელობის თვითმხილველი მოწმის - ლ. ქ–ის სიცოცხლის მოსპობას. თუმცა ც. გ–მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. კერძოდ, სადარბაზოს შესასვლელთან მდგომმა ლ. ქ–მა, დაზიანების მიუხედავად, მოახერხა ქუჩაში გამოსვლა და აფთიაქში შესვლა, სადაც ითხოვა დახმარება და დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.
9. ც. გ–ის მხრიდან ლ. ქ–ის მოკვლის განზრახვას და აგრეთვე მაკვალიფიცირებელ გარემოებას - სხვა დანაშაულის დაფარვის მიზანს ადასტურებს დაზარალებულ ლ. ქ–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც სადარბაზოში შესულმა დაინახა ძირს დაგდებული მამაკაცის გვამი, იმწამიერად მოხდა მისი მიმართულებით გასროლა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ ისროლა ლ. ქ–ის მიმართულებით, ვინაიდან დადგენილია, რომ გ. ფ–ს ესროლა ც. გ–მა, ამ დროს სადარბაზოში იმყოფებოდნენ მხოლოდ თ. ბ–ე და ც. გ–ი. აღსანიშნავია, რომ მეორე გასროლა ხდება პირველი გასროლიდან რამდენიმე წამში, ამასთან, არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და არც ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით არ დასტურდება შემთხვევის დროს სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი. მოწმე ვ. ვ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ ც. გ–ს ეკავა ხელში ცეცხლსასროლი იარაღი სადარბაზოდან გამოსვლისას. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ. ქ–ს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება (გულმკერდის ცეცხლნასროლი შემავალი, გამჭოლი ჭრილობა, მარცხენა მხრისა და ბეჭის სისხლმდენი ჭრილობა, მარცხენა ბეჭის ძვლის კიდის მოტეხილობა, მარცხნივ, მე-2 ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი), დაზიანებათა ლოკალიზაცია და მიმართულება, დაზარალებულის და ც. გ–ის განლაგება (ეს უკანასკნელი დაახლოებით 10 კიბით მაღლაა, ვიდრე სადარბაზოს კარი, სადაც იდგა ლ. ქ–ი), მათ შორის მანძილი და სხვა გარემოებები გამორიცხავს შემთხვევითობას და ადასტურებს ც. გ–ის განზრახვას - გ. ფ–ის მკვლელობის დაფარვის მიზნით მოეკლა ლ. ქ–ი.
10. რაც შეეხება ც. გ–ის მსჯავრდებას სსკ-ის 143-ე მუხლით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ც. გ–მა თ. ბ–ს შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება, კერძოდ, იგი სადარბაზოდან გამოიყვანა თმაში ხელჩავლებული, რა დროსაც მეორე ხელში ეკავა იარაღი. მართალია, თ. ბ–ე მანქანაში ჩაჯდა ძალდატანების გარეშე, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ მას თან არ ჰქონდა ჩანთა და პირადი ნივთები, მათ შორის ფეხსაცმელი დარჩა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ იგი ც. გ–მა გაათრია სადარბაზოდან და წაიყვანა ..... მთაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის ..... მთაზე ყოფნის პერიოდში - მას ც. გ–მა აღუკვეთა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში ც. გ–მა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა იმ მიზნით, რომ თ. ბ–ე იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ერთადერთი თვითმხილველლი მოწმე და იგი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით შეეცადა, დაეფარა გ. ფ–ის მკვლელობისა და ლ. ქ–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. ის, რომ თ. ბ–ს ც. გ–ის ქმედებებით მიადა როგორც ფიზიკური, ისე - მორალური ზიანი, დაზარალებულის ჩვენების გარდა, დადგენილია სამედიცინო და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულ თ. ბ–ისა და მოწმე ვ. ვ–ის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ იარაღიდან გასროლის შემდეგ ც. გ–მა, იარაღით ხელში, თ. ბ–ს ძალის გამოყენებით აღუკვეთა თავისუფლება და მიიყვანა ვ. ვ–ის ავტომანქანასთან. ავტომანქანაში ჩასხდომის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და აგრესიულობით, ც. გ–მა ფსიქიკური ზემოქმედება მოახდინა ვ. ვ–ზე, რამაც იგი აიძულა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, დამორჩილებოდა ც. გ–ის მითითებას, დაეძრა ავტომანქანა და დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი. თავად ბრალდებულის ჩვენებით, მან მძღოლს უთხრა, რომ „მომტყდარიყო“ ადგილიდან. ვ. ვ–მა ისინი მიიყვანა ........... მთაზე, მშენებარე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მართალია, ც. გ–ი პირადად მას სიტყვიერად არ დამუქრებია, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ, ცეცხლსასროლმა იარაღმა და მისი მხრიდან თ. ბ–ის მიმართ განხორციელებულმა აგრესიამ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება და ფსიქიკური იძულების შედეგად, იძულებული გახდა, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, შეესრულებინა ც. გ–ის მოთხოვნა.
12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დარღვეულა.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [G C], no 39630/09, § 151 ECtHR 13.12.2012).
14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ც. გ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედებების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი.
15. კასატორი - მსჯავრდებულ ც. გ–ის ადვოკატი საჩივრით ასევე ითხოვს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არის დადგენილი, რომ დანაშაულის ჩადენისას ც. გ–ი შერაცხადი იყო (ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი). სსკ-ის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლსაწინააღმდეგობა, ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41,ECtHR, 20/03/2009).
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ც. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე