საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.07.2020
საქმის ნომერი
2კ-187აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002801036

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№187აპ-20 ქ. თბილისი

ქ. ვ., 187აპ-20 30 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ქ-ს, - - - ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ბრალდების 5 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ქ. ცნოილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 1500 ლარი.

2018 წლის 2 დეკემბერს, 08.00 საათზე, ქ. თ-ში, --ში, ვ. ქ. ყოფილ შეყვარებულს - შ. ს-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან დაზარალებულმა შ. ს-მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1500 ლარი.

2018 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 18.00 საათზე, ქ. თ-ში, ვ. ქ-მ ყოფილ შეყვარებულს, შ. ს-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: ხელი და მუშტი დაარტყა სახის არეში, შემდეგ დაუჭირა ორივე ხელი და თავი ჩაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც შ. ს. დაეცა ძირს, ხოლო ძირს დაცემულს ტანის, სახისა და ზურგის არეში დაარტყა წიხლი. ამ ქმედებით შ. ს-მა განიცადა ძლიერი ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანებები. ცემის შემდეგ შ. ს-ს და მის დედას, ნ. გ-ს ვ. ქ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც შ. ს-მა და ნ. გ-მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1500 ლარი.

2018 წლის 9 დეკემბერს, 22:55 საათზე, ქ. თ-ში, --ში, ვ. ქ. ყოფილი შეყვარებულის - შ. ს-ს დედას, ნ. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან 2018 წლის 8 დეკემბერს მის შვილს, შ. ს-ს ფიზიკურად გაუსწორდა, ნ. გ-მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 1500 ლარი.

2018 წლის 11 დეკემბერს, 00.35 საათზე, ქ. თ-ში, --ში ვ. ქ. ყოფილ შეყვარებულს, შ. ს-ს და მის დედას - ნ. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან მუქარა რეალურად აღიქვეს შ. ს-მა და ნ. გ-მა, გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შ. ს-ა მიმართა დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის - განყოფილებას.

1.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 151-ე მუხლით, სსკ–ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 1500 ლარი.

2018 წლის 11 დეკემბერს, 06:30 საათზე, ქ. თ-ში, ვ. ქ. ყოფილ შეყვარებულს - შ. ს-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ დაწვავდა. ვ. ქ-ამ მუქარის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათი საცხოვრებელი ბინის კარს მიასხა ნავთობპროდუქტები და ცდილობდა ცეცხლის მოკიდებას. აღნიშნული მუქარა შ. ს-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მან კვლავ განცხადებით მიმართა პოლიციას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ვ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 დეკემბრის, 2018 წლის 8 დეკემბრის, 2018 წლის 11 დეკემბრის პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 დეკემბრის მეორე ეპიზოდი) - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 დეკემბრის მეორე ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ვ. ქ-ას სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით ვ. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

ვ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 2 დეკემბრისა და 2018 წლის 11 დეკემბრის პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 დეკემბრის მეორე ეპიზოდი) - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 11 დეკემბრის მეორე ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 2018 წლის 8 დეკემბრისა და 9 დეკემბრის ეპიზოდებისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ამავე უფრო მკაცრ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი (1 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 5 თვით თავისუფლების აღკვეთა) და დანაშაულთა ერთობლიობით ვ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (1 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 3 თვე) და განაჩენთა ერთობლიობით ვ. ქ-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. ქ-ას სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1500 ლარი. იყო რა ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვ. ქ-ამ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა შემდეგი:

2018 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, თ-ში, -, ვ. ქ-ამ ყოფილ შეყვარებულს, შ. ს-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: ხელი და შემდეგ მუშტი დაარტყა სახის არეში, შემდეგ დაუჭირა ორივე ხელი და თავი ჩაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც შ. ს. დაეცა ძირს, ხოლო ძირს დაცემულს ტანის, სახისა და ზურგის არეში არაერთხელ დაარტყა ფეხი. ამ ქმედებით შ. ს-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანებები. ცემის შემდეგ შ. ს-ს და მის დედას, ნ. გ-ს ვ. ქა. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც შ. ს-მა და ნ. გ-მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 9 დეკემბერს, 22:55 საათზე, - ვ. ქ. შ. ს-ის დედას - ნ. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 06:30 საათზე, - ვ. ქ. შ. ს-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (დაემუქრა, რომ დაწვავდა). ვ. ქ-ამ მუქარის სისრულეში მოყვანის მიზნით, შ. ს-ის საცხოვრებელი ბინის კარს მიასხა ნავთობპროდუქტი და ცდილობდა ცეცხლის წაკიდებას. ვ. ქ-ას მუქარა შ. ს-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც განცხადებით მიმართა პოლიციას.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა 2018 წლის 2 დეკემბერსა და 2018 წლის 11 დეკემბერს (00:35 საათზე) ვ. ქ-ას მიერ შ. ს-სა და ნ. გ-ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტები.

5. კასატორი - პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ვ. ქ-ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების მიხედვით, სრულად. საჩივარში პროკურორი მიუთითებს ასევე, რომ მას უკანონოდ ეთქვა უარი მოწმის დაკითხვაზე.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

9. მოწმე ლ. გ-ის დაკითხვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, საქართველოს სსსკ-ის 118-ე მუხლის შესაბამისად, მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.

10. რაც შეეხება 2018 წლის 2 დეკემბერს და 2018 წლის 11 დეკემბერს (00:35 საათზე) ვ. ქ-ას მიერ შ. ს-სა და ნ. გ-ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას აღნიშნულ ეპიზოდებში მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი