შეიცვალა სასჯელი დამძიმებისაკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002755286
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№52აპ-20 16 ივლისი, 2020წელი
ნ. კ., 52აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას - სასჯელთა სრულად შეკრებას. კასატორის მითითებით, კ. ნ-სთვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას; სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი, დამნაშავის ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც არ მიისწრაფვის, შეურიგდეს დაზარალებულებს და ასევე, უგულებელყო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები - დანაშაულის რეციდივი და ოჯახური დანაშაულის ჩადენა.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით კ. ნ., – დაბადებული 19-- წლის 17 ოქტომბერს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-31, მე-12 და მე-13 ნაწილების საფუძველზე გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 11 სექტემბრის №02/18/შ/პ/ზ-021 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და კ. ნ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა - 400 საათით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ნ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 ნოემბერს, დილის საათებში, ..., თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, კ. ნ-მ მეუღლესთან - ე. თ. და შვილთან - მ. ნ-სთან ერთად ფიზიკურად იძალადა დაზე - ნ. ნ-სა და დისშვილზე - ქ.- ე., რომლებთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ: ნ. ნ-ს თმა მოქაჩა, მარჯვენა ხელის მუშტი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავში და ზურგზე, მუცელში ჩაარტყა ფეხი, რის გამოც ნ. ნ. წაიქცა, ხოლო წაქცეულს სახეზე, ტუჩებთან, ერთხელ გაარტყა ხელი. კ. ნ-ს ქმედებებით ნ. ნ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ხმაურზე ოთახში შემოვიდა ნ. ნ-ს შვილი - ქ. ე., რა დროსაც კ. ნ-მ ნ. ნ-ს ჩაარტყა მუშტი თავში და ფეხი - მუცელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა კვლავ განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ. ნ-მ გასაშველებლად მისულ ნ. ნ-ს შვილს - ქ. ე-ს მოქაჩა თმა, ორივე ხელის მუშტი დაახლოებით ათჯერ ძლიერად ჩაარტყა თავსა და კისრის არეში, ხოლო ცხვირზე, მუცელსა და მარცხენა მუხლზე ორ-ორჯერ დაარტყა ფეხი და მუხლი, რის შედეგადაც ქ. ე-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. კ. ნ-ს, ე. თ. და მ. ნ-ს ძალადობის შედეგად ნ. ნ-მ და ქ. ე-მ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ. ნ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. ნ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. მსჯავრდებულ კ. ნ-სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით შერაცხული ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. საკასაციო პალატამ ინდივიდუალურად შეაფასა მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა, რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 400 საათით - არ შეესაბამება კ. ნ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას. შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ წარმოადგენს მსჯავრდებულზე ზემოქმედების იმ ფორმას, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის დასაბუთების ნაწილში არის ზოგადი და მოტივაციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ კ. ნ-სთვის სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას.
7. საკასაციო პალატამ აუცილებლად მიიჩნია, ინდივიდუალურად შეეფასებინა, ერთი მხრივ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის პიროვნება, რის საფუძველზეც განსაზღვრავს, რომელი სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია: მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ კ. ნ-ს ქმედებაში გამოკვეთილია ორი მაკვალიფიცირებელი გარემოება - ჯგუფურად და ორი პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა და, მიუხედევად იმისა, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ასევე პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი დამამძიმებელი გარემოება - მსჯავრდებულის წარსული ნასამართლობა, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით კ. ნ. ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეეცვალა შინაპატიმრობით. კ. ნ-მ ოჯახური ძალადობა ჩაიდინა სწორედ შინაპატიმრობის მოხდისას. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის შერჩევისას, პიროვნების დახასიათების დროს, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სწორედ მისი კრიმინალური წარსული და მიაჩნია, რომ ნასამართლობისა და მითუფრო, შინაპატიმრობით შეცვლილი თავისუფლების აღკვეთის მოხდისას განზრახი დანაშაულის ჩადენა დიდწილად ამცირებს დამნაშავის მიმართ მომავალში მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილმა ლმობიერებამ ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზანი და წაახალისა კ. ნ., ჩაედინა ახალი განზრახი დანაშაული.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენა სხვა არაფერია, თუ არა დაზარალებულების სამართლიანი დაკმაყოფილება მსჯავრდებულისათვის ადეკვატური, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ. ნ. არ მიისწრაფვის შეურიგდეს დაზარალებულებს, რომელთა პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ სასჯელთან მიმართებით არის მკაცრი. რაც შეეხება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, როგორც პალატამ უკვე აღნიშნა, მსჯავრდებულმა განზრახი ოჯახური დანაშაული ჩაიდინა შინაპატიმრობის მოხდის დროს, რომლითაც შეეცვალა თავისუფლების აღკვეთა და მოცემულ შემთხვევაში ისეთი მსუბუქი სასჯელის გამოყენება, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვერ გამორიცხავს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ნ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
12. საკასაციო პალატას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კ. ნ-ს საბოლოო სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით, 4 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ნ-ს უნდა განესაზღვროს 3 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას საკასაციო სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. კ. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-31, მე-12 და მე-13 ნაწილების საფუძველზე გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს მე-2 ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შინაპატიმრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით, 4 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და კ. ნ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით, 10 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა;
4. კ. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი