დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020142219700100478
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2აგ-20 29 ივნისი, 2020 წელი
ბ. ზ., 2აგ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით ზ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 ნოემბრიდან.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით ზ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის ზომად განესაზღვრა:
საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 143-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 7 წელი და განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ასევე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი, 10 თვე, 14 დღე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 24 წლით, 5 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან – 2011 წლის 6 ივლისიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენი ზ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-სა და სხვათა საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ზ. ბ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისაგან, რაც დამატებული ჰქონდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენს. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) შეფარდებული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ ზ. ბ-ს განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2011 წლის 6 ივლისიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება მის მიმართ დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით, ზ. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) განსაზღვრული და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ ზ. ბ.ს მოსახდელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2011 წლის 6 ივლისიდან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. 2019 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებულმა ზ. ბ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ვინაიდან 2010 წლის 5 მარტის განაჩენმა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით შესული ცვლილებებით ერთმნიშვნელოვნად შეიცვალა ნიშან-თვისებები, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მისი, როგორც მტკიცებულების, დაუშვებლად ცნობის საფუძველია; გარდა ამისა, ზ. ბ. შუამდგომლობით ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობაში ყოფნის, კერძოდ: 2010 წლის 30 ოქტომბრიდან 2011 წლის 6 ივლისამდე და 2009 წლის 20 ნოემბრიდან 2010 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდის სასჯელის ვადაში ჩათვლას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მას პატიმრობაში ყოფნის მითითებული პერიოდები სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი არ აქვს.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
11. კასატორი - მსჯავრდებული ზ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მითითება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენი დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ივლისის განაჩენში შეტანილი ცვლილებები არ წარმოადგენს მითითებული განაჩენის დაუშვებლად ცნობის საფუძველს.
5. რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობაში ყოფნის, კერძოდ: 2010 წლის 30 ოქტომბრიდან 2011 წლის 6 ივლისამდე და 2009 წლის 20 ნოემბრიდან 2010 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდის სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მას პატიმრობაში ყოფნის აღნიშნული ვადები ჩათვლილი აქვს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
6. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი