საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003019356
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№48აპ-20 ქ. თბილისი
ა. ე., 48აპ-20 3 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული
პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ე. ა-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ე. ა., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლების საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ე. ა-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2019 წლის 20 მაისიდან 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ე. ა-ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ე. ა-ს მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალა სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
გაუქმდა მსჯავრდებულ ე. ა.ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გაუქმდა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის N... განჩინებით ე. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 6000 ლარის უზრულველსაყოფად, ჰ. ა-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ......) დადებული ყადაღა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ა-მ ჩაიდინა პროსტიტუციის ხელშეწყობა, ესე იგი პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლიდან 2019 წლის 20 მაისამდე პერიოდში, ქალაქ მ-ში, კ-ს ქუჩაზე გახნილ კაფე–ბარ „...ში“, ე. ა. წინასწარი შეთანხმებით პროსტიტუციისთვის ოთახებს გადასცემდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებიც თითოეული კლიენტის მომსახურების დროს ოთახის დათმობისათვის მას უხდიდნენ 10 ლარს.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე. ა.ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ე. ა-ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი) საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მისთვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის შესაბამისადაც, არ არსებობს მისი დამძიმების სამართლებრივი საფუძველი.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი