საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.08.2020
საქმის ნომერი
2კ-291აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.08.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002569445

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №291აპ-20 ქ. თბილისი

ლ-ე ლ, 291აპ-20 4 აგვისტო , 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ლ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებული ლ. ლ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ლ. ლ-ს გამართლებას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენით ლ. ლ-ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ. ლ-ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 28 ივნისიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა ლ. ლ-მ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბ-ი, პ-ს ქ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ლ. ნ-ს ყელიდან ჩამოჰგლიჯა ოქროს ჯვარი და ოქროს ძეწკვი და ნაძარცვი ნივთით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით, ლ. ლ-მ გადააგდო ნაძარცვი ნივთი, ვინაიდან მას დაედევნა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მყოფი გ. მ-ე, რომელმაც დაზარალებულს დაუბრუნა ნაძარცვი ნივთი. ლ. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ. ნ-ს შესაძლოა მისდგომოდა 825 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ლ-ს გამართლება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები ურთიერთშესაბამისია და ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მათ შორის არ არსებობს რაიმე სახის წინააღმდეგობა. დაზარალებულ ლ. ნ-ა და მოწმეების - ო. გ-ს, გ. მ-ს, ნ. გ-ა და სხვათა ჩვენებებით, ამოცნობისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ტრასოლოგიური, სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. ლ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:

7. დაზარალებულ ლ. ნ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ საცხოვრებელი ბინის მე-2 სართულზე მას უცნობმა მამაკაცმა ყელიდან ჩამოჰგლიჯა ოქროს ყელსაბამი ჯვრით და გაიქცა, იგი დაედევნა დამნაშავეს, ითხოვდა შველას. რამდენიმე წუთში მას გ. მ-მ, რომელიც დაედევნა მძარცველს, დაუბრუნა მისი ნივთები.

8. მოწმე გ. მ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მან გაიგონა ქალის ყვირილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა და ხელს იშვერდა მამაკაცისკენ, რომელიც გარბოდა, იგი დაედევნა ამ მამაკაცს, შესძახა, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ გამტაცებელმა ოქროს ნივთი ძირს დააგდო და თვითონ უკან მოუხედავად გაიქცა. მძარცველი სახეზე არ დაუნახავს, დაგდებული ნივთი აიღო და დაუბრუნა მესაკუთრეს.

9. მოწმე ო. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მან დაინახა უცხო მამაკაცი, რომელიც გარბოდა, მას უკან მიჰყვებოდა ქალი, იგი ითხოვდა შველას და ხელს იშვერდა ამ მამაკაცისკენ, რომელსაც მისთვის ყელსაბამი წაერთმია. ამ მამაკაცმა მას ახლოს ჩაურბინა და პირდაპირ დაინახა მისი სახე. ო. გ-ს მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ო. გ-მ ამოიცნო ლ. ლ-ე, რომელსაც ხელში ეჭირა ყელსაბამი და გარბოდა.

10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ლ. ლ-მ დანაშაულის ვითარება აღადგინა იმ ხერხების დემონსტრირებით, რომლებიც მან გამოიყენა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩასადენად. მან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მოძრაობდა შემთხვევის დღეს. აღნიშნული ემთხვევა იმ ადგილებს, რომლებზეც მიუთითა გ. მ-მ (პირი, რომელიც მისდევდა ლ. ლ-ს). ასევე, ლ. ლ-ს მითითებების საფუძველზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მისი სახლიდან ამოღებულ იქნა ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს. მოწმე ნ. გ-ს ჩვენებით, მან ამოიცნო ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი პირი, როგორც ლ. ლ-ე.

11. საქმის მასალების მიხედვით, ო. გ-ე მოწმის სახით დაიკითხა 2018 წლის 26 ივნისს (ტ.1.ს.ფ.116-118), ხოლო პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა 2018 წლის 28 ივნისს (ტ.1.ს.ფ.200-201).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს მოწმე ო. გ-ს დაკითხვისა და ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა სრული დაცვით.

13. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (მაგალითისთვის იხ. №151აპ-09; 57აპ-15; №269აპ-18), ხოლო სხვა გარემოება, რაც შესაძლოა პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. Georgiadis v. Greece, N21522/93, ECtHR, 29/05/1997, §43).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ლ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე