საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #190100119002987001
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №567აპ-20 ქ. თბილისი
ა–ი ლ. , 567აპ-20 22 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. მ–ისა და ზ. ჯ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ლ. ა–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. ა–ის გამართლებას.
მსჯავრდებულ ლ. ა–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. ა–ის გამართლებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ლ. ა–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 5 აპრილიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით ლ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით ლ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს მოქმედის სკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძვ.რედ), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედ.) და სსკ-ის 59-ე მუხლის ძველი ედაქციის საფუძველზე საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით არასრულწლოვანი ლ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ,,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია). სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 წელი და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 3500 ლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით ლ. ა–ს გაუნახევრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ , „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით ( 2000 წლის 5 მაისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 7 წელი და 3 თვე და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, მასვე გაუნახევრდა ამავე განაჩენით სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 4 წელი და 6 თვე და სასჯელად განესაზღვრა 2 წელი და 3 თვე. დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ა–ს განესაზღვრა 5 წლით, 10 თვითადა 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, 2000 წლის 5 მაისი) დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე გაუნახევრდა ამავე განაჩენით სსკ-ის 179-ე მულის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედაქცია, 2000 წლის 5 მაისი) დანიშნული სასჯელი -9 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკის 59-ე მუხლის შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 5 წელს, 10 თვესა და 15 დღეს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ. ა–ს ძირითად სასჯელად განესაზღვრა 9 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განჩინებით დადგენილი ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 16 ნოემბრიდან. ლ. ა–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულია 2013 წლის 7 ივნისს.
2018 წლის აპრილიდან 2018 წლის 20 ივლისის შუალედში, ქ. .....ში, .......ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ. .........ში, .......ს ქუჩა N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დაუსრულებელ სახლში და ქ. .......ში, მტკვრის ......... სანაპიროზე, საბავშვო რკინიგზის ........თან, მიტოვებულ ვაგონში, სრულწლოვანმა, ..... წლის .. ოქტომბერს დაბადებულმა ლ. ა–მა სასქესო ორგანოს საშუალებით რამდენჯერმე შეაღწია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 2003 წლის 21 მაისს დაბადებულ ნ. ო–ს სხეულში.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრებით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ. ა–ის გამართლებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კასატორები არ უთითებენ არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ.იხ. საქმე №842აპ-19; 758 აპ-16); რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველიგამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრებიდან არ იკვეთება; კასატორები არ მიუთითებენ ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან სქესობრივი დანაშაულები, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, რაც ლოგიკურია მისი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან (№466აპ-16). მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულია და სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
7.საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: არასრულწლოვანი დაზარალებულის - ნ. ო–ისა და მოწმეების - თ. ო–ის, კ. ო–ის, მ. ო–ის, ე. წ–ის, ექსპერტ გ. ტ–ის და სხვათა ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ექსპერტ ს. ბ–ას განმარტებას ქალსა და მამაკაცს შორის ჩვეულებრივი ფორმით სქესობრივი კავშირის შესაძლებლობას საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევის გარეშე, სქესობრივი კავშირის უკანა ტანში დამყარებას ნახეთქების განვითარების გარეშე და განმარტებას, რომ საშოს შესასვლელში მამაკაცის სასქესო ორგანოს მოთავსება ექსპერტების მიერ მიიჩნევა სქესობრივ კავშირად. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა საკმარისობის და უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ. ა–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
8. საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით; დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასაბუთებული დასკვნები გამოიტანა, რასაც სასამართლოც იზიარებს.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. მ–ისა და ზ. ჯ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე