საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119002964680
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №593აპ-20 ქ. თბილისი
გ–ე გ., 593აპ-20 25 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენზე განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - მაია სილაგაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია სილაგაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულების - გ. გ–ისა და რ. ქ–სათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
რ. ქ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 მარტიდან.
გ. გ–ე, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 მარტიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ქ–მ და გ. გ–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინეს და ინახავდნენ ცილინდრული ფორმის კონტეინერში მოთავსებულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება U (ურანის) რადიოაქტიურ იზოტოპებს: U238 (ურან 238-ის პროცენტული შემცველობა 99.7751) და U235 (ურან 235-ის პროცენტული შემცველობაა 0.2223) და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. 2019 წლის 11 მარტს რ. ქ–მ გ. გ–სთან წინასწარი შეთანხმებით ხსენებული ბირთვული მასალა, შემუშავებული გეგმის თანახმად, მიიტანა გ. გ–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - ქ. ......., ..........ის სანაპირო N..-ში. გ. გ–ე და რ. ქ–ე ერთად შეეცადნენ ბირთვული მასალის რეალიზაციას, რა დროსაც ისინი დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. გ–ისა და რ. ქ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარეები დაზუსტებული საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულებს - გ. გ–სა და რ. ქ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულებმა გ. გ–მ და რ. ქ–მ აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ჰყავთ ოჯახი და არიან უმუშევრები.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - მაია სილაგაძის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე