საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100117002112452
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №432აპ-20 ქ. თბილისი
კ–ი ვ., 432აპ-20 16 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ–ის, გ. მ–ისა და მ. ნ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. დ–ი და გ. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ვ. კ–ის გამართლებას.
მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ვ. კ–ის გამართლებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით ვ. კ–ი, - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის განაჩენით ვ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ვ. კ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო დანარჩენი მუხლებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და ვ. კ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 11 ივნისს.
2015 წლის 23 ივნისს ი. ფ–ი (მოკლული გ. ფ–ის ძმა) ......ში, ......ას ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ვ. კ–ს, რომელთანაც გააჩნდა კონფლიქტური ურთიერთობა. ი. ფ–მა ვ. კ–სს ხელთ ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით განზრახ ფეხის არეში მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
ვ. კ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (ვაზნები), რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, .........ში, ........... კვარტალში, მე-.. კორპუსის მიმდებარედ, ვ. კ–მა, ი. ფ–ზე შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გასროლით ჭრილობები მიაყენა გ. ფ–ს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო თვითონ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ვ. კ–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმალური სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არსებობს დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
7. უსაფუძვლოა კასატორების მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით მსჯავრდებულ ვ. კ–ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მიღებულ გადაწყვეტილებაში აგრეთვე დაასაბუთა, თუ რატომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიციები მსჯავრდებულ ვ. კ–ის უდანაშაულობის თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონისმოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ნ–სა და მოწმეების - ა. ნ–ის, ი. შ–ის, ა. კ–ის, ა. შ–ის, ი. დ–ის, ს. ჯ–ის, თ. ქ–ის, თ. ც–ის, თ. ქ–ას, რ. ჭ–ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტითა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური), სამედიცინო, ბალისტიკური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ......ში, ......... გამზირის N..-ში მდებარე ხორცპროდუქტების მაღაზია „...“ და ....ში, .... გამზირის N..-ში მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზია „......“ კომპიუტერული სისტემებიდან გამოთხოვილი და ამოღებული, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით დადასტურებულია ვ. კ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად სხვადასხვა პირთა მიერ 112-ზე შეტყობინებები განხორციელებულია 23:20:13- 23:21:47 დროის მონაკვეთში ( იხ. მაგალითად, ტ.1. ს.ფ. 3-6), ხოლო მაღაზია „.....“ და მაღაზია „.....ის“ ვიდეოკამერების ჩანაწერებზე ვ. ......ის გადაადგილება ასახულია 23:26:41-დან 23:26:51-მდე (23:26:54-ზე ვ. კ–სი ჯდება ავტომანქანაში და ტოვებს ტერიტორიას). სასამართლო ასევე ითვალისწინებს რ. .......ის და თვითმხილველი მოწმეების თ. .......ის და თ. ......ის ჩვენებებსაც.
10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას ამოცნობის ოქმების დასაშვეობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მართალია საქმის მასალების თანახმად, ერთიდაიგივე მოწმეების მიერ ვ. კ–ის ამოცნობა განხორციელდა 2-2-ჯერ, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეყრდნობა თავდაპირველი (და არა განმეორებით) ამოცნობის ოქმებს.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მამხილებელი მოწმეების ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით არ დასტურდება და კასატორიც არ მიუთითებს, თუ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონოდათ თვითმხილველ მოწმეებს ტყუილად ემხილებინათ ვ. კ–ი ასევე მათთვის სრულიად უცნობი გ. ფ–ის მკვლელობაში. სასამართლო ითვალისწინებს რომ მოწმეთა ჩვენებები არის დეტალური, თანმიმდევრული, და თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. მოწმეები დეტალურად ჰყვებიან, თუ რა ვითარებაში აღიქვეს და დაიმახსოვრეს მსროლელის გარეგნობა, ამასთან, გამოძიების ეტაპზე ყველა მათგანმა ამოიცნო ვ. კ–ი ფოტოსურათით და ამოცნობის პროცესში ყოველი მათგანი იყო კატეგორიული. მოწმე ა. ნ–მა დეტალურად აღწერა თავდასხმის, დევნისა და მკვლელობის ფაქტები როგორც ჩვენებებში, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ყველა მოწმე ცალსახად ადასტურებს რომ გარდაცვლილისთვის სტადიონზე ცეცხლნასროლი ჭრილობების მიყენება განხორციელდა ერთიდაიგივე პირის მიერ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების თ. ც–ის და თ. ქ–ის ჩვენებებზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ გ. ფ–ის სხეულიდან 2 ტყვია ამოღებულია იმ ლოკაციიდან რაზეც მიუთითებდნენ თვითმხილველები, ხოლო ექსპერტიზის №..... დასკვნის თანახმად, სპორტულ მოედანზე, კალათბურთის ფარის დაბლა, ასფალტის ზედაპირზე ნანახი და ამოღებული ორი ცალი მოყვითალო ფერის ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი (მასრები) - ობ. № (დალუქული ..... პაკეტში), ობ. №. (დალუქული ..... პაკეტში) და №.. და №.. კორპუსებს შორის საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირზე ნანახი ერთი ცალი მოყვითალო ფერის მეტალის, ცილინდრული ფორმის საგანი ობ. №. (დალუქული ...... პაკეტში) გასროლილია ერთი და იმავე იარაღიდან(ტომი №.; ს.ფ. 174-181). სასამართლო ითვალისწინებს, რომ თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების თანახმად, არ დასტურდება სტადიონზე მსჯავრდებულის გარდა სხვა პირის მიერ გარდაცვლილისთვის ცეცხლნასროლი ჭრილობების მიყენება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ–ის, გ. მ–ისა და მ. ნ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე